საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა შვიდივე წონაში მოიპოვა ლიცენზია. აქედან ხუთში - 60, 66, 73, 81 და 90-ში განთესილ რვა კაცში ვართ, ორში კი - 100-ში და მძიმეში განუთესავად დავრჩით. არადა, მძიმეში
თუმცა სწორედ +100 კილოგრამია იმ ორი წონიდან ერთი, სადაც სალიცენზიო ზონაში, ანუ მოწინავე 22 კაცში ორ-ორი წარმომადგენელი გვყავს - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი. მეორე ასეთი წონა 73-ია, სადაც ევროპის ორგზის ფინალისტ ნუგზარ ტატალაშვილთან ერთად ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც ლიდერებშია.
ერთი ლიცენზია ქალებშიც მოვიპოვეთ, სადაც პირველად გვეყოლება მონაწილე ოლიმპიადაზე - ჰოლანდიიდან გადმობირებული ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი (70), თუმცა რეალურად სხვა შანსი არც გვქონია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც: საერთაშორისო და ოლიმპიური რეიტინგი სხვადასხვა პრინციპით დაითვლება. მსოფლიოს რეიტინგში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგი სრულად ეწერება, წინა ერთი წლისა ნახევრდება (ანუ, თუ ეწერა 100 ქულა, ჩათვლაში 50 დარჩება), 2 წელზე უფრო ადრინდელი შედეგები საერთოდ უქმდება. ოლიმპიურში ყველა შედეგი არ შედის - 100%-იანებიდანაც და 50-იანებიდანაც 5-5 საუკეთესო, რასაც მეექვსე ექსტრა-შედეგი ემატება (კონტინენტურ პირველობებსა და მასტერსს შორის საუკეთესო).
აქედან გამომდინარე, შეიძლება სპორტსმენი სხვადასხვა რეიტინგში განსხვავებულ პოზიციაზე იყოს. ასეთი მიდგომა იმითაა გამოწვეული, რომ ოლიმპიადაზე ქვეყნიდან წონაში მხოლოდ ერთი კაცი გამოდის, სხვა ტურნირებზე კი მთლად ასეთი მკაცრი შეზღუდვა არაა და შეიძლება რომელიმე ქვეყნიდან ორი სპორტსმენიც კი მოხვდეს განთესილებში.
ვაჟთა ამ 22 ლიცენზირებული სპორტსმენიდან 8-8 განთესილია, ეს კი იმდენადაა მნიშვნელოვანი, რომ ისინი უმეტესად პირველ წრეში თავისუფალნი იქნებიან, ანუ ერთი შეხვედრით ნაკლებს ჩაატარებენ. თან მეოთხედფინალამდე წონის ლიდერებს, ანუ საუკეთესო რვა ძიუდოისტს არ შეხვდებიან. ამასთან, მათი დაჯგუფება გარკვეული ფორმულით ხვდება და აქედან გამომდინარე, უკვე შეიძლება იმაზე ლაპარაკი, ოლიმპიადაზე ამ დასკვნით ეტაპზე ჩვენებს ვინ ელოდებათ მეტოქეებად (რა თქმა უნდა, მათ მანამდე თუ არ წააგეს).
ოღონდ გარკვეულ სირთულეს ის ქმნის, რომ არ ვიცით სხვა გუნდების შემადგენლობა - ვაიდა, ვინმემ განთესილი არ წაიყვანოს, ან წინ მდგომს უფრო უკან მყოფი ამჯობინოს. ამის მიუხედავად, საკმაოდ რეალურად შეიძლება გარკვეული გათვლების გაკეთება.
60 კგ
ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ამირან პაპინაშვილი ორივე რეიტინგში მეშვიდეა, თუმცა ოლიმპიურში თამაშებზე მეექვსე იქნება, რადგან მის წინ ორი მონღოლია - მსოფლიოს ჩემპიონი ბოლდბაატარ განბატი მეორე ადგილზეა, მსოფლიოს ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავაა - მეხუთე. მათგან ერთი გამოაკლდება სიას, მაგრამ საკითხავია, რომელი, ან - მხოლოდ ერთი თუ ორივე? ეს კითხვა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან პირდაპირ უკავშირდება პაპინაშვილს. საქმე ისაა, რომ გაჩნდა ცნობა (ერთ-ერთი რეპორტაჟისას საერთაშორისო ფედერაციის დიქტორებმა თქვეს), რომ მონღოლებს არც განბატი მიჰყავთ, არც - დაშდავაა და ოლიმპიადაზე 20 წლის ცოგტბაატარ ჩენდ-ოჩირს აყენებენ.
თუ ასე მოხდა, პაპინაშვილი მეხუთეზე გადავა და გაცილებით რთულ ბადეში მოხვდება - მეოთხედფინალში იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატო ელოდება, ხოლო მას თუ მოუგებს, ნახევარფინალში კორეელთა მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსან ვონ-ჯინ კიმსა და რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონ ბესლან მუდრანოვს შორის მოგებულს შეხვდება.
მეექვსეზე რომ დარჩეს, შედარებით იოლი ბადე ელოდება - ჯერ აზერბაიჯანელთა მსოფლიოს მედალოსანი ორხან საფაროვი, მერე - განბატისა და უზბეკი დიორბეკ უროზბოევის წყვილში გამარჯვებული. თუმცა აქაც ერთი მომენტია: მონღოლებმა განბატის ნაცვლად დაშდავაა თუ წაიყვანეს, მაშინ საფაროვი მეორე ადგილზე გადავა და პაპინაშვილის ბადე ასეთი იქნება: ყაზახი მსოფლიოს ჩემპიონი იელდოშ სმეტოვი და საფაროვ-უროზბოევის წყვილში გამარჯვებული.
თუმცა ეს ვარიანტი წინაზე უარესია - სმეტოვი ჩვენებურისთვის გაცილებით უხერხული მეტოქეა, ვიდრე - საფაროვი და მასთან შეხვედრის შემთხვევაში ნახევარფინალში გასვლის შანსიც მეტია.
გაგრძელება იქნება
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"