საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?

AutoSharing Option
ბოლო ხანებში ძიუდოს ქომაგთა შორის განსაკუთრებით აქტუალური გახდა ვაჟთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ამ პოსტზე ხელახლა არჩევის შემთხვევაში ირაკლი უზნაძის შეცვლას და ახლანდელი მოდელიდან კურატორთა ინსტიტუტზე გადასვლას რომ აპირებდა, ადრევე განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა ნაკრების არასახარბიელო გამოსვლის შემდეგ კი მწვრთნელის ცვლილება გარდაუვალი ჩანდა.

ბოლო ხანებში ასევე აქტუალური გახდა კულუარული ხმები იმის შესახებ, რომ უზნაძეს ყველაზე ტიტულოვანი ქ
ართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე შეცვლიდა.

საქართველოში ამ თემაზე დისკუსია ჯერჯერობით არ დაწყებულა, ამასობაში კი რუსულმა საიტებმა უკვე გაავრცელეს ცნობა უზნაძის ცირეკიძით ჩანაცვლების შესახებ. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ დავით ქევხიშვილს, რომელსაც პრეზიდენტად ახალი ოთხწლიანი ვადით არჩევის შემდეგ ამგვარ ცვლილებაზე არაფერი განუცხადებია, თუმცა აღნიშნულ კომენტარში დაადასტურა, რომ მართლაც ემხრობა ასეთ ცვლილებას.

"ოფიციალურად ეს არსად განგვიცხადებია, თუმცა ამ თემაზე საუბრები გვქონდა ჯერ კიდევ ჩემ ხელმეორედ არჩევამდე. ვფიქრობ, მაქსიმუმ, 10 დღეში ან იქნებ უფრო ადრეც, ამ საკითხზე ფედერაციაში გავაკეთებთ განცხადებას.

როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, ინტენსიურად ვმუშაობ და ფედერაციაშიც ყველა მეთანხმება, რომ მოვიწვიოთ უცხოელი კონსულტანტი არა მარტო უფროსებში, არამედ ყველა ასაკობრივ ნაკრებში, სადაც განახორციელებს პროგრამირების სისტემას, დაგვეხმარება ტექნიკური მხარის დახვეწაში.

უფროს მწვრთნელთან და სამწვრთნელო გუნდთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი გვქონდა, თუმცა ჩემთვის ამ ეტაპზე უალტერნატივოა ის თემა, რომ ირაკლი ცირეკიძეს ეს შეუძლია, იმსახურებს და კარგად გააკეთებს.

ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ნაკრები ამ ადამიანმა ჩაიბაროს. ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნა, ჩემი, როგორც ფედერაციის პრეზიდენტის პრეროგატივაა. მთავარ მწვრთნელებს ნიშნავს პრეზიდენტი, რომლებიც წარადგენენ თავიანთ თანაშემწეებს, იმათ კი აღმასკომი ამტკიცებს", - გვითხრა ქევხიშვილმა.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ ტექნიკური მხარის დახვეწაში დაბლაჭიდში ჭიდაობის გაუმჯობესება იგულისხმება. ქევხიშვილის თქმით, მათ კონსულტანტად სახელოვანი ჰოლანდიელის, ოლიმპიურ ჩემპიონ მარკ ჰუზინგას მოწვევა სურდათ, ისიც თანახმა ყოფილა, მაგრამ ჰოლანდიის ნაკრებიდან მიუღია შეთავაზება და ეს ვარიანტი გამორიცხულა. ახლა, თურმე, მავან ცნობილ სამხრეთკორეელ მწვრთნელთან მიდის მოლაპარაკება და პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული