მოგეხსენებათ, იქაურთა მთავარი მწვრთნელი ჩვენგან წასული ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერია, ვინც გაფართოებული შემადგენლობით, 40-მდე შეგირდით გვესტუმრა. მათ შორის იქაურთა თითქმის ყველა წარმატებული სპორტსმენია - მსოფლიოს მედალოსანი ორხან საფაროვი (60), ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ფინალისტი რუსტამ ორუჯოვი (73), მსოფლიოს ჩემპიონი ელხან რაჯაბლი (100) და სხვები. არის ქართველი უშანგი კოკაურიც (+100). ერთადერთი, ვინც ტიტულოვანთაგან აკლიათ, რიოს ოლიმპიადის მეორე ფინალისტი ელმარ გასიმოვია (100), რომელიც ტრავმის გამო ვერ გვესტუმრა.
ერთობლივი შეკრება ძიუდოს
დასასრულ, დავძენთ, რომ ანალოგიური ერთობლივი წვრთნები ძიუდოს აკადემიაში ბლომად გაიმართება და აზერბაიჯანელთა მსგავსად, კიდევ ბევრი ნაკრები გვეწვევა, მათ შორის - მსოფლიოს წამყვანი გუნდებიც დიდი სიხარულით ჩამოვლენ, ფედერაციას თავისი სასტუმრო რომ ჰქონდეს.
სამწუხაროდ, ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, არა და არ დაადგა საშველი აკადემიაში ჩასახლებული დევნილების ბინებით უზრუნველყოფას, რომ მათ დატოვონ იქაურობა, ფედერაციას კი გამოთავისუფლებულ ფართში სასტუმროს მოწყობის საშუალება მიეცეს.
ამ პრობლემის მოგვარებას ხელისუფლება, პირადად ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ჰპირდებოდნენ, სპორტისა და დევნილთა მინისტრებზე რომ არაფერი ვთქვათ, როცა შარშან ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საზეიმოდ გახსნეს ძიუდოს აკადემია. იყო შეპირება, რომ ფესტივალის შემდეგ იქაურ დევნილებს თბილისის ზღვაზე გამოთავისუფლებულ ოლიმპიურ ქალაქში გადასცემდნენ ბინებს, მაგრამ შეპირება დღემდე შეპირებად რჩება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"