ამ გამარჯვებით მოპოვებულმა 300-მა ქულამ ის საერთაშორისო რეიტინგში უკვე 29-ე ადგილამდე აანაცვლა, სალიცენზიო სიაში კი 22-კაციან სასაგზურე ზონაში შეიყვანა, თუმცა ეგეც არ იყოს, ქულებით გადაუსწრო ესტერ სტამს (70), ანუ უკვე რეგიონულ კვოტაშიც ხვდება.
ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა თურქეთში 3 მედალი მოიპოვა და ყველა სხვადასხვა სინჯისა. ვიცე-ჩემპიონი ლევან მატიაშვილი (+100) გახდა, ბრინჯაოს კი ამავე წონაში ადამ ოქრუაშვილი დაეუფლა.
მორიგი ტრიუმფი
ღვინიაშვილმა მან კიდევ ერთხელ აჩვენა უაღრესად მებრძოლი ხასიათი და ყველა შეხვედრაში ბოლომდე, თავდადებით იომა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. განსაკუთრებით ეფექტურად ჯგუფიდან გასასვლელი შეხვედრა მოუგო რეიტინგის აზერბაიჯანელ ლიდერ ელმარ გასიმოვს, რომელიც ქრესტომათიულ ბრუნზე დაანარცხა.
ნაკლები გდებები არც თურქ ენეს ტატართან, ბრიტანელ ბენჯამინ ფლეტჩერთან თუ ნახევარფინალში საუდელთა მსოფლიოს პრიზიორ ივან რემარენკოსთან უკეთებია, თუმცა გასიმოვთან გაკეთებული გდება იმდენად ეფექტური იყო, მასზე უცხოელი კომენტატორიც დიდხანს საუბრობდა, ხოლო ღვინიაშვილის მიერ ლიცენზიის განაღდებას ძიუდოს წამყვანი უცხოური საიტები ჯერ კიდევ დილის შეხვედრების დასრულების შემდეგ გამოეხმაურნენ.
იხილეთ ვიდეო
ფინალში ღვინიაშვილმა ბუზაკარინთან იუკოთი მოიგო (გაფრთხილებებითაც აჯობა), თუმცა ესეც სავსებით საკმარისი გამოდგა. მით უფრო, ინიციატივა მაინც მისი იყო და გონივრულად აკონტროლებდა ორთაბრძოლას. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელს ბოლო სამკვირიან მონაკვეთში უკვე მეორედ მოუგო - მარტის შუაში ბუენოს-აირესშიც დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
ვაჟა მარგველაშვილის (66) არ იყოს, ღვინიაშვილსაც შეუძლია, უკვე განთესვის 8-კაციან ზონაში შესვლაზე იფიქროს, თუმცა მასტერსზე მოხვედრაც საფიქრალია - საამისოდ საერთაშორისო რეიტინგის 16 მოწინავეში უნდა მოხვდეს. არადა, მასტერსის ქულა ექსტრა-შედეგში შედის, როგორც - ევროპის ჩემპიონატისა (მათგან საუკეთესო).
მძიმეწონოსანთა გამოცოცხლება
ეტყობა, მატიაშვილს მოუხდა სასჯელი, როცა თბილისის ტურნირი გამოატოვებინეს - ახლა გაცილებით მობილიზებული, ცოტა წონადაკლებულიც იყო და ბევრად უკეთ ჭიდაობდა, შედეგად კი ფინალშიც გავიდა, სადაც ფრანგთა უძლეველ ტედი რინერთან დიდხანს ქულა არ გაუშვა, მხოლოდ გაფრთხილებებით აგებდა. ეგ კი არა, ერთხელ მოგვერდიც სცადა. სამაგიეროდ, სამსუნში კარიერაში უკვე მესამედ მოუგო ბრაზილიელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ რაფაელ სილვას - ამჯერადაც დააიპონა.
პირველ წრეში იოლად დაამარცხა თურქი ფეიაზ იაზიჩი - იპონით და დიდად არც ნახევარფინალში გასჭირვებია ყირგიზ იური კრაკოვეცთან, რომელთანაც ასევე მორიგი წმინდა მოგება მიითვალა.
კრაკოვეცის დამარცხება არც ოქრუაშვილს გასჭირვებია დამამშვიდებლის ფინალში და მანაც იპონით მოუგო...
ოქრუაშვილმა ახლა ბევრად კარგად იასპარეზა, ვიდრე - თბილისში, თუმცა ჯერ მაინც ვერაა სათანადო კონდიციებში. რაც მთავარია, წონაში იკლებს და ჭიდაობის ხარისხსაც ნელ-ნელა უმატებს, ანუ პროგრესირებს, ხოლო რაც უფრო სწრაფად წარმართავს ამ პროცესს, მით უკეთესი მისთვისაც და ნაკრებისთვისაც. მან ერთადერთი შეხვედრა მეოთხედფინალში დათმო მეორე ბრაზილიელ დავიდ მოურასთან, თუმცა იქაც ვაზარის იგებდა.
მანამდე ყაზახი იერჟან შინკეევი დაამარცხა ასევე ვაზარით, ხოლო შემდეგ დამამშვიდებელშიც წარმატებით ჩაერთო და ავსტრიელი დანიელ ალერსტოფერი დააიპონა, რითაც რევანში აუღო წლეულს დიუსელდორფში მარცხისთვის.
პაპუნაშვილი მეტს იმსახურებს
ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან მხოლოდ გიორგი პაპუნაშვილს (81) თუ გამოვარჩევთ, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზეც კარგად წარმოაჩინა თავი, მერე - სოფიაშიც და, უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, თბილისის ტურნირზეც დაამტკიცა, რომ შანსს ნამდვილად იმსახურებს. მან თურქეთშიც ლამაზად, ტექნიკურად და თვალსასეიროდ იჭიდავა, როცა ზედიზედ დაამარცხა ესპანეთის სახელით მოჭიდავე შალვა ყალაბეგაშვილი, მოლდოველი ნიკონ ზაბოროსციუსი და მონღოლი ნიამსურენ დაგვასურენი. ჩვენმა ფალავანმა პირველ ორთან წმინდად იმარჯვა, მონღოლი კი ორი იუკოთი ჩამოიცილა.
მეოთხედფინალში ისე ეტყობოდა, კორეელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ჯაე-ბუმ კიმსაც გამოუყვანდა წირვას, მაგრამ აკრძალული ილეთისთვის (გაშლილ ხელზე ზემოქმედება) მოხსნეს. ეს ავტომატურად ნიშნავდა ამ ტურნირზე დისკვალიფიკაციასაც (ანუ სხვა შეჯიბრებებზე არ ვრცელდება) და ვერც სანუგეშოში გადაერთო.
ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან დამამშვიდებელ წრეში ვერავინ გადავიდა.
ლუხუმ ჩხვიმიანმა (60), ბექა შავდათუაშვილმა (66) და უშანგი მარგიანმა (90) მხოლოდ თითო შეხვედრა მოიგეს; ზვიად კაპანაძე, ფრიდონ გიგანი (ორივე - 73), ლევან გუგავა (81), ნოდარ ბერიანი (90) და ალექსანდრე მსხალაძე (100) კი პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდნენ.
სასიკეთოს ვერც ჩვენს ქალებზე ვიტყვით - სტამიც და ირინე ლეონიძეც (+78) პირველივე ბრძოლიდან გამოვარდნენ, თუმცა ლეონიძე მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა.
სამსუნის გრან-პრი
ვაჟები
60 კგ
1. ბეკირ ოზლუ (თურქეთი), 2. აჰმეტ შაჰინ კაბა (თურქეთი), 3. ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი), დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)
66 კგ
1. ლიმვან კიმი (კორეა), 2. ალტანსუკ დოვდონი (მონღოლეთი), 3. ფერდინანდ კარაპეტიანი (სომხეთი), გევორგ ხაჩატრიანი (უკრაინა)
73 კგ
1. დამიან ზვარნოვიცკი (პოლონეთი), 2. ჩოლ გვან კიმი (ჩრდილოეთი კორეა), 3. ნუნო სარაივა (პორტუგალია), ჰასან ვანლიოღლუ (თურქეთი)
81 კგ
1. ივაილო ივანოვი (ბულგარეთი), 2. კი-ჩუნ ვანი (კორეა) 3. იოახიმ ბოტიუ (ბელგია), სერგიუ ტომა (არაბთა გაერთიანებული საემიროები), 7. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)
90 კგ
1. ხუსეინ ხალმურზაევი (რუსეთი), 2. მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი), 3. ტიაგო კამილო (ბრაზილია) დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)
100 კგ
1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო), 2. რაფაელ ბუზაკარინი (ბრაზილია), 3. მიკლოშ ცირჯენიჩი (უნგრეთი), ცოგტგერელ ხუტაგი (მონღოლეთი)
+100 კგ
1. ტედი რინერი (საფრანგეთი), 2. ლევან მატიაშვილი (საქართველო), 3. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო), რაფაელ სილვა (ბრაზილია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"