ჯეჯუს გრან-პრი: კორეაში საქართველოს ხუთი წარმომადგენელი გამოვა

AutoSharing Option
ხვალ, 26 ნოემბერს, კორეულ ჯეჯუში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, რპმელშიც საქართველოს ხუთი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას - 3 ვაჟი და 2 ქალი.

კორეაში ვაჟა მარგველაშვილი (66), გურამ თუშიშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე - 100), მარიამ ჯანაშვილი (52) და ესტერ სტამი (70) იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ვაჟთა ნაკრების ხელმძღვანელობა აქცენტს იმ ორ წონაზე აკეთებს, სადაც ოლიმპიადის ლიცენზია ჯერ კიდევ არ გაგვინაღდებია - 66-სა და 100-ზე. აქვე შევნიშნავთ, რომ ვაჟთა ძირითადი ნაკრები ამჟამად ტოკიოშია წასული შეკრებაზე, სადაც 5-6 დეკემბერს ძიგორო კანოს სახელობის
"დიდ მუზარადზე" იჭიდავებს.

ვაჟა მარგველაშვილი (66) პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი პორტუგალიელ სერგეი ოლეინიჩს შეხვდება. მისი დამარცხების შემთხვევაში ჩვენებური მერვედფინალში ვენესუელელ სერხიო მეთიუს, კორეელ იონ ვონ ბიონს და ავსტრალიელ ნათან კატზის სამეულში უმჯობესს დაეჭიდება, ტიტულოვანთაგან კი ამავე ჯგუფშია რუსთა მსოფლიოს ორგზის ფინალისტი, ევროპის ორგზის მესამე პრიზიორი მიხაელ პულიაევი. მას ჩვენებური მეოთხედფინალში თუ შეხვდება.

ხვალვე თავის პირველ სალიცენზიო შეჯიბრებას იჭიდავებს მარიამ ჯანაშვილიც (52) - პირველივე წრეში აზიის პრიზიორ მი-რი კიმს ხვდება. ამავე ჯგუფშია ახალგაზრდებიდან მისთვის კარგად ნაცნობი ბულგარელი, ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონი ბეტინა ტემელკოვა, თუმცა ჯგუფის ფავორიტი მაინც ფრანგი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ანაბელე ეურანია.

27-ში ჩვენგან მხოლოდ ესტერ სტამი (70) იასპარეზებს და პირველივე წრეში იტალიელ ჯულია კანტონის დაეჭიდება, ამათში გამარჯვებულს კი მეორე წრეში პოლონელი კატარზინა კლიში ელოდება.

28-ში, ტურნირის ბოლო დღეს, ჩვენები საოლიმპიადო ქულების მოპოვებას 100 კილოგრამში შეეცდებიან. გურამ თუშიშვილის პირველივე მეტოქე იაპონელი კენსუკე საკამოტოა, მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში კი ხორვატ ზლატკო კუმრიჩისა და ალჟირელ ლეის ბოუაკოუბის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ამავე ჯგუფშია რუსთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ტაგირ ხაიბულაევი.

ალექსანდრე მსხალაძეც პირველივე წრეში იჭიდავებს - ბრიტანელ ფილიპ ავიტალარაზთან. ამათში გამარჯვებულს შემდეგ ეტაპზე მეტოქედ ბრაზილიელ მსოფლიოს ჩემპიონ ლუსიანო კორეასა და სლოვაკ მიროსლავ ჟურს შორის უძლიერესი ეყოლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული