"ევროპული მეთოდიკის შეთავსება ქართულ ნიჭთან ძალიან მაგარ შედეგს გამოიღებს"

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები დაბრუნდა ჰოლანდიიდან, სადაც ფიზმომზადების შეკრება გაიარეს იქაურ სპეციალისტთან, ბრამ სტრიკთან.

ეს უკვე მეორე ანალოგიური შეკრებაა, ოღონდ პირველად ამერიკაში თუ მხოლოდ 2 შეგირდი იყო წასული მწვრთნელ მინდია ბოდაველთან ერთად, ამჯერად ჰოლანდიაში მთელი ნაკრები გაემგზავრა.

ჩვენებმა იქ ჰაარლემში ივარჯიშეს საქვეყნოდ ცნობილი კლუბის - "კენამიუს" ბაზაზე, სადაც მათთან ერთად ჰოლანდიის ნაკრების კაშკაშა ვარსკვლავები - ხენკ ხროლი, ძმები ელმონტები და სხვები ვარჯიშობდნენ. ცხადია, ამათაც მათთან სპარინგების შანსი ხელიდან არ გაუშვეს. ბიჭებიც და მწვრთნელებიც ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ ჰოლანდიიდან და ძიუდოს აკადემიაში
ერთობლივი შეკრებაც დაიწყეს, სადაც ჯერ გერმანელები არიან, მაგრამ ელოდნენ ინდოეთსა და საუდის არაბეთს, ხოლო ეგვიპტელებმა უნგრეთის ტურნირის გამო ბოლო წუთს უარი შემოგვითვალეს.

ვრცლად ამ შეკრების შესახებ მინდია ბოდაველი გვესაუბრება.

- თავდაპირველად, ჰოლანდიურ შეკრებაზე მოგვიყევით, რამდენად კარგად ჩაიარა?
- წინასწარვე ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი შეკრება გამოგვივიდა. ცხადია, მოლოდინი გვქონდა, რომ კარგი იქნებოდა; მით უფრო, მანამდე ვითარების ადგილზე გასაცნობად - სად, ვისთან, რა პირობებში მოგვიწევდა ვარჯიში, წინასწარ ორი კვირითაც ვიყავი იქ ჩასული და ნანახიდან გამომდინარე, ველოდი, რომ კარგი შეკრება გვექნებოდა, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, ასეთ მაგარსაც არ ველოდი.

ძირითადად, იქ ფიზიკური დატვირთვებისთვის ვიყავით ჩასულნი, მაგრამ ტატამზეც ვვარჯიშობდით ყოველდღე ჰაარლემში, კლუბ "კენამიუში", რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო ჰოლანდიაში და ოლიმპიადაზე ჰოლანდიის ნაკრებში ხუთი წევრი ეყოლება. ფიზიკური ვარჯიშებისთვის სხვაგან გადავდიოდით, სადაც ადგილობრივი მწვრთნელი ბრამ სტრიკი ძალიან კარგად შეგვხვდა და ბოლომდე იხარჯებოდა ჩვენთან ერთად.

თავიდან იმ გეგმით წავედით, რომ კვირაში ორი დღე ამასთან უნდა გვევარჯიშა, ოთხი კი - სხვასთან, რომელიც უფრო გამოცდილი მწვრთნელია და მასთან ემზადება თვით ხენკ ხროლი. თუმცა ადგილზე როცა ვნახეთ ორივე, სტრიკის ვარჯიშები იმდენად მოგვეწონა, ერთ კვირაში იმას საერთოდ დავანებეთ თავი და ამასთან გადმოვედით. სხვათა შორის, მას 3 უმაღლესი აქვს დამთავრებული ფიზმომზადების კუთხით. ყოველდღე სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები გვქონდა, არც ერთი არ იყო ერთნაირი.

- მაინც რა ტიპის ვარჯიშები იყო, რაზე აკეთებდა აქცენტს?
- უფრო გამძლეობაზე, ფიზიკურ მომზადებაზე ვვარჯიშობდით. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველებს ამ მხრივ ძალიან ბევრი გვაკლია და აუცილებელი იყო იქ წასვლა. ჩვენი დროის ვარჯიშები, რასაც გავდიოდით ნაკრებში, ისე განსხვავდება ახლანდელისგან, როგორც თეთრი - შავისგან.

ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. მაგალითად, ლაშა გუჯეჯიანიც იმავეს მეუბნებოდა. ვფიქრობ, ევროპული მეთოდიკის შეთავსება ქართულ ნიჭთან ძალიან მაგარ შედეგს გამოიღებს.

სტრიკი იმდენად მოგვეწონა, იმდენად ძლიერი მწვრთნელია, რომ გადავწყვიტეთ, ევროპის ჩემპიონატამდე გაწერილ-გათვლილი მთელი გეგმა შევცვალოთ. ახლა სპეციალურ გეგმას ვადგენთ და გვინდა, სტრიკი 2 კვირით აქ ჩამოვიყვანოთ, საქართველოში, სადაც სულ სხვა სტილის ვარჯიშები გვექნება. უფრო კოორდინაციასა და გამძლეობაზე იქნება ყურადღება გამახვილებული, მესამე შეკრება კი ისევ ჰოლანდიაში გვინდა გავიაროთ უფრო მოკლე ხნით, სადაც ასევე განსხვავებული სამუშაო გვექნება - უფრო სისწრაფეზე გავაკეთებთ აქცენტს. დიდი ალბათობით, ამ გეგმას განვახორციელებთ, მაგრამ ჯერ რაღაც საკითხებია გასავლელი. თუმცა დავრწმუნდით, რომ ასე უფრო აჯობებს.

- ამერიკულ და ჰოლანდიურ მოდელს რომ ადარებთ, საბოლოოდ რომელი გირჩევნიათ?
- ჩვენ მართლაც ორივე ვნახეთ და რომ შევადაროთ, ორივე აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. თუმცა ერთიცაა - ამერიკაში უფრო ნაკლები პერიოდით მოგვიწია ვარჯიში, ცოტა ნაჩქარევად გავიარეთ. როგორც იქ გამაცნეს, იმ პროგრამის გავლას 40 დღე სჭირდებოდა, ჩვენ კი 30 პროცენტი თუ მოვასწარით.

მაინც ვფიქრობ, რომ ორივე ძლიერი სპეციალისტია და ორივე საჭიროა. თუ იქნება ორივესთან ვარჯიშის საშუალება, ძალიან კარგია. ყველაზე მთავარია, საქართველოში გვქონდეს ისეთი თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი დარბაზი, რაც იქ ვნახე, და არა ჩვენსავით უბრალო ფიტნესი, არამედ სპეციალურად აღჭურვილი დარბაზი. ეს თუ იქნება, პერიოდულად ორივე ჩამოვა სავარჯიშოდ, რადგან ამის სურვილი ორივეს გააჩნია. ამას თუ მოვახერხებთ, დღეს ხომ ძლიერები, მაშინ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით მთელ მსოფლიოში.

თვითონ ბრამ სტრიკი ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებშიც მუშაობს და მითხრა, ვერ აგიხსნით, იმდენად განსხვავებულია თქვენი სპორტსმენების დონე ჩვენებისგან, თქვენებს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვთო. თუმცა ფიზმომზადებაში მოვიკოჭლებთ. შესასწავლი გვაქვს თვით ისეთი, თითქოს უმნიშვნელო დეტალიც კი, როგორიცაა შტანგის სწორად აწევა, როგორ უნდა მოჰკიდო ხელი - საბოლოოდ ეს უმნიშვნელო რამეც დიდ განსხვავებას იძლევა.

- გუნდის სადღეისო მომზადებით რამდენად ხართ კმაყოფილი?
- არავისგან არ გამიკვირდება ოქროს მედლის მოპოვება, იმდენად თანაბრად ძლიერი გუნდია. ღმერთის წყალობით, სერიოზული და განსაკუთრებული ტრავმა არავის აწუხებს. ევროპისთვისაც იმედიანად ვართ განწყობილები. იმდენად იმედიანად, რომ შარშანდელი ძალიან კარგი შედეგის - 3 ოქროს გაუმჯობესებასაც კი ვგეგმავთ.

ამჟამად 10-კაციან კვოტაზე ძირითადად 11 კაცია გამოკვეთილი, თუმცა ვფიქრობთ, დარჩენილი საერთაშორისო ტურნირების - ჩეხეთისა და გერმანიის შემდეგ 3-4 სპორტსმენი კიდევ დაგვემატება. უკვე დაგვემატნენ შარშანდელი სეზონის მედალოსნები ევროპა-მსოფლიოზე, რომლებიც უპრობლემოდ ჩაერთნენ გუნდში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი გუნდიდანაც 3-4 ბიჭს თავისუფლად შეუძლია ეროვნულ ნაკრებში ჩართვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუთუ რა ჯდება იმდენი, რომ ყველა საჭირო ინვენტარი ვერ შეიძინა ფედერაციამ.ჯობია სპორტის სამინისტრომ გაითვალისწინოს ეს ხარჯები და მეტად დააფინანსოს სპორტის სახეობა, რომელისაც ოლიმპიადაზე ყველაზე მეტად გვეიმედება. ერთი რამ ვერ გავიგე, ქართველი შტანგისტებისაგან რომ გესწავლათ შტანგისთვის ხელის სწორად მოკიდება არ შეოძლებოდა? თუ ძიუდოისტები სხვანაირად ჰკიდებენ ხელს:)
murtalo
12:48 16-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული