სხვა ქვეყნებში გადასული ქართველები აღარ გვიკვირს. ეგ კი არა, ბევრ ნაკრებში სულაც უცხოეთში დაბადებულ ქართველთა თაობაც გამოჩნდა. მაქაცარიაზე ბევრი ინფორმაცია არ გვქონდა და არც მისი წარმომავლობის შესახებ ვიცოდით რამე. ამიტომ შემთხვევით ვისარგებლე და ამ ხარვეზის შევსება ახლა
- სანდრო, როგორ აღმოჩნდით გერმანიაში, როდის წახვედით საქართველოდან?
- თბილისში დავიბადე 1996 წელს, სოლოლაკში. ძიუდოში ვარჯიშიც აქ დავიწყე მარჯანიშვილზე, "შევარდენის" დარბაზში, სპარტაკ გორგაძესთან. 2012 წელს, როცა გერმანიის პასპორტი ავიღე და იმათი სახელით ჩერნოგორიაში ევროპის ჩემპიონატზე ვიჭიდავე ჭაბუკთა შორის, კობა მჭედლიშვილი და კიდევ ზოგიერთი ბიჭი ვიცანი, იმ დარბაზიდან ვინც იყო.
გერმანიაში პირველად 2 წლისა წამიყვანეს მშობლებმა. მერე 8 წლისა დავბრუნდი საქართველოში, 2008 წლის ომის შემდეგ კი უკვე მთელი ოჯახი წავედით გერმანიაში საცხოვრებლად. დედაჩემი ისედაც იქ მუშაობდა და გადავწყვიტეთ, მთელი ოჯახი წავსულიყავით. გერმანიაში შტუტგარტის ახლოს, 30 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ როიტლინგენში ვცხოვრობთ.
- იქ გადასვლის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი კარიერა, უწყვეტად გააგრძელეთ ვარჯიში?
- თავიდან 6 თვე გამიცდა, ვიდრე ოჯახი დავლაგდებოდით და ახალ დარბაზს მოვძებნიდი. თავიდან გამიჭირდა იმ მხრივ, რომ არ მქონდა იქაური პასპორტი და ევროპისა თუ მსოფლიოს პირველობებზე არ მაჭიდავებდნენ. გერმანიაში რამდენი მედალიც უნდა მომეპოვებინა, უცხოეთში არ მიშვებდნენ. 2012 წელს პასპორტი ავიღე და ჭაბუკებში ევროპის ზემოხსენებულ ჩემპიონატზეც ვიჭიდავე, სადაც მესამე ადგილზე გავედი. იმის შემდეგ სულ პირველი ნომერი ვიყავი.
- ანუ გერმანულ ძიუდოში დამკვიდრება არ გაგიჭირდათ...
- არა, არ გამჭირვებია, რადგან საქართველოსთან შედარებით, იქ ძიუდო სუსტადაა განვითარებული. 2008-ში ჩავედი და 2011-ში გერმანიის ჩემპიონი გავხდი. 4-ჯერ მოვიგე იქაური პირველობა.
- როგორ ფიქრობთ, აქ რომ დარჩენილიყავით, მეტს მიაღწევდით?
- მგონი, მართლაც მეტს მივაღწევდი. აქაურ ძიუდოს ვერც შევადარებ გერმანულს. აქ ბევრად უფრო კარგი ვარჯიშებია და სპარინგ-პარტნიორებიც მეტია, იქ ამის საშუალება არაა. საქართველოში ბევრად უფრო სერიოზულად უდგებიან ვარჯიშს.
- ინდივიდუალურად თუ ახერხებთ საქართველოში სავარჯიშოდ ჩამოსვლას?
- ვერ ვახერხებ, რადგან ყოველ მეორე კვირას ან შეჯიბრებაზე ვართ, ან - შეკრებებზე. უცხოეთში ხშირად ვართ სავარჯიშოდ - ხან ერთი, ხანაც ორი კვირით. ამას შეჯიბრებებიც ემატება, თან სკოლაშიც დავდივარ და ვერ ვახერხებ ჩამოსვლას. ახლანდელ სტუმრობამდე, ხუთი წელიწადია, საქართველოში არ ვყოფილვარ.
- გენატრებოდათ საქართველო?
- როგორ არ მენატრებოდა! მე ხომ მთელი სანათესაო აქ მყავს, გერმანიაში მხოლოდ მშობლები, მე და ჩემი ძმა ვართ, სხვები აქ ცხოვრობენ. ბავშვობის მეგობრები, ძმაკაცები - სულ აქ არიან. თან ახლა ბიძაც გავხდი, მაგრამ უდროობის გამო ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას.
- ხომ არ გიფიქრიათ საერთოდ აქეთ გადმოსვლაზე და კარიერის აქ გაგრძელებაზე?
- ჯერჯერობით ამაზე არ მიფიქრია და მომავალში - ვნახოთ.
- პიროვნული ურთიერთობებიც კარიერასავით იოლად აგეწყოთ? რამდენად მეგობრული სიტუაციაა გუნდში?
- ადამიანებთან ურთიერთობა არ გამჭირვებია. კი, გარკვეული დრო გჭირდება, რომ შეეჩვიო ხალხს, მაგრამ ეს პროცესი უმტკივნეულოდ გადავლახე. გუნდშიც კარგი ბიჭები არიან, მეგობრული დამოკიდებულებაა ერთმანეთში.
- ქართველებთან საკმაოდ ხშირად გიწევთ მეტოქეობა. ეს როგორი მომენტია თქვენთვის, არის რამე სირთულე ამაში?
- ოოო, ეგ ცოტა ისეთი სიტუაციაა... მაგალითად, ორი წლის წინ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე უშანგი მარგიანთან წავაგე და მერე ის მეორე ადგილზე გავიდა. სხვასთან წაგებას მირჩევნია, ისევ ქართველთან დავმარცხდე და მერე იმან მოიპოვოს მედალი, რომელიც ისევ საქართველოში დაბრუნდება.
- მეგობრობთ რომელიმე მათგანთან?
- ადამიანური ურთიერთობა ყველასთან მაქვს, მაგრამ გამორჩეულად მეგობრობისთვის თავისუფალი დრო არ მრჩება. როცა გერმანიაში ჩამოდიან, თავისუფალი დრო თუ გვაქვს, დამყავს კლუბებში ან სადმე დროის გასაყვანად. აქ მუდმივ რეჟიმში ვარ და არ მცალია სადმე გასასვლელად. ძირითადად ტურნირებზე ვხვდებით ერთმანეთს და ჩვეულებრივი, ნორმალური დამოკიდებულება მაქვს მათთან.
- ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებით. ხართ კმაყოფილი ამ შეკრებით პირადად თქვენ, ან - თქვენი ნაკრები?
- ძალიან კმაყოფილები ვართ ყველანი. გერმანელები აქ ადრეც ყოფილან - ორი წლის წინ ყვარელში გაიარეს შეკრება და ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ უკან. ამიტომაც გადაწყვიტეს ახლა ჩამოსვლა. შარშანაც გვინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ საორგანიზაციო საკითხები ვერ მოაგვარეს დროულად და ამიტომ ვერ მოახერხეს.
სხვა ბიჭებიც ძალიან კმაყოფილები არიან, რადგან აქ კარგი ვარჯიშებია.
ირაკლი თავაძე
ისე, კარგი ყმაწვილი ჩანს, თავმდაბალი...