რიო 2016 და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: სტატისტიკური ტატამი

AutoSharing Option
მაშ ასე - უკვე გარკვეულია ოლიმპიადაზე წამსვლელი ქართველი ძიუდოისტების ვინაობა. მოლოდინისამებრ, ვაჟთა ნაკრები სრულადაა დაკომპლექტებული, ანუ შვიდივე წონაში გვყავს მონაწილე: ამირან პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი (100) და ადამ ოქრუაშვილი (+100).

გუნდი ძალიან ახალგაზრდულია: ყველაზე ასაკოვანი პაპინაშვილია - 28 წლის (ესეც 2 დღის წინ შეუსრულდა), ყველაზე უმრწემესი კი 21 წლის ღვინიაშვილია. ბარემ აქვე დანარჩენთა ასაკსაც გაგაცნობთ: მარგველაშვილი 22 წლისაა, შავდათუაშვილი - 24-ის, ჭრიკიშვილი -
25-ის, ლიპარტელიანი და ოქრუაშვილი კი 25 წლისანი არიან.

სამაგიეროდ, ეს შვიდეული ასაკის კვალობაზე ძალიან გამოცდილი და ტიტულოვანია, რამეთუ ნაკრებში მხოლოდ სამი დებიუტანტია - პაპინაშვილი, მარგველაშვილი და ღვინიაშვილი, თუმცა სამივე ტიტულოვანი. აი, გუნდის მიღწევები კი მართლაც შთამბეჭდავია - მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი (შავდათუაშვილი), მსოფლიოს ერთი გამარჯვებული (ჭრიკიშვილი), ერთიც ფინალისტი (ლიპარტელიანი) და ორი მესამეპრიზიორი (პაპინაშვილი, ოქრუაშვილი).

ამ შვიდეულიდან ექვსი სხვადასხვა წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა, მხოლოდ ღვინიაშვილს არ აქვს ეს ტიტული. ისიც უფრო იმიტომ, რომ ჯერჯერობით ვერ მოასწრო მისი მოპოვება, სხვებთან შედარებით ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის იმდენად მცირე გამოცდილება აქვს.

ყველაზე ტიტულოვანი შავდათუაშვილია, ვინც ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, ევროპის პირველობის სამივე სინჯის მედალს ფლობს. სხვათა შორის, სწორედ 2012 წელს მოპოვებულმა ევროპულმა ბრინჯაომ მოუტანა მას ლონდონის ოლიმპიადის საგზური, სადაც "ბოლო ვაგონს" შეახტა, მაგრამ იქ ფურორი მოახდინა და 20 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი გახდა.

ნაკრების შემადგენლობას ისტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპით თუ დავანაწილებთ, ქართლი ლიდერობს - 7-დან 5 კაცი მისი ორი რეგიონიდან, შიდა და ქვემო ქართლიდანაა, ერთი თბილისელია (ლიპარტელიანი), ერთი კი - მცხეთა-მთიანეთიდან (ოქრუაშვილი). ამ ოლიმპიადისთვის ადრე დათმობილი პოზიციები სრულად დაიბრუნა შიდა ქართლმა, რომელმაც ამჯერად თამაშებზე 4 ფალავანი მიავლინა: პაპინაშვილი (კასპი), მარგველაშვილი, ღვინიაშვილი (ორივე - ქარელი) და შავდათუაშვილი (გორი).

როგორც ვხედავთ, შიდა ქართლში რაოდენობრივად ქარელი ლიდერობს ორი მონაწილით, თუმცა ორივე მათგანი გორში ვარჯიშობს, იქაურ ძიუდოს სკოლას წარმოადგენს და რეგიონის ცენტრალურ ქალაქს სრული უფლება აქვს, ძიუდოში სამი ოლიმპიელი მიითვალოს.

ქვემო ქართლი ერთი მონაწილითაა წარმოდგენილი - ჭრიკიშვილი გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოდანაა. აქვე შევნიშნავთ, რომ ოფიციალურ საბუთებში პაპინაშვილი და ლიპარტელიანი აჭარის წარმომადგენლებად შეგხვდებათ, რადგან პირველის ოჯახი გარკვეული პერიოდი იქ ცხოვრობდა, მეორე კი ზღვისპირა ქალაქში სწავლობდა, მაგრამ სინამდვილეში ისინი, შესაბამისად, კასპსა და თბილისს წარმოადგენენ.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამჯერად ოლიმპიურ ნაკრებში წარმომადგენელი არ ჰყავს ძიუდოს ტრადიციებით უმდიდრეს კახეთის რეგიონს. არც იმერეთს და სვანეთს ჰყავთ მონაწილეები, რომლებიც ბოლო თამაშებში მუდამ დიდი წარმატებებით გამოდიოდნენ, მაგრამ მათი ისტორია არაფერია კახეთის ტრადიციებთან შედარებით. კახეთს ახლა სწორედ ისეთი ძნელბედობის დრო უდგას, როგორიც რამდენიმე წლის წინ გორს ჰქონდა, როცა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც უჭირდა წარმომადგენლის გაყვანა. იმედია, ეს ჩავარდნა კახეთშიც ისეთივე ბიძგის მიმცემი გახდება, როგორი აღმასვლაც ანალოგიურ ვითარებას გორში მოჰყვა.

ალბათ, არც თბილისისთვის უნდა იყოს სასიამოვნო ერთი წარმომადგენელი... თუმცა აქაც ის შემთხვევაა, რაც ქარელელებისა და გორის მაგალითზე - ჭრიკიშვილი და ოქრუაშვილიც თბილისში ვარჯიშობენ და აქაურ სკოლას წარმოადგენენ.

ოლიმპიადაზე 5 მონაწილე გვეყოლება განთესილებში: პაპინაშვილი, მარგველაშვილი, შავდათუაშვილი, ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი. საუკეთესო ოქტეტში მხოლოდ ღვინიაშვილი და ოქრუაშვილი ვერ მოხვდნენ. არადა, ოქრუაშვილი ბოლოს გავარდა ამ წონიდან, თორემ ლამის მთელი ციკლი სტაბილურად შედიოდა ხუთეულში.

ღვინიაშვილმა, უბრალოდ, ვერ მოასწრო საუკეთესო 8 კაცში მოხვედრა, რადგან წლეულს გადავიდა 100 კილოგრამში და ბევრი არც სალიცენზიო ტურნირი მოუწია. თუმცა ბევრიც არ დაჰკლებია განთესვამდე - ახლა სალიცენზიო რეიტინგში მე-13 ადგილზეა. ჩვენდა ჭირად, მის წინაც მხოლოდ ერთი ქვეყანაა გაორებული, მარტო გერმანიას ჰყავს ორი მონაწილე, ანუ რეიტინგში ერთი ადგილით წაიწევს წინ.

განთესვა და საუკეთესო 8 კაცში მოხვედრა იმითაა კარგი, რომ ძლიერებს და წონის ლიდერებს მეოთხედფინალამდე ასცდები, განუთესავი კი შეიძლება ბრმა წილისყრამ პირველივე წრეში მთავარ ფავორიტს შეგახვედროს. არადა, მოქმედი წესებით, მეოთხედფინალში მაინც უნდა გახვიდე, სანუგეშო წრეში გადასვლის საშუალება რომ მოგცენ.

განთესილებიდან ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ჭრიკიშვილს აქვს - მსოფლიოს რეიტინგშიც პირველია და - სალიცენზიოშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალამდე არ შეხვდება თავის მთავარ კონკურენტს, იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონ ტაკანორი ნაგასეს.

ამ წონაში განუთესავია კიდევ ერთი საშიში მეტოქე, ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ლოიკ პიეტრი, ანუ არაა გამორიცხული, ადრეულ ეტაპზევე შეხვდეს ჩვენებურს, თუმცა ის საკმაოდ ბევრს იკლებს. სავარაუდოდ, ესაა ძირითადი მიზეზი, რომ იშვიათად ჭიდაობს, ხოლო ბოლო შეჯიბრებებში არცთუ კარგად გამოვიდა. დღევანდელი რეიტინგით, მეექვსეა რუსთა ახალგამოწრთობილი ინგუში ევროპის ჩემპიონი ხასან ხალმურზაევი - ჭრიკიშვილმა მასთან წააგო ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალი, თუმცა ეს, დიდწილად, ტრავმის ბრალი იყო. თან, ისიც ნაგასეს მხარესაა, ანუ ფინალამდე არ ხვდება ჩვენებურს.

ერთი სიტყვით, ჭრიკიშვილს ჩინებული ბადე ექნება. ახლანდელ განლაგებაში მხოლოდ ხალმურზაევი თუ შეიცვლის ადგილს და გადავა ქართველის მხარეს, მაგრამ ესეც იმ შემთხვევაში, მის წინ მდგომი კანადა, ბულგარეთი და აშშ ლიცენზიებს თუ დაკარგავენ. თავის მხრივ, ესეც მაშინ მოხდება, ამ სამეულის ლიცენზირებული ფალავნები ტრავმას თუ მიიღებენ და ვერ შეძლებენ ოლიმპიადაზე წასვლას, რეიტინგში სხვა სახის გადანაცვლება კი, ახალი წესების სიმკაცრიდან გამომდინარე, დაუშვებელია.

როგორც წინა დღეებში გაცნობეთ, ჩვენი ნაკრები თამაშებისთვის უკვე ყვარელში ემზადება, წინა შეკრებები კი იაპონიასა და მონღოლეთში გაიარეს. ისინი ბრაზილიაში 26 ივლისის დილით გაფრინდებიან, ტურნირში კი 6 აგვისტოს ჩაებმებიან.

ძიუდოისტთაგან, ტრადიციულად, პირველი უმჩატესი წონის ფალავანი,  ანუ ამჯერად პაპინაშვილი იჭიდავებს.

ისტორიაში პირველად, მონაწილე გვეყოლება ქალთა ტურნირშიც - ჰოლანდიიდან გადმოსული ესტერ სტამი (70). 

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
პაპინაშვილმა ძიუდო ბათუმში შეისწავლა და შედეგებიც ბათუმიდან დაიწყო ასე რომ.
. . . . .
ქართველი
23:35 22-07-2016
0
ღვინიაშვილი ჩემპიონი გახდება. ასევე მინიმუმ ფინალს იჭიდავებენ ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი
giorgi
17:16 21-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული