ძიუდოს აკადემიაში 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის შესარჩევი ტურნირი დასრულდა

AutoSharing Option
ძიუდოს აკადემიაში დასრულდა შესარჩევი ტურნირი 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის, რომელიც ამავე ასაკში ევროპის პირველობისთვის საგანგებოდ გამართული შესარჩევი შეჯიბრება გახლდათ. ამ ტურნირის მაგალითზე კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ასაკობრივი შეჯიბრებები და ისიც ასეთი შესარჩევი ტიპისა, სადაც ერთი მოგებით ან პირიქით - ერთი არასწორად გაკეთებული მოძრაობით ძალიან ბევრი დევს სასწორზე. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მართლაც მისწრებაა იმ ათლეტებისთვის, რომლებიც ასაკობრივი ნაკრებებიდან გადმოსვლის შემდეგ მყისიერად ვერ ხვდებიან ქვეყნის მთავარ ნაკრებში და მათი ნიჭის გაფლანგვის საშიშროება ჩნდება.

თუმცა ამ უქმეებზე აკადემიაში არა მხოლოდ ასეთები, არამედ
ახალგაზრდული ნაკრების ბევრი ლიდერიც გამოდიოდა (ტურნირზე ასაკობრივი ცენზი მოქმედებდა, რის გამოც ჭაბუკები შეჯიბრებაზე არ დაუშვეს). შეჯიბრება რომ საინტერესო გამოვიდოდა, წინასწარი განაცხადებიდანვე ჩანდა, იმდენი ნიჭიერი და ანგარიშგასაწევი ახალგაზრდა იყო მონაწილეთა შორის. საბოლოოდ, მართლაც საინტერესო შესარჩევი გამოდგა, საკმაოდ მაღალი დონის და არაერთმა ნიჭიერმა მოზარდმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი შესაძლებლობები; კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ თავის დროზე სპეციალისტებს მათზე ავანსები ჰაიჰარად არ გაუციათ.

შესარჩევი შეჯიბრება მხოლოდ ბიჭებში ჩატარდა, რადგან გოგოებში არც ამდენი მონაწილე გვყავს (მით უფრო - ამ ასაკში) და თან გადაწყვეტილია, რომ იმათგან ევროპაზე მხოლოდ ერთი იჭიდავებს - მარიამ ჯანაშვილი (52). თვით ეს ტურნირიც განსხვავებული ფორმატით გაიმართა სწორედ იმიტომ, რომ შესარჩევი იყო - რადგან მთავარი გამარჯვებულის გამოვლენა გახლდათ, ამიტომ მესამე ადგილები არც გათამაშებულა. შესაბამისად, არც სანუგეშო წრე ყოფილა.

როგორც გითხარით, მონაწილეთა შორის ბევრი იყო ახალგაზრდებში თავგამოჩენილი ათლეტი, ზოგიერთი სულაც ტალანტად მიჩნეული, ოღონდაც მათ ვერ გაიმარჯვეს, რაც შეჯიბრების დაძაბულობაზე, კონკურენციის მაღალ დონეზე მიუთითებს. მაგალითად,  პირველივე წრიდან გამოვარდა ჭაბუკებში მსოფლიოს ფინალისტი და ახალ თაობაში ერთ-ერთი ყველაზე ქებული რობინზონ ბეგლარაშვილი, თუმცა ის ამჯერად 60-ის ნაცვლად 66-ში მოგვევლინა და თან ასაკითაც პატარაა - ახალი გადმოსულია ჭაბუკებიდან; მეოთხედფინალიდან გამოვარდა ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი ირაკლი კუპატაძე (60), ფინალში დამარცხდა ასევე ტალანტად აღიარებული და მართლაც კარგი მონაცემების მქონე ევროპის შარშანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი ახალგაზრდებში თამაზ კირაკოზაშვილი (73) და სხვები.

განსაკუთრებით, კირაკოზაშვილზე შევაჩერებთ ყურადღებას, რომელიც ამჯერად 73-ში მოგვევლინა - ალბათ, აუცილებელია, მწვრთნელებმა, ექიმებმა ერთხელ და სამუდამოდ განუსაზღვრონ, მოუძებნონ მას ოპტიმალური წონა, თორემ ფაქტია - წონიდან წონაში მუდმივი მონაცვლეობა მასზე კარგად არ მოქმედებს. მართალია, ფინალში გასვლა არაა ურიგო შედეგი და არც ცუდად უჭიდავია, თუმცა ეს მაინც არაა ის ზღვარი, სადამდე გასვლაც ამ უნიჭიერეს ბიჭს შეუძლია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - აქ გადამწყვეტი სიტყვა სამწვრთნელო შტაბმა უნდა თქვას თავისი დამხმარე პერსონალით და როგორმე დაურეგულირონ მას წონა.

თუმცა თავისას ნურც ფინალში მის მძლეველ გიგა გიგაურს დავუკარგავთ, რომელმაც თავი ჯერ კიდევ ახალგაზრდული ევროპის გუნდური ტურნირიდან დაგვამახსოვრა და ეს შეჯიბრებაც მაღალ დონეზე ჩაატარა.

გიგაურის გარდა, კიდევ ბევრი იმსახურებს აღნიშვნას - 60 კილოგრამის ფინალისტები, ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ფინალისტი თორნიკე ნაგლიაშვილი, ვინც დამაჯერებლად მოიგო ტურნირი, ამავე ასაკში ევროპა-მსოფლიოს რამდენიმეგზის მედალოსანი ლევან გუგავა თუ 81 კილოგრამში ტორპედოსავით შეჭრილი გიორგი კაციაშვილი, ონისე სანებლიძე თუ ლაშა ტაველური. აბა, 90-ში უშანგი მარგიანი და მძიმეში გურამ თუშიშვილი ცალკე სალაპარაკო თემაა - ეროვნული ნაკრების წევრები სხვებზე მაღლა იდგნენ. განსაკუთრებით - თუშიშვილი, ვინც ყველა მეტოქეს დამაჯერებლად და ლამაზი გდებებით მოუგო, ფინალში კი გუგა კიბორძალიძე დააგდო.

მარგიანს შედარებით გაუჭირდა სანებლიძესთან, ვინც თავიდან ვაზარითაც იგებდა, მაგრამ დაიღალა, ტემპს ვერ გაუძლო. ეს შეხვედრა თაობათა შორის ბრძოლადაც შეგვიძლია მოვნათლოთ, ასაკში იმხელა სხვაობა იყო - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მომგები სანებლიძე ორი დღის წინ გახდა 18 წლისა და წლეულს გადმოვიდა ჭაბუკებიდან, ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე დიდი ტურნირის მომგები მარგიანი კი 22 წლისაა და ბევრად გამოცდილია. ზედა წონებიდან კარგი იყო ტაველურიც, 81-ის ფინალისტებიდან კი ორივე აღნიშვნის ღირსია კარგი ჭიდაობით. ოღონდ აქ ისე კი მოხდა, რომ 73-დან ამ შეჯიბრებისთვის ანაცვლებულ კაციაშვილს ძალიან ცოტა ხნით მოუწია დასვენება. თუმცა, მთავარია, რომ ორივემ კარგად იჭიდავა.

კონკურენციის თვალსაზრისით, თითქოს უფრო მეტი იმედის მომცემი ახალგაზრდა მჩატე წონებში გამოჩნდა. მაგალითად, 60 კილოგრამში რამდენიმე ძალიან კარგი მოზარდია, რომლებსაც დრო და სწორი წვრთნა სჭირდებათ - ნოზაძე, ჭაბუკებში მსოფლიოს მესამეპრიზიორი ხუბაშვილი, ბუბუნაური, იგივე კუპატაძე, სახელოვანი ნესტორ ხერგიანის ვაჟი ირაკლი ხერგიანი... ხუბაშვილი ფინალამდე ძალიან კარგი ჭიდაობით მივიდა, თუმცა იქ ნოზაძემ შეძლო მისი შეჩერება. ისიც ახალი გადმოსულია ჭაბუკებიდან, თუმცა ასაკით უფროსები არც მისი კონკურენტები არიან. ცხადია, ნოზაძეც მაღალ დონეზე გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალში მშვენივრად მოჭიდავე ვაჟა ბუბუნაურთან რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის, მაგრამ ბუბუნაურს სიჩქარეში ფეხში წაუცდა ხელი... ესენი ახალგაზრდები არიან და ზოგს წონის "დაჭერა" გაუჭირდება, მაგრამ უმეტესობა ამ ოლიმპიურ ციკლს ნამდვილად ჩაატარებს 60-ში და აქ დიდ კონკურენციას ვიხილავთ.

მისასალმებელია ნაგლიაშვილის სტაბილურობა, ოღონდ მას გელა კელიხაშვილმაც (66) დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ასევე კარგია ბაგრატ ნინიაშვილის (66) "შემობრუნება".

60 კგ.
1. თემურ ნოზაძე; 2. ივანე ხუბაშვილი; 3. ირაკლი ხერგიანი, ვაჟა ბუბუნაური.

66 კგ.
1. თორნიკე ნაგლიაშვილი; 2. გელა კელიხაშვილი; 3. ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი გუგულაშვილი.

73 კგ.
1. გიგა გიგაური; 2. თამაზ კირაკოზაშვილი; 3. ომარ ნიაზაშვილი, ბექა უდესიანი.

81 კგ.
1. ლევან გუგავა; 2. გიორგი კაციაშვილი; 3. ბექა დონღვანი, ტრისტან მოსახლიშვილი.

90 კგ.
1. უშანგი მარგიანი; 2. ონისე სანებლიძე; 3. გიორგი ობოლაშვილი, გიორგი მუზაშვილი.

100 კგ.
1. ლაშა ტაველური; 2. ნიკა აბულაძე; 3. რევაზ წულუკიძე, ნოდარ ბერიანი.

+100 კგ.
1. გურამ თუშიშვილი; 2. გუგა კიბორძალიძე; 3. ჯაბა მუმლაძე, გიორგი ლაზუაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული