მოგეხსენებათ, ტუნისში ჩვენებმა მხოლოდ ამ ორი წონის ფალავნები გაუშვეს, სადაც ოლიმპიური ლიცენზიები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ გაგვინაღდებია. ამათგან თუ ვინმემ გაამართლა იმედები, ისევ თუშიშვილმა, თორემ სხვებისგან მეტს ველოდით.
თუშიშვილი ფინალამდე 4 იპონით მივიდა - ქვეჯგუფში დაამარცხა ამერიკელი აიაქს ტადეჰარა და აზერბაიჯანელი ფირუდინ დადაშოვი დააიპონა, ნახევარფინალში კი იტალიელი
ფინალში ქართველის მეტოქე ქვედა წონიდან ამონაცვლებული ესტონელი გრიგორი მინასკინი იყო, არცთუ ძლიერი სპორტსმენი, მაგრამ ოქროს მედალი მაინც წაგვართვა. არადა, თუშიშვილმა სამი გაფრთხილება მიაღებინა, თუმცა ვაზარით წააგო. სავარაუდოდ, ეს გდებაც ახალგაზრდული სიფიცხით გაუშვა.
სამწუხაროდ, იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა მსხალაძემ, ვისაც ჯერჯერობით ამ წონაში ჩვენგან საუკეთესო რეიტინგი აქვს. მან იტალიელი ლუკა არდიზიო კი ჩამოიცილა გაფრთხილებებით, მაგრამ შემდეგ ჯერ უნგრელ გერგო ფოგასისთან დამარცხდა ვაზარ-იპონით, სანუგეშოში კი ფრანგ ნელ ჰონორე რებუკა არიანოსთანაც წააგო.
ერთი შეხვედრა მოიგო ჯაბა მუმლაძემაც - ფრანგ კლემენტ დელვერტს ვაზარით აუღო და მერე ბეჭებზეც დააგდო, მაგრამ მომდევნო წრეში ზემოხსენებულ დარკოსთან იუკოთი დამარცხდა.
ამ ტურნირმა 66 კილოგრამში ბევრი რამე გაარკვია, თუმცა სახარბიელო სურათი მაინც ვერ დაგვიხატა. მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ფავორიტობა და კონკურენტებთან შედარებით თავისი უპირატესობა - პირადი შეხვედრა მოუგო ბექა შავდათუაშვილს, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა.
დაგვეთანხმებით, ვერაა კარგი ამბავი, წონის ფავორიტი და ოლიმპიადაზე წამსვლელი კაცი ამ სუსტი ტურნირის მოგებასაც რომ ვერ ახერხებს... მართალია, ის მომავალ ჩემპიონთან, ფრანგ კილიან ლე ბლუსთან დამარცხდა მეოთხედფინალში, მაგრამ ამას გამამართლებელ საბაბად მაინც ვერ მივიღებთ. მან ვერც საოლიმპიადო რეიტინგში იხეირა - მართალია, ამ ბრინჯაოთი 40 ქულა მიიღო და საერთაშორისო ჩათვლაში წაემატება, მაგრამ ოლიმპიურ რეიტინგში ვერ მოხვდება მის ხუთ საუკეთესო შედეგში (40 ქულა რამდენიმე ტურნირზე აქვს მიღებული) და იმ სიაში ვერაფერში წაადგება, წინ ვერ წასწევს. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ქულები განულდება ან განახევრდება (მისიც და სხვებისაც), არაა გამორიცხული, წაეხმაროს რეიტინგში.
დღეისათვის სალიცენზიო სიაში ის მაინც დარჩება ბოლო, 22-ე ადგილზე და ჯერ ვერც ვერავინ გამოაგდებს იქიდან - მას კვალში იგივე ფრანგი ლე ბლუ, ორ-ორი ებრაელი და ყაზახი, თითო ბრაზილიელი და ბრიტანელი მიჰყვებიან, ამ ქვეყნებს კი უკვე ჰყავთ იმ 22 კაცში ფალავანი, ანუ მარგველაშვილის მდევრები სალიცენზიო ჩათვლაში უკონკურსოდ რჩებიან (მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე წონაში ქვეყნიდან მხოლოდ ერთი კაცი დაიშვება). თუმცა არაა გამორიცხული, წინ მდგომთაგან ვინმეს მომავალ თვეებში ქულები დააკლდეს და ამან გადაუსწროს.
ტუნისში მარგველაშვილმა თავის პირველ შეხვედრაში - მეორე წრეში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი როდრიგე კუკუ დააიპონა (თუმცა ის რატომღაც საერთაშორისო ფედერაციის სახელით ჭიდაობდა), ვისაც სულაიმან ჰამადიც ზედ მიაყოლა საუდის არაბეთიდან და აი, სწორედ ამას მოჰყვა წაგება ლე ბლუსთან ასევე იპონით.
დამამშვიდებელში შედგა ჩვენთვის კონკურენციის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო ორთაბრძოლა - მარგველაშვილი შავდათუაშვილს შეხვდა და მასაც წმინდად მოუგო, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი აზერბაიჯანელი ტელმან ვალიევი დააიპონა. სავარაუდოდ, ამ მედლით მან მომავალ უქმეებზე ჰავანაში, "დიდ პრიზზე" ჭიდაობაც დაიბევა.
შავდათუაშვილმა ქვეჯგუფში ორი პაექრობა მოიგო - ლიბიელ აჰმედ იოსეფ ელკავისანს გაფრთხილებებით აჯობა, კოსოვოელ აკილ გჯაკოვას - ვაზარით. მარგველაშვილის მსგავსად, ისიც მეოთხედფინალში დამარცხდა - სლოვენიელთა მომავალ მესამეპრიზიორ ადრიან გომბოცთან გაფრთხილებებით წააგო და საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა.
სამწუხაროდ, ვერაფრით გამოიჩინა თავი ამ წონაში ჩვენმა მესამე მონაწილემ, საქართველოს ჩემპიონმა თორნიკე თათარაშვილმა - პირველივე პაექრობა იუკოთი დათმო პორტუგალიელ დიოგო ცეზართან და გავარდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"