შეგახსენებთ, რომ იქ ვაჟთა ტურნირში მხოლოდ იმ წონებში გამოვდიოდით, სადაც ლიცენზია ჯერ კიდევ არ გვაქვს განაღდებული - 66-სა და 100 კილოგრამებში, სადაც, შესაბამისად, ვაჟა მარგველაშვილი-თორნიკე თათარაშვილისა და გურამ თუშიშვილი-ალექსანდრე მსხალაძის დუეტები ჭიდაობდნენ.
ქალთა ტურნირშიც გვყავდა ორი წარმომადგენელი - მარიამ ჯანაშვილი (52) და ესტერ სტამი (70), თუმცა ჯანაშვილი ადგილზე ჩასვლისას შეუძლოდ გახდა და არ უასპარეზია.
ამათგან
სამწუხაროდ, ჩვენებურთა ჭიდაობის დეტალებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან კომუნისტურ ჩინეთში ინტერნეტი ჯერაც დიდი პრობლემაა და მხოლოდ ფინალური ბლოკი გვაჩვენეს, იქამდე კი, როგორც გითხარით, ჩვენები ვერ მივიდნენ. თუმცა წმინდა სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ახალი ამ ტურნირმა ვერაფერი მოგვცა, ვერაფერი გვაჩვენა - ისევ იგივე შეცდომები, ისევ უპერსპექტივო ჭიდაობა, გაუმართლებლად ბევრი გაფრთხილება დაწინაურების შემდეგ, ბოლო წამზე გაშვებული იპონი, ისევ მძაფრი ბრძოლა ყოველი სალიცენზიო ქულისთვის...
ერთი სიტყვით, ნაცნობი სურათი ვიხილეთ, ისიც - უარყოფითი, თორემ სიახლე - არაფერი.
66 კგ
მარგველაშვილი ვერაფრით ახერხებს, შეამციროს დისტანცია საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის ძიუდოისტებთან და ცოტათი ძლიერი მეტოქე მისთვის გადაულახავი ბარიერია... თავიდან შედარებით სუსტებს იოლად გაუსწორდა - საუდის არაბეთის წარმომადგენელი სულაიმან ჰამადი დააიპონა, პორტუგალიელ ანდრე სოარესს კი ვაზარით აჯობა. ამათგან სოარესი სალიცენზიო ზონაში შედის და მთლად აუტსაიდერიც არაა, მაგრამ წონის ლიდერებამდეც ბევრი უკლია. აი, ამათ შემდეგ უფრო ძლიერებს რომ შეხვდა, იმათთან ვერაფერი გააწყო - მეოთხედფინალში მონღოლთა აზიის ორგზის ჩემპიონ ტუმურკულეგ დავაადორჯთან ვაზარიც გაუშვა და სამი გაფრთხილებაც დაკარგა, დამამშვიდებელში კი იტალიელთა მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოსპრიზიორ ელიო ვერდესთან კი (ოღონდ ის ადრე 60-ში გამოდიოდა) ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ შეხვედრის შუაწელში, 17-წამიან მონაკვეთში ჯერ ვაზარი, ხოლო მერე იპონიც გაუშვა!
კიდევ ვიმეორებთ - ჩვენებურთა შეხვედრები არ გვინახავს და ვერც ამ პაექრობას შევაფასებთ დაწვრილებით, თუმცა ჩვენებს დაწინაურების შემდეგ ანგარიშის შენარჩუნება რომ უჭირთ, ტაქტიკურად რომ მოიკოჭლებენ, არახალია. ისიც ნაცნობია, რომ მარგველაშვილს, ზოგადად, უჭირს ძალების გადანაწილება, შეხვედრის დალაგება ისე, რომ დაზოგოს ენერგია, გაიყვანოს დრო - ჯერ კიდევ აკლია საამისო გამოცდილება.
ჩინდაოში მარგველაშვილის გამოსვლის ერთადერთ პლუსად იმას თუ დავასახელებთ, რომ 48 სარეიტინგო ქულა შეიძინა და ახლა 460 გაუხდა, ოღონდ რეიტინგში მხოლოდ 5-6 ადგილით თუ წაიწევს წინ და 30-ეულში შევა. სამაგიეროდ, სალიცენზიო 22-კაციან სიაში კვლავაც დარჩება.
ვეჭვობთ, თათარაშვილი მომდევნო კვირას კორეულ ჯეჯუში წაიყვანონ, ასევე "დიდ პრიზზე", რადგან აქ მეოთხედფინალამდეც ვერ მივიდა, სანუგეშოში მაინც რომ გადასულიყო. არადა, მეორე წრეში გერმანელ რენე შნაიდერს დასრულებამდე 3 წამით (!) ადრე იუკოთი და გაფრთხილებით უგებდა, თუმცა ამ სამიოდე წამში როგორ მოახერხა იპონზე დავარდნა, ვერ გეტყვით... მტკივნეული იყო, მეტოქემ შებოჭა თუ რა მოხდა, ვერც ამას გეტყვით... ჩვენებური ჩინეთს მასპინძელ დაგა ჩინთან გაფრთხილებებით მოგებას გამორჩა, თუმცა საბოლოოდ ოლიმპიურ პერსპექტივაში ბევრი ვერაფერი დაგვანახვა.
100 კგ
აქ ჩვენი მთავარი იმედი თუშიშვილს უკავშირდებოდა - შეძლებდა თუ ვერა თავისი ფორმის დაბრუნებას და სალიცენზიო მარათონში წარმატებით ჩაბმას, თორემ ამ წონაში კონტინენტურ კვოტაშიც ვერ შევდივართ. სამწუხაროდ, იმედები არ გაგვიმართლდა, თუმცა ეს რომ ლოგიკურად იყო მოსალოდნელი, თავშივე გითხარით. ჩვენი დუეტი პირველ წრეში ისვენებდა, მერე თითო შეხვედრა მოიგო და მესამე წრეში დამარცხდა, მერვედფინალში. თუშიშვილმა მასპინძელი ჯუნ ჭანი დააიპონა, მსხალაძემ კი დანიელ ფრედერიკ იორგენსენს ვაზარით მოუგო.
თუშიშვილისთვის გადაულახავი ბარიერი აზერბაიჯანელი ევროპის მედალოსანი ელმარ გასიმოვი აღმოჩნდა, ვისთანაც წმინდად დამარცხდა; მსხალაძისთვის - უკრაინელი არტემ ბლოშენკო, ვაზარით დამარცხდა.
პირველივე ბრძოლა იუკოთი წააგო სტამმა - ბრიტანელ მეგან ფლეტჩერთან. ის და ჯანაშვილი მომდევნო კვირის ბოლოს კორეაშიც გამოვლენ. იქ თავიდან მარგველაშვილის, მსხალაძის და თუშიშვილის გამოსვლაც დაგეგმილი იყო და ვნახოთ, ამ შეჯიბრების შედეგების გათვალისწინებით, შეცვლის თუ არა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე რამეს, თუმცა, სავარაუდოდ, თუშიშვილსა და მარგველაშვილს მაინც წაიყვანს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"