სურათი რიომდე სამი თვით ადრე - ცუდად არ გამოვიყურებით

AutoSharing Option
ძიუდო საქართველოში შემოსვლისთანავე ფართოდ გავრცელდა, რადგანაც ქართული ჭიდაობიდან მოსულ ფალავნებს ეიოლებოდათ იაპონური ჭიდაობის დაუფლება. მწვრთნელებმაც სწრაფად აუღეს ალღო ახალ საქმეს და ჯერ თბილისში, მერე კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძიუდოს ათობით ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

1962 წელს ევროპის პირველი ჩემპიონები გახდნენ ანზორ ქიბროწაშვილი და ანზორ კიკნაძე. იმ დროისთვის ძიუდო უკვე ოლიმპიურ სახეობად აღიარეს და მისი განვითარება პრიორიტეტულ საქმედ გამოცხადდა, საქართველოში ძიუდოში ვარჯიშის მრავალი მსურველიც გამოჩნდა. თბილისში წარმატებით მუშაობდნენ ქრისტეფორე ნინიაშვილი და ბიძინა მაზიაშვილი, ქართლში - გურამ პაპიტაშვილი და გივი ზაუტაშვილი.

გორში აღიზარდნენ ევროპის,
ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს პირველი ჩემპიონები: ანზორ ქიბროწაშვილი, შოთა ჩოჩიშვილი და თემურ ხუბულური.

ძიუდომ ფეხი მოიკიდა ახმეტაში, კასპში, ქარელში, მესტიაში, ლენტეხში, ქუთაისში, საგარეჯოში, დუშეთში, გარდაბანში.

პირველი თაობიდან გამოირჩეოდნენ ანზორ კიკნაძე, ანზორ ქიბროწაშვილი და ფარნაოზ ჩიკვილაძე.

1970-იან წლებში საქართველოს ნაკრებში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ, თავად ეს ნაკრები კი საუკეთესო იყო მთელს საბჭოთა კავშირში. შოთა ჩოჩიშვილი, გივი ონაშვილი, გურამ გოგოლაური, შენგელი ფიცხელაური, რამაზ ხარშილაძე, თემურ ხუბულური, ჯიბილო ნიჟარაძე, ამირან მუზაევი, შოთა ხაბარელი, დავით ბოდაველი, ოლეგ ზურაბიანი - ამ ფალავნებმა არაერთი გამარჯვება მოიპოვეს ოლიმპიურ თამაშებში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში.

ძიუდოს განვითარებას ხელი შეუწყო თბილისის ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა (ტარდება 1970 წლიდან), რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. ამ ტურნირზე აიდგეს ფეხი კობა კურტანიძემ, ამირან ტოტიკაშვილმა, გიორგი თენაძემ, აკაკი კიბორძალიძემ და სხვა ცნობილმა ძიუდოისტებმა. მათთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 1989 წელი, როცა კურტანიძე და ტოტიკაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, კიბორძალიძემ ვერცხლის მედალი მიიღო, თენაძემ კი - ბრინჯაოსი. იმავე წელს კურტანიძემ და ტოტიკაშვილმა ევროპის ჩემპიონატშიც გაიმარჯვეს.

შემდეგ დიდ სარბიელზე გამოჩნდნენ დავით ხახალეიშვილი, გიორგი ვაზაგაშვილი, სოსო ლიპარტელიანი, გიორგი რევაზიშვილი, ნესტორ ხერგიანი, ალექსი დავითაშვილი, ივერი ჯიქურაული, დავით ქევხიშვილი, ზურაბ ზვიადაური, ზაზა კედელაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი.

ხახალეიშვილმა გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში ბარსელონის ოლიმპიური თამაშები მოიგო და მისი ამ გამარჯვების აღსანიშნავად ოლიმპიადების ისტორიაში პირველად აღიმართა საქართველოს დროშა.

ოთხი წლის შემდეგ, ატლანტაში დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა ლიპარტელიანმა, 2004 წელს კი ზვიადაური დამოუკიდებელი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ბოლო წლების შედეგებიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია ირაკლი ცირეკიძის და ლაშა შავდათუაშვილის წარმატება. ცირეკიძემ 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა (ცირეკიძე ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორივე უმაღლეს ტიტულს ფლობს), შავდათუაშვილი კი 20 წლის ასაკში ოლიმპიურ ოქროს მედალს დაეუფლა.

ასევე აღსანიშნავია გუნდურ შეჯიბრებებში მოპოვებული წარმატებები. საქართველოს ნაკრებმა რვაჯერ (2002, 03, 07, 10, 12, 13, 14, 16 ) გაიმარჯვა ევროპის გუნდურ ჩემპიონატში, ორჯერ კი (2006, 08) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

სურათი რიომდე სამი თვით ადრე
ახლახან დასრულებულმა ევროპის ჩემპიონატმა 100 კგ კატეგორიის სალიცენზიო რეიტინგში ცოტაოდენი საფიქრალი გაგვიჩინა, რადგან ბექა ღვინიაშვილმა ნაადრევი მარცხით ვერაფერი შეიმატა და ვერც თავი დაიგულა სამშვიდობოს.

ჯერჯერობით, ის ისევ რჩება სალიცენზიო ზონაში და არცთუ ცუდი რეალობით - მე-19 ადგილზეა, თუმცა არსებობს შანსი, რომ დარჩენილ სალიცენზიო შეჯიბრებებში სხვებმა გადაუსწრონ. ბუნებრივია, იმ ტურნირებში არც თვითონ იქნება გულხელდაკრეფილი და დიდია კიდეც მისი წინ წაწევის იმედი. ოღონდ მის მდგომარეობას ერთი ფაქტორი ართულებს - დარჩენილ შეჯიბრებებში, მინიმუმ, ბრინჯაო უნდა მოიპოვოს, ახალი მაჩვენებელი ხუთ საუკეთესო შედეგში რომ შევიდეს.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ რეიტინგში ბოლო ორი წლის ხუთ-ხუთი საუკეთესო შედეგი იკრიბება, რომლებსაც მეექვსე მაჩვენებლად ექსტრა-შედეგი (ევროპა ან მასტერსიდან საუკეთესო) ემატება.

ღვინიაშვილი 100 კგ-ში ახალი გადმოსულია და მხოლოდ წლეულს ჭიდაობს ამ წონაში. ამიტომ შარშანდლიდან მხოლოდ ერთი - ძიგორო კანოს მემორიალის 100-ქულიანი შედეგი მოეპოვება, თუმცა ერთი წელი ჯერ არც იქიდან გასულა და, ამდენად, არ განახევრებია. მისი ყველაზე დაბალი მაჩვენებელიც ეს შედეგი და ამ გაზაფხულზე პერუსა და არგენტინაში პანამერიკულ ღია პირველობებზე მოპოვებული 100-100 ქულაა.

სალიცენზიო ტურნირებიდან დარჩენილია "დიდი მუზარადი" ბაქოში, "დიდი პრიზი" ალმატიში და მასტერსი მექსიკურ გვადალახარაში, რასაც პანამერიკელებისთვის მათი კონტინენტური პირველობა ემატება, სადაც, ბუნებრივია, ღვინიაშვილი არ გამოვა. ამდენად, მას შანსად ის სამი შეჯიბრება რჩება, იმათგან კი მეხუთე ადგილი 100 ქულაზე მეტს მხოლოდ მასტერსზე მოუტანს (140 ქულა), დანარჩენებში "მუზარადზე" 100, ხოლო "დიდი პრიზზე" უფრო ნაკლებიც კი დაეწერება და რეალურად ვერაფერს შეიმატებს.

თუმცა მასტერსზე მეშვიდეზეც რომ გავიდეს, ის ექსტრა-შედეგად მაინც დარჩება, რადგან ევროპაზე ძალიან ცოტა ქულა მიიღო (ექსტრა-შედეგში ევროპის და მასტერსის ქულებიდან უმჯობესი შედის, მეორე კი ჩვეულებრივ ერიცხება რეიტინგში).

ევროპირველობამ საოლიმპიადო კონკურენცია თავდაყირა დაგვიყენა მძიმე წონაში და კიდევ უფრო დაძაბა 73-ში. მძიმეში ლევან მატიაშვილმა უკვე ორჯერ გაუსწრო შედეგით ადამ ოქრუაშვილს - სამსუნშიც და ყაზანშიც, შედეგად კი რეიტინგშიც ჩამოიტოვა. თან მატიაშვილი ბოლო ხანს სულ უფრო უმატებს და თვით უძლეველ ტედი რინერისაც ღირსეული ბრძოლები გაუმართა.

ძალიან დაიძაბა და ჩაიხლართა კონკურენცია 73-შიც. აქ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს ისეთი რთული არჩევანის გაკეთება უწევს, არავინ ისურვებდა მის ადგილას ყოფნას - სახლში დასატოვებლად ორივე კანდიდატი შეგეცოდებათ.

ორივე სპორტსმენი - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც და ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილიც სწრაფად პროგრესირებენ და თანდათან უმატებენ. ყაზანში შავდათუაშვილმა პირადი პაექრობა მოუგო მეგობარს, რითაც ურთიერთშეხვედრებში კვლავ დაწინაურდა, სამაგიეროდ, ტატალაშვილი ჯერჯერობით რეიტინგშია წინ. შავდათუაშვილს ევროპის პირველობა რომ მოეგო, ძალიან დიდ პლუსს დაიწერდა, ახლა კი მათ შორის სხვაობა ლამის ადრინდელ დონეზე დარჩა.

კონკურენციამ დადებითად იმოქმედა ორივეზე და, მაგალითად, ტატალაშვილმა იმდენად მოუმატა, სტილიც კი შეიცვალა და ტექნიკურად ჭიდაობა დაიწყო. იგი მყარად ყალიბდება წონის ლიდერად, ვისაც თითქმის ყველასთან შეუძლია მოგება.

თავის მხრივ, შავდათუაშვილიც სულ უფრო უახლოვდება ლიდერებს. ბოლო თვეებში აშკარად ჩანს, რომ მან დაამთავრა ახალ წონასთან ადაპტაციის გაჭიანურებული პროცესი და გასარკვევი მხოლოდ ის რჩებოდა, რამდენად მაღალ ადგილს დაიკავებდა ლიდერთა კოჰორტაში. ახლა კი უფრო თამამად შეიძლება საუბარი ადაპტაციის დასრულებაზე - შავდათუაშვილი დღითი დღე, ტურნირიდან ტურნირამდე უფრო თამამად და ტოლსწორად ეჭიდავება ფავორიტებს, ეტყობა, ფიზიკურადაც უფრო მოძლიერდა და საბოლოოდ "ჩაჯდა" ამ წონის პარამეტრებში.

ამის დასტურად აზერბაიჯანელი ორუჯოვის ასე დაჩაგვრაც გამოდგება ევროპის ჩემპიონატის ფინალში - ვიდრე ლაშა შენარჩუნებაზე დაიწყებდა ზრუნვას, მანამდე პირწმინდად დაჩაგრა ჯერ კიდევ გუშინ უძლეველი მეტოქე. მართალია, მთავარი კონკურენტები - იაპონელები და კორეელები ჯერ ისევ გასატესტია, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ნებისმიერისთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. ის გამუდმებით წინ მიიწევს, არც ადგილზე ჩერდება და მით უფრო - უკან არ მიდის.

ჰოდა, ამიტომაც გვეცოდება უზნაძე არჩევანის გასაკეთებლად - ოლიმპიადამდე 3 თვე რჩება და შავდათუაშვილი კიდევ ბევრს მოუმატებს.

ევროპის ჩემპიონატზე საოლიმპიადო თვალსაზრისით ყველაზე დიდი იმედი ვალერი ლიპარტელიანმა (90) დაგვიტოვა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ინტელექტუალური მოჭიდავეა. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მან თავიც შემოინახა, თან საოლიმპიადოდ კარგი რეპეტიცია გაიარა და გარკვეული ტექნიკური სიახლეებიც მოსინჯა. ისიც გვგონია, რომ კარტები ბოლომდე არ გახსნა. თუმცა ყაზანში არ ჭიდაობდა მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, რუსი კირილ დენისოვი. არადა, საინტერესო იქნებოდა საქმეში უშუალოდ მათი ხილვა...

ლიპარტელიანზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი ზესტაბილურობა - როგორი საქმეა ევროპის პირველობაზე ზედიზედ მერვედ მედლის მოპოვება!

ზოგადად, ყაზანში გუნდი კარგად ჩანდა მომზადებული - ტექნიკურადაც, ტაქტიკურადაც, განსაკუთრებით კი - ფიზიკურად. მართალია, იყო ცალკეული ჩავარდნები, მაგრამ ამან საერთო სურათი ვერ გააფუჭა - უმეტესობას გამძლეობაც ჰყოფნიდა, ძალაც, სისწრაფეც, სუნთქვაც... პირად პირველობაში გადაღლილმა ლიპარტელიანმა გუნდურში სწორედ ფიზიკურად აჯობა რუს ჟამბეკოვს - ჯერ დაღალა და მერე დააგდო.

"ფიზიკაში" საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ 73-ის ფალავნებიც, ვაჟა მარგველაშვილიც... ერთი სიტყვით, ეს კომპონენტი ნაკრებისთვის ახლა არათუ "აქილევსის ქუსლად", არამედ ერთ-ერთ კოზირად გამოჩნდა. თუმცა, ვიმედოვნებთ, ეს არ იყო ფორმის პიკი და ჩვენები მაქსიმუმს რიოში მიაღწევენ.

საოლიმპიადოდ ისიც უდავოდ დიდი პროგრესია, რომ დღეს ნაკრები თანაბრადაა დაკომპლექტებული და აღარ გვაქვს "ჩავარდნილი" წონები. არადა, არცთუ დიდი ხნის წინ ასეთი ორი იყო - 66 და 100 და ამ წონისანი ევროპა-მსოფლიოზე არც კი მიგვყავდა, დღეს კი 66-ში ევროპის ჩემპიონი გვყავს, ხოლო 100-ში მედალზე წასვლა შეგვიძლია.

დღეის გადასახედიდან შედარებით სუსტად 60 კილოგრამი გამოჩნდა, თუმცა ამირან პაპინაშვილიც ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორია, ანუ არაა ხელწამოსაკრავი. არაფერს ვამბობთ ავთანდილ ჭრიკიშვილზე (81), ვინც ტრავმირებული ჭიდაობდა ყაზანში - მარტო ის რად ღირს, რომ იგი, აგებს თუ იგებს, მაინც მუდმივად ფავორიტად რჩება და მისი ყოველთვის ყველას ეშინია.

ბოლოსკენ ისევ ლიცენზიებს დავუბრუნდეთ: სადღეისო მდგომარეობით, 100-ის გარდა, ყველა წონაში გარანტირებულია რიოს საგზური. აქედან 5-ში სულაც განთესილებში ვართ და თან უმეტესობა ცხრილის სათავეშია: პაპინაშვილი, ტატალაშვილი, ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარ კონკურენტებს ნახევარფინალამდე ან სულაც ფინალამდე არ შეხვდებიან.

თუმცა შეგვიძლია გულმშვიდად ვიყოთ - ღვინიაშვილიც არ დაკარგავს ლიცენზიას და ბრაზილიაში სრული გუნდით წავალთ. კიდევ უფრო კარგი ისაა, რომ რაოდენობაც რა ბედენაა ხარისხისა და შედეგის გარეშე და ჩვენებს ყველა წონაში შეუძლიათ წარმატებით ჭიდაობა.

საქართველო: ოლიმპიური კურსი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და "ლელოს" ერთობლივი პროექტი
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტატალაშვილის დატოვება არ შეიძლება, საცოდაობა იქნება. სტაბილურობის და პროგრესის განსახიერებაა ეს კაცი და ჩემი აზრით გარანტირებული მედალიც აქვს. რთულია მარა ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება
fraternity
11:12 03-05-2016
0
კარგი სტატია ასე გააგრძელეთ
Irakli
00:38 02-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული