დიუსელდორფის გრან-პრი: ქართველები ორი ლიდერის გარეშე

AutoSharing Option
ფოტოზე: ნუგზარ ტატალაშვილი
დღეს, 19 თებერვალს, დიუსელდორფში "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები 11-კაციანი, თუმცა არასრული და გადახალისებული გუნდით იასპარეზებს: 90 კილოგრამში საერთოდ არ გვეყოლება მონაწილე; არ იჭიდავებს ორი ლიდერი: ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90), რომლებსაც მწვრთნელები ამ ეტაპზე ასვენებენ. ჩვენგან არავინ ჭიდაობს ქალთა ტურნირში.

დღეს იჭიდავებენ 60-66 წონების ფალავნები, ხვალ - 73-81-ისა, დანარჩენები კი კვირას გავლენ საასპარეზოდ.

60 კგ
ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი ამერიკელი აარონ კუნიჰიროსა და სლოვენიელი
მატიას ტრბოვცის პაექრობაში გაირკვევა.

მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში ჩვენებურის მეტოქე იტალიელი მარია კარმინე დი ლორეტოს, მადაგასკარელი ჟანეირო ჩან ლინის, ესპანელი ხოაკინ გომისისა და ყირგიზი ოთარ ბესტაევის ოთხეულიდან ერთ-ერთი იქნება. აი, მეოთხედფინალში ბადის მეორე მხრიდან ჩვენებურისთვის უხერხული მეტოქე, ყაზახთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რუსტამ იბრაევი მოდის. ამ ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში იმ ჯგუფზე გადის, რომელშიც კორეელთა მსოფლიოს ორგზის მესამეპრიზიორი ვონ-ჯინ კიმი გამოდის.

ლუხუმ ჩხვიმიანი ჯგუფში აზერბაიჯანელთა მსოფლიოს მედალოსან ორხან საფაროვთან მოხვდა, თუმცა მას მერვედფინალამდე არ ხვდება, იქამდე მისასვლელად კი ჯერ ახალგაზრდებში ესპანელთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ფრანსისკო გარიგოსი უნდა დაამარცხოს, მერე კი - ფრანგი სედრიკ რევოლსაც.

საფაროვს ჩვენებურამდე ჰოლანდიელთა ევროპის ორგზის მესამეპრიზიორი ჟეროენ მოორენიც ჰყავს დასამარცხებელი.

66 კგ
ვაჟა მარგველაშვილისთვის ამ შეჯიბრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - სალიცენზიო ზონაში კი შედის, მაგრამ პოზიციები ჯერ კიდევ გასამყარებელია. არადა, არ გაუმართლა - კორეელთა მსოფლიოს ჩემპიონ ბაულ ანთან მოხვდა A ჯგუფში. ამ რანგის ტურნირზე სუსტი მეტოქე არ არსებობს, თუმცა B ჯგუფი, ფაქტობრივად, ულიდეროდაა და იქ გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა.

ახლა ერთადერთი შეღავათი ისაა, რომ ჩინებულ ფორმაში მყოფ ანს მეოთხედფინალამდე არ ხვდება, ანუ სანუგეშოში გადასვლის შანსი აქვს. თუმცა ჯერ თავისი წილი ბადე უნდა გაიაროს წარმატებით, საამისოდ კი ჯერ იტალიელი ფაბიო ბასილე, მერე მონღოლი ალტანსუკ დოვდონი, ამათ შემდეგ კი გერმანელი სტეფან ჰოფმანის, ფრანგი კილიან ლე ბლუშისა და უნგრელი ბენცე ზამბორის სამეულში უმჯობესიც უნდა დაამარცხოს.

ლე ბლუში პარიზის წლევანდელი ტურნირის მესამეპრიზიორია, მანამდე კი ტუნისში, "აფრიკის ღია თასზე" მოუგო ჩვენებურს. ამდენად, მარგველაშვილს მასთან რევანში აქვს ასაღები.

ბექა შავდათუაშვილი მესამე ჯგუფშია რუსთა მსოფლიოს ორგზის ფინალისტ მიხაილ პულიაევთან, თუმცა მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება.

ქართველი ფალავანი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი მონღოლ ბაცუური ადიიასა და ბრაზილიელთა ოლიმპიურ პრიზიორ ჩარლეს ჩიბანას შორის მოგებულს შეხვდება.

73 კგ
ამ წონის რამდენიმე ლიდერმა გერმანიაში გამოსვლა იუარა, რის გამოც რეიტინგში ერთმანეთს დაშორებული ჩვენი ლიდერები ერთ ჯგუფში მოხვდნენ და მათი გზები მეოთხედფინალში იკვეთება.

პირველ წრეში ორივე ისვენებს, მერე კი ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი დანიელ ანდერს ჰვიდკარსა და შვედ ტომი მაკიასს შორის მოგებულს დაეჭიდება.

ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე პირენეულ ჯახში გამოვლინდება - ესპანელი ხავიერ რამირესი პორტუგალიელ ანდრე ალვეშს ხვდება.

81 კგ
აქ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ლიდერთა არყოფნაში (უშანგი მარგიანი ფეხის ტრავმას იშუშებს) შანსი სოფიას ტურნირის მომგებ გიორგი პაპუნაშვილს მისცა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მას წილისწყრამ დიდად გაუმართლა - პირველივე წრეში რუსთა ორგზის ევროპის ჩემპიონ სირაზუდინ მაგომედოვს ხვდება.

ამავე ჯგუფშია ბერძენთა ქართველი რომან მასტოპულოსიც.

100 კგ
ესაა ერთადერთი წონა, სადაც ლიცენზია ჯერ კიდევ არ გვაქვს მოპოვებული, უზნაძე კი ამ რთული ამოცანის გადაჭრას 90-დან ამოყვანილი ბექა ღვინიაშვილით და ლაშა ტაველურით აპირებს.

დიდად არც ღვინიაშვილს გაუმართლა - პირველივე წრეში სუსტ ურუგვაელ პაბლო აპრაჰამიანს კი ხვდება, მაგრამ მასთან მოგების შემთხვევაში ჯერ მონღოლთა ოლიმპიური ჩემპიონი ნაიდან ტუვშინბაიარი ელოდება, მომდევნო წრეში, შესაძლოა იმ პორტუგალიელ დანიელ ფონსეკას შეხვდეს, ვინც ორი წლის წინ "საგარეჯო" ევროპის საკლუბო პირველობის პირველ ლიგაში ჩაგვიტოვა; მეოთხედფინალში კი ევროპის პირველობის ფინალისტი ელმარ გასიმოვი ელოდება.

ტაველური თავიდან ისვენებს, მერე კი სომეხ მიხაილ მინჩინს დაეჭიდება. თუ მოუგებს, შესაძლოა, მერე გერმანელთა ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი დმიტრი პეტერსი გადაეყაროს.

+100 კგ
ზუსტად იმავე მიზეზით, რაც ზევით 73-ზე ვთქვით, აქაც ჩვენები ერთ ჯგუფში მოხვდნენ და ისინი თავიდან აქაც ისვენებენ. ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი ავსტრიელი დანიელ ალერსტოფერისა და გერმანელი ანტონ კრივიჩკის შეხვედრის შედეგს დაელოდება, ლევან მატიაშვილი - ბერძენი კონსტანტინოს ლეროუნისისა და ეკვადორელი ფრედი ფიგუეროასას.

ამ ჯგუფის ფავორიტი ოქრუაშვილია, რომლის გზაც თანაგუნდელთან მეოთხედფინალამდე არ იკვეთება. იქამდე ორივეს თითო ანგარიშგასაწევი მეტოქე ჰყავს: ოქრუაშვილს - ეგვიპტელი მსოფლიოს პრიზიორი ისლამ ელ შეჰაბი, მატიაშვილს - ლიტველი ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი მარიუს პასკევიჩუსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული