4 დეკემბერს ჩვენგან ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60) იჭიდავებენ.
პაპინაშვილი მესამე ჯგუფში განთესილია და პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი ინდონეზიელი ტონი ირავანისა და ლიბანელი დამიენ ზიადეს პაექრობაში გაირკვევა.
ამ ბარიერის გავლის შემდეგ ჩვენებურს ახალგაზრდა იაპონელ დაი აოკის, ბოტსვანელი გავინ მოგორასა და მონღოლი ჩოქტბაატარ ცენდოჩირის სამეულში უძლიერესი
ერთადერთი, ვისაც მერვედფინალში რუსთა ყაბარდოელის შეჩერება შეუძლია, ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი სოფიან მილუა. ნახევარფინალში ამ ჯგუფის გამარჯვებულის სავარაუდო მეტოქეებად ყაზახთა მსოფლიოს წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი რუსტამ იბრაევი, ჰოლანდიელთა ევროპის ორგზის მესამეპრიზიორი ხეროენ მოორენი და იაპონელი მსოფლიოს პრიზიორი ტორუ შიშიმეც არიან.
ლუხუმ ჩხვიმიანიც მეორე წრეშია დაშვებული, სადაც მექსიკელ ცეზარ რამოსს შეხვდება. შესაძლოა, ამ წყვილის გამარჯვებული მომდევნო წრეში იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოს შეხვდეს. ამავე ჯგუფშია მონღოლთა მსოფლიოს ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავააც.
5 დეკემბერს 73 და 81 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ. 73-ში ჩვენები ბადის სხვადასხვა მხარეს მოხვდნენ. თან თავიდან ორივე ისვენებს. პირველი მეტოქის გამოსავლენად ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც ბერძენი გეორგიოს აზოიდისისა და ესპანელთა ევროპის ჩემპიონ კიოში უემაცუს ორთაბრძოლას დაელოდება, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი კი - ფილიპინელი კაისაი ნაკანოსა და პორტუგალიელი ჟორჟე ფერნანდესის პაექრობას.
შავდათუაშვილთან ჯგუფში ყველაზე ძლიერი კორეელთა მსოფლიოს მესამეპრიზიორი ჩანგრიმ ანია, ტატალაშვილთან კი ისევ უხერხული სტილის სლოვენიელ ევროპის ჩემპიონ როკ დრაკშიჩს თუ გამოვარჩევთ.
81-ში ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ტურნირს რეიტინგის ლიდერად შეხვდა. ამიტომ ტოკიოში პირველ წრეში ისვენებს და თან ასცდა ყველაზე საშიშ მეტოქეს, იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ტაკანორი ნაგასეს. თუმცა იაპონელს მაინც ვერ ასცდა - მასთან შეხვედრის უფლების მოსაპოვებლად ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო და გამოცდილი მასპინძელი კეიტა ნაგაშიმა იჭიდავებენ. ამავე ჯგუფში აღსანიშნავია ახალგაზრდა, მზარდი ფოლანდიელი ფრენ დე უაიტიც.
ნახევარფინალში ჭრიკიშვილის გზა ფრანგთა მსოფლიოს ჩემპიონ ლოიკ პიეტრისთან იკვეთება, ოღონდ ფრანგს პირველი ბრძოლაც ფრიად დაძაბული ელოდება - რუს ივან ვორობიოვსა და კორეელთა მსოფლიოს ორგზის გამარჯვებულს, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ კი ჩუნ ვანს შორის მოგებულთან. თუმცა იმ ჯგუფში უტიტულო იაპონელი იასუჰირო ებიცაა და მოლდოვიდან არაბულ საემიროებში გაქცეული ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლისპრიზიორი სერგიუ ტომაც.
შეგახსენებთ, რომ ჭრიკიშვილი ფინალში გასვლით ინარჩუნებს რეიტინგის ლიდერობას, იქ რომც წააგოს.
პირველ წრეში ამ წონის მეორე ქართველი უშანგი მარგიანიც ისვენებს, ვინც სერბ ევროპის ფინალისტ სრდჯან მრვალჯევიჩსა და მოზამბიკელ მარლონ აცაციოს შორის უძლიერესს შეხვდება.
ლიდერთაგან ჯგუფში კანადელთა მსოფლიოს ფინალისტი, ოლიმპიური პრიზიორი ანტოინ ვალუა-ფოტიე, ბელგიელი ევროპის ჩემპოიონი იოხიმ ბოტიუ და მასპინძელი გოკი მარუაიამაც შედიან.
დანარჩენი წონების წარმომადგენლები კვირას იჭიდავებენ.
თავიდან ვალერი ლიპარტელიანიც (90) ისვენებს, როგორც განთესილი, თუმცა მის წილისყრას გამართლებას ვერ დავარქმევთ, რადგან დიდი შანსია, პირველივე შეხვედრა მასპინძელ იუია იოშიდასთან მოუწიოს - სავარაუდოდ, მანამე მას ალჟირელი აბდერახმან ბენამადის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს. ბედის ირონიით, ამავე ჯგუფშია კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ეშლი გონსალესიც და ესპანელთა ახალგაზრდა ქართველი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის ფინალისტი ნიკოლოზ შერაზადაშვილიც.
100-ში პირველად მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილი მეორე წრიდან ჩაერთვება შეჯიბრებაში შვედ მარტინ პაჩეკთან შეხვედრით, ლაშა გურულის მეტოქე კი იმავე ეტაპზე ფრანგი ევროპის სამგზის ბრინჯაოსმედალოსანი სირილ მარეა.
მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილი თავიდან კი ისვენებს, მაგრამ მისი მეტოქე იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონ დაიკი კამიკავასა და ვენესუელელ პედრო პინედას ბრძოლაში გაირკვევა. ამავე ჯგუფშია უკრაინელთა ახალი ტალანტი, ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი პრიზიორი იაკიმ ხამოც და რუსი სოსლან ბოსტანოვიც. ჩვენებური ამ ჯგუფს თუ დასძლევს, ნახევარფინალში უძლეველ ფრანგ ტედი რინერზე გადის.
ლევან მატიაშვილიც ისვენებს, თან ბელგიელი ბენჟამინ ჰამეგნისა და ეგვიპტელი აჰმედ ვაჰიდის შეხვედრის შედეგს დაელოდება.