დიუსელდორფის გრან-პრი: სინათლე მწირ მონაგარში [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა საბოლოოდ გაინაღდა მეექვსე ლიცენზია - ვაჟა მარგველაშვილი (66) დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" მესამეზე გავიდა, რაც სალიცენზიო რეიტინგში კიდევ რამდენიმე საფეხურით დააწინაურებს.

მარგველაშვილის გარდა, გერმანიაში ნათელ წერტილად ლაშა შავდათუაშვილიც (73) გამოჩნდა, ოღონდ არა იმიტომ, რომ ჩვენი გუნდის მეორე მედალოსანი ის გახდა (მანაც ბრინჯაო მოიპოვა), არამედ სწორედ ჭიდაობის ხარისხის გამო - დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი იბრუნებს ოპტიმალურ წონას.

ამათ გარდა, აუცილებლად აღსანიშნავია გიორგი პაპუნაშვილის (81) კარგი გამოსვლა
- მან დაამტკიცა, რომ ამ წონაში მასზე ღირს აქცენტის გაკეთება...

თითქოს ურიგოდ არ დაიწყეს ჭიდაობა ამირან პაპინაშვილმა (60) და ბექა შავდათუაშვილმა (66), მაგრამ უმედლოდ დარჩნენ.

სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების გერმანულ გამოსვლაზე სხვა დადებითს ვერ ვიტყვით და არც ორი ბრინჯაო მიგვაჩნია თუნდაც ამ გუნდის მაქსიმუმად, რომელსაც აკლდა ორი გამოკვეთილი ლიდერი - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90).

კვლავაც კატასტროფული სურათია მძიმე წონაში, სადაც ასე თუ გაგრძელდა "უძრაობის ხანა", სერიოზული საკადრო პრობლემა გველოდება; ისევ გამოჩნდა, რომ ბექა ღვინიაშვილის 100-ში გამოყვანა არ ღირს და არც სხვა რამე გამოჩნდა დამაიმედებელი ამ წონაში - ეს ხარვეზები მოწინავე გუნდისთვის დასაშვებზე მეტია.

მარგველაშვილის ზედიზედ მესამე
ტურნირის პირველი ორი დღე, პარასკევი და შაბათი, ჩვენთვის წყლის წვეთებივით ჰგავდა ერთმანეთს - ორივე დღეს 2-2 წონაში გამოვდიოდით და ოთხივეში გავედით ნახევარფინალში, საბოლოოდ კი თითო ბრინჯაო და თითო მეხუთე ადგილი მოვინადავლეთ.

კიდევ ერთხელ სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა მარგველაშვილმა, რადგან ტურნირიდან ტურნირამდე უმატებს. მან მართლაც ლამაზად იჭიდავა, როცა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში 13 წამში ამოსმულით დააიპონა იაპონელი კენგო ტაკაიჩი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ძირითად ბადეში ჩვენებურმა იპონით იმ ფრანგ კილიან ლე ბლუშსაც აუღო რევანში, ვისთანაც ტუნისში წააგო. დამამშვიდებელში წმინდად აჯობა ბრიტანელ ევროპის პრიზიორ კოლინ ოუტსს, სულ თავიდან კი გაფრთხილებებით ჩამოიცილა იტალიელი ფაბიო ბასილესი (ოღონდ ძალიან მყარად აკონტროლებდა შეხვედრის მიმდინარეობას), საკმაოდ გამოცდილ მონღოლ ალტანსუკ დოვდონს კი ვაზარით აჯობა.

ჩვენებურმა ერთადერთი შეხვედრა კორეელთა მსოფლიოს ჩემპიონთან, ამ ტურნირის მომავალ გამარჯვებულ ბაულ ანთან დათმო, რომელიც სადღეისოდ მართლაც სხვა სიმაღლეა და არა მხოლოდ მარგველაშვილისთვის - მან უპრობლემოდ მოიგო ტურნირი.

ამ დღეს ბრინჯაოს მოპოვება პაპინაშვილსაც შეეძლო, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა 50 წამში წააგო რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონ ბესლან მუდრანოვთან - ილეთს ცდილობდა, მაგრამ ვარდნისას რუსთა ყაბარდოელმა კარგად დაუჭირა ხელი და მტკივნეულით მოუგო. კარიერაში - უკვე მეექვსედ.

პარასკევს ბექა შავდათუაშვილმა (66) ბრაზილიელი ჩარლეს ჩიბანა ვაზარით დაამარცხა, რაც მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა - მომდევნო პაექრობა ებრაელთა მომავალ ფინალისტ გოლან პოლაცკისთან დათმო.

60 კილოგრამში პირველივე წრეში დამარცხდა ლუხუმ ჩხვიმიანი - ახალგაზრდებში ესპანელთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ფრანსისკო გარიგოსთან მწვრთნელი ირაკლი უზნაძე გაფრთხილებებზე ჭიდაობას ავალებდა, მაგრამ მეტოქემდე თვითონ მიიღო ორი გაფრთხილება. ამას ის დაემატა, რომ დასრულების შემდეგ ხელიც არ ჩამოართვა.

ისევ ის შავდათუაშვილი
ალბათ, ოლიმპიური ჩემპიონისთვის ეს ტურნირი ერთ-ერთი საუკეთესო იყო 73 კილოგრამში. უკვე ყველაფრით ეტყობა, რომ მან დაასრულა ადაპტაცია წონასთან, გამართულად და სწორადაც ჭიდაობდა, ჯანიც ჰყოფნის და აღარც იღლება.

ისიც აშკარად ჩანდა, რომ მისთვის ავბედითად ქცეულ აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან შესახვედრადაც საგანგებოდ იყო მომზადებული და გეგმას ასრულებდა კიდეც: თავიდანვე უტევდა, არ ასვენებდა და ილეთის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ საბოლოოდ გადმოიღო კიდეც. ვგონებთ, ეს ტექნიკურად ახალი ფანდი იყო მის არსენალში, რომელიც ვაზარის ჰგავდა, თუმცა იუკო მისცეს.

სამწუხაროდ, აქ ორუჯოვმა ისევ იფეთქა, ლაშაც გაჰყვა ილეთზე, შეეკრა და კონტრშეტევაზეც მოჰყვა... ალბათ, აჯობებდა, იმ ეპიზოდში ჩვენებურს ჩაშლაზე ეჭიდავა და შეტევაში არ აჰყოლოდა, დისტანციაზე დადგომოდა ან სულაც გაფრთხილება მიეღო (მეტოქეს უკვე ჰქონდა გაფრთხილება), ტაქტიკურად უნდა ეჭიდავა, მაგრამ ეტყობა აზარტში შესულმა თავი ვერ მოთოკა...

თუმცა ახლა ყველაზე ცხადად გამოჩნდა, რომ მას შეუძლია ორუჯოვის დამარცხება, ოღონდ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ტანმაღალი მეტოქის ერთი თვისება - უცებ შეუძლია აფეთქება. აქაც და შარშან თბილისის ტურნირზეც, როგორც კი დასჭირდა, შეტევის ქარიშხალი დაატეხა თავს - შავდათუაშვილმა ამაზეც უნდა იმუშაოს.

ლაშამ თავიდან ესპანელი ხავიერ რამირესი და ბრაზილიელი მარსელო კონტინი დააიპონა, მერე კი იყო სკანდალური პაექრობა იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან.

ქართველმა გაფრთხილებებით მოიგო, თუმცა მთელი შეხვედრა დომინირებდა, წამითაც არ გაქცევია სადავე ხელიდან და მისი მოგება დროის ამბავი იყო. მოიგო კიდეც, მაგრამ ბოლო წამებზე წასაგებად განწირული იტალიელი აუხირდა, თითზე მიკბინეო. ლაშა პირიქით უმტკიცებდა, შენ მეუხეშე და პირში მჩრიდი ხელსო. გადახვევებზეც კი არ ჩანდა, რომ ჩვენებურმა უკბინა, თუმცა ყველაზე მთავარი ოლიმპიური ჩემპიონის ქცევა იყო - ცოტა ნერვებმა კი უმტყუნა, როცა შეხვედრის დროსვე დაუწყო შეპასუხება, მაგრამ დასრულების შემდეგ კიდეც მივიდა, ხელიც ჩამოართვა და მაშინაც უხსნიდა, რომ უხეშობა პირიქით იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში შავდათუაშვილმა პირწმინდად დაჩაგრა სლოვენიელი ევროპის ჩემპიონი, ყველასთვის უხერხული სტილის როკ დრაქშიჩი - ჯერ გვერდზე ვარდნაში გადააგორა იუკოზე, მერე კი პირდაპირ საიპონედ ამოუსვა.

პაპუნაშვილმა სოფიას ტურნირზე გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და სერიოზული განაცხადი გააკეთა ნაკრების მეორე ნომრობაზე. თავიდან მან რუსთა ევროპის ორგზის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი დააიპონა, რუმინელ კრისტიან ბოდირლაუსთან თავისი უპირატესობა ვაზარიში გარდასახა, პოლონელი ლუკაშ ბლაში კი ვარდნაში იუკოზე გადაიყოლა და გაფრთხილებებიც მიაღებინა.

ბერძენთა ქართველ რომან მასტოპულოსთან (რევაზიშვილი) გაფრთხილებებით ჩამორჩენის შემდეგ შეტევა გააძლიერა და ერთ-ერთი ჩაშლილი შეტევის შემდეგ ბოჭავდა, მაგრამ ვაზარს გამორჩა, თუმცა მალევე ჩახტომითი კისრულით პირდაპირ იპონზე დასცა. ვფიქრობთ, ის უფრო გამოუცდელობით დარჩა უმედლოდ...

ნახევარფინალში ბელგიელ ევროპის ჩემპიონ იოახიმ ბოტიესთან წააგო, ვინც ზედიზედ მეორედ მოიგო ეს შეჯიბრება.

ბრინჯაოსთვის ჩვენებურს ისევ იმ მასპინძელ დომენიკ რასელთან მოუხდა ჭიდაობა, ვისაც სოფიაში ფინალში აჯობა. ეტყობა, რესელმა სწორი დასკვნები გააკეთა - პაპუნაშვილმა თავიდან მოგვერდით კი გაისროლა ვაზარზე, მაგრამ გერმანელმა მომდევნო მცდელობები დაუხურა და ორი ვაზარი აართვა.

სამწუხაროდ, ევროპის ორგზის ფინალისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა (73) ამჯერად ვერაფრით გაგვახარა - პირველივე ორთაბრძოლა დათმო შვედ ტომი მაკიასთან.

დიუსელდორფის გრან-პრი. კვარცხლბეკი
60 კგ
1. ვონ ჯინ კიმი (კორეა), 2. იელდოშ სმეტოვი (ყაზახეთი), 3. ბესლან მუდრანოვი (რუსეთი), ბეკირ ოზლუ (თურქეთი), 5. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ
1. ბაულ ანი (კორეა), 2. გოლან პოლაცკი (ისრაელი), 3. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო), მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

73 კგ
1. შოჰეი ონო (იაპონია), 2. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი), 3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), ჩანგრიმ ანი (კორეა)

81 კგ
1. იოახიმ ბიოტიე (ბელგია), 2. სვენ მარეში (გერმანია), 3. დომინიკ რესელი (გერმანია), ივაილო ივანოვი (ბულგარეთი), 5. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)

90 კგ
1. მარკუს ნიმანი (შვედეთი), 2. კრისტიან ტოტი (უნგრეთი), 3. ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (მონღოლეთი), ჯაე იუნ კიმი (კორეა)

100 კგ
1. დმიტრი პეტერსი (გერმანია), 2. ხოსე არმენტეროსი (კუბა), 3. ადლან ბისულთანოვი (რუსეთი), ჯავად მაჰჯოუბი (ირანი)

+100 კგ
1. იაკიმ ხამო (უკრაინა), 2. ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე), 3. სუნგ-მინ კიმი (კორეა), ბარნა ბორი (უნგრეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვარში "სურენა" ურევია - ლხაგვა- სურენი(!) და თუ წარმატებები ექნა - "გასომხების" რისკის ქვეშაა - ჩვენიანიაო დაიწყებენ მეზობლები. :)))
90 -ში მონღოლს სომხები არ "იჩემებენ"? :)))
12:06 22-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული