ალექსანდრე მსხალაძემ პრაღაში ძიუდოს დაუწერელი კანონი დაარღვია

AutoSharing Option
ქართველ ძიუდოისტთა კვარტეტი წარუმატებლად გამოვიდა პრაღაში 28 თებერვალს დასრულებულ "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე".

იქ მხოლოდ 100 კილოგრამში გვყავდა მონაწილენი, ანუ იმ წონაში, სადაც ოლიმპიური ლიცენზია ჯერ კიდევ არ მოგვიპოვებია, თუმცა რაოდენობა რომ ხეირს არ ნიშნავს, არახალია. ამ კვარტეტიდან დამამშვიდებლამდე მხოლოდ ალექსანდრე მსხალაძე მივიდა, რომელიც, საბოლოოდ, მე-7 ადგილზე გავიდა.

მსხალაძემ პირველ პაექრობაში გაფრთხილებებით გააგდო 23-წლიანებში გერმანელი ევროპის ჩემპიონი დინო პფაიფერი, მეოთხედფინალში კი უტიტულო იტალიელ ჯულიანო ლოპორკიოსთან წმინდად დამარცხდა.

აი, ამას ჩვენთვის არასასურველი ეპიზოდი მოჰყვა, როცა მსხალაძემ ძიუდოს დაუწერელი კანონი დაარღვია და
მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა. თავი კი დაუკრა, მაგრამ ტატამიდან გასვლისას მსაჯი დაბრუნებას და იმავეს გაკეთებას ანიშნებდა. სავარაუდოდ, არბიტრთა მისამართით, მაგრამ როგორც უმაღლესი კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ გვითხრა, რაკი ერთხელ დაუკრა თავი, მეორედ ამის გაკეთება არ ევალებოდა.

ადგილობრივმა დიქტორმა მაშინვე უხმო ჩვენი ნაკრების მწვრთნელს და იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით, მაგრამ მსხალაძე დამამშვიდებელში მონღოლ ცოგტგერელ ხუტაგთან საჭიდაოდ არ გავიდა...

უმედლოდ დარჩენა ერთია, მაგრამ ჩვენი ნაკრები უკვე ზედიზედ მეორედ მოხვდა ანალოგიურ ვითარებაში. შეგახსენებთ, რომ წინა უქმეებზე არც ლუხუმ ჩხვიმიანმა ჩამოართვა მოგებულ მეტოქეს ხელი.

ლაშა ტაველურმა და ალექსანდრე ზაალიშვილმა თითო შეხვედრა მოიგეს, თან - ფრიად ეფექტური გდებებით. ზაალიშვილმა პოლონელი იაკუბ ვოიციკი მალევე საიპონედ წამოიღო მოგვერდით, ტაველურმა კი ჯერ ვაზარი აართვა უკრაინელ დმიტრო ლუჩინს, ხოლო მერე სულაც შებოჭა.

სამწუხაროდ, მომდევნო წრეში ზაალიშვილი უნგრელ მიკლოშ ცირჯენიჩთან დამარცხდა, ტაველური - ზემოხსენებულ მონღოლ ხუტაგთან.

ჩვენი გუნდიდან პირველი შეხვედრა მხოლოდ გურამ თუშიშვილმა დათმო - რუს ნიიაზ ბილალოვთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თუშიშვილი არის უნიჭიერესი ახალგაზრდა და აშკარაა, რომ მცდარი წვრთნის და სტრატეგიის გამო დიდი საფრთხე ემუქრება, რომ დარჩეს მარად ნიჭიერ ახალგაზრდად, მიღწევით კი ვერაფერს მიაღწიოს...
ტაველურსა და ზაალიშვილს მეტი მომზადება სჭირდებათ, პოტენციალი აქვთ...
მსხლაძეზე უკომენტაროდ. როგორ არ რცხვენია ან თავად, ან მწვრთნელებს, დაატარებენ ჩემოდანივით და წელიწადია, უმარტივეს ტურნირებზეც კი მეშვიდე ადგილს იქით ვერ ქაჩავს. თუ ვინმეს უგებს, იმასაც გაფრთხილებებით, ისე, რომ ილეთსაც ვერ უტარებს...მაგის აქეთ-იქით თრევას წაეყვანათ პაპუნაშვილი, პატარა შავდათუაშვილი, ან პატარებიდან ვინმე... გამოცდილებას მაინც მიიღებდნენ და იქნებ ბრინჯაო მაინც აეღოთ. პაპუნაშვილს მეტიც შეუძლია...
ფრანიო
20:12 29-02-2016
0
აშკარა ჩავარდნაა. ფაქტიურად ვეღარ იმარჯვებენ...
მძიმე წონებს მივხედოთ.
14:31 29-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული