იაპონელებმა ვაჟ ძიუდოისტთა ოლიმპიური გუნდის მეშვიდე მონაწილეც დაასახელეს - მძიმეწონოსანი ჰისაიოში ჰარასავა.
მას კონკურენციას მსოფლიოს ორგზის ფინალისტი რიუ სიჩინოე უწევდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მოულოდნელს მაინც ვერ ვუწოდებთ, იმის მიუხედავადაც კი, რომ ჰარასავას ჯერ სერიოზული ტიტული არ მოუპოვებია. მისი ყველაზე დიდი მიღწევა იაპონიის ჩემპიონობაა - 2 აპრილს მოიპოვა ეს ტიტული და ფინალში სწორედ სიჩინოე
ჰარასავა 23 წლისაა და რეიტინგში გადაუსწრო სიჩინოეს. უცხოეთში ის იშვიათად ჭიდაობს, მაგრამ სადაც კი გამოვიდა, ყველგან გაიმარჯვა. თან "დიდ მუზარადზე" ნაკლები რანგის შეჯიბრებას "არ ცნობს". რეიტინგშიც სწორედ ამის ხარჯზე დაწინაურდა. ჰარასავა საშინაო ასპარეზზეც ლიდერია, თუმცა ერთი კვირის წინ დამარცხდა ქვეყნის აბსოლუტურ პირველობაზე, სადაც ისიც და სიჩინოეც მესამეზე გავიდნენ.
როგორც ჩანს, იაპონელები ახლა ჰარასავაზე ამყარებენ საკადრო კრიზისის დაძლევის იმედს. ბოლო წლებში ამ წონაში მათ დაუძვირდათ ტიტულები, იმის მიუხედავად, რომ ჰყავთ სიჩინოე, ჯერ კიდევ ჭიდაობს მსოფლიოს ჩემპიონი დაიკი კამიკავა. ის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონია, როცა მშობლიურ ტოკიოში, აბსოლუტური წონის ფინალში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა ფრანგი ტედი რინერი - ეს დაუმარცხებელი ფრანგის ჯერჯერობით ბოლო წაგებაა (პირადში). მაშინ რინერი იმდენად გაბრაზდა მსაჯებზე, მას შემდეგ იაპონიას სათოფეზე არ გაჰკარებია. მაგალითად, შარშან შემოდგომაზე იჭიდავა კორეასა და ჩინეთში, მაგრამ არ ჩავიდა ძიგორო კანოს ტურნირზე. სამაგიეროდ, არ გაახარა სიჩინოე და ორჯერ მოუგო მსოფლიოს პირველობის ფინალში.
კამიკავა იმ გაელვების შემდეგ "ჩაქრა", სიჩინოემ კი ვერაფერი მოუხერხა რინერს.
ფაქტია, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ იასუიუკი მუნეტას შემდეგ იაპონელებს ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონაში დიდი ჩემპიონი აღარ ჰყავთ. ბოლო წლებში მათ ახალი თაობაც "მოესწროთ". მაგალითად, ტაკეში ოჯიტანი, ვინც იაპონიის აბსოლუტური პირველობა მოიგო. თან საერთაშორისო რეიტინგში ისიც შედის სალიცენზიო ზონაში, მაგრამ იაპონელებმა არჩევანი ჰარასავაზე შეაჩერეს.
ჯერჯერობით, ჩვენებს არ დაუსახელებიათ ოლიმპიადის მონაწილე ამ წონაში, სალიცენზიო ზონაში კი ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი შედიან. სამწუხაროდ, ოჯიტანის მათთან მაქსიმალური შედეგი აქვს - მატიაშვილს ორჯერ შეხვდა და ორივე მოუგო, ოქრუაშვილთან კი ერთხელ იჭიდავა და იმარჯვა.
ჩვენი შემადგენლობა ჯერ არც სხვა წონებში გარკვეულა, უფრო სწორად, ოფიციალურად არ დასახელებულა, თორემ ხუთ წონაში მონაწილე ცნობილია (რეიტინგიდან გამომდინარე - წონაში თითო კაცია სალიცენზიო ზონაში), აი, იაპონელებმა კი ოფიციალურად გამოაცხადეს რიო დე ჟანეიროში წამსვლელი გუნდი: ნაოჰისა ტაკატო (60), მასაში ებინუმა (66), შოჰეი ონო (73), ტაკანორი ნაგასე (81), მაშუ ბაკერი (90), რიუნოსუკე ჰაგა (100), ჰისაიოში ჰარასავა (+ 100).
იაპონელებისთვის საოლიმპიადოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრება ქვეყნის პირველობა იყო, რომელიც 2 აპრილს გაიმართა ფუკუოკაში, იქ კი ამათი უმრავლესობა დამარცხდა: ჩემპიონები მხოლოდ ონო და ნაგასე გახდნენ, ბაკერი ფინალში დაიკი ნიშიამასთან დამარცხდა, ტაკატო და ებინუმა მესამეზე გავიდნენ, ჰაგას კი ტრავმის გამო არ უჭიდავია.
60-ში ტორუ შიშიმემ გაიმარჯვა, 66-ში კი - 18 წლის ჰიფუმი აბემ, მაგრამ ეტყობა, ახალგაზრდა ფალავანს არ ენდნენ და ბევრად უფრო გამოცდილი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიური მედალოსანი ებინუმა არჩიეს (შეგახსენებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალში ის ლაშა შავდათუაშვილმა დაამარცხა).
თუმცა იაპონელებმა თავიანთი საქმე უკეთ იციან, ჩვენებს კი ისღა დარჩენიათ, საოლიმპიადოდ ამ კონკრეტულ მეტოქეებზე იმუშაონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ებინუმას, ნაგასესა და ბეიკერს უფრო შეიძლება, რომ მოუხერხონ რამე შესაბამისად, მარგველაშვილმა, ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმა. მინიმალური იმედი მაინც არსებობს, ყოველ შემთხვევაში. მაგ სამი იაპონელიდან არცერთი არაა დაუმარცხებელი.
ბექას მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაინც ვიტყვი, რომ ჰაგასთან შანსი არ აქვს.
მძიმეებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, მანდ უკვე იაპონელებს არ აქვთ შანსი....