მამლუქები და ნატურალიზებულები - ქართველები, ვინც ოლიმპიადაზე დაგვიპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში ამჯერად ლეგიონერი ცოტაა - სულ ორი ნატურალიზებული ოლიმპიელი გვყავს და ორივე ქალია: ძიუდოში ჰოლანდიიდან გადმოსული ევროპის წლევანდელი ფინალისტი ესტერ სტამი (70) და უკრაინელი მძლეოსანი სიმაღლეზე ხტომაში ვალენტინა ლიაშენკო. ამათგან სტამმა თავისით ითხოვა გადმოსვლა რამდენიმე წლის წინ, ლიაშენკო კი ქართული მხარის შეთავაზებით უფრო გვიან დადგა ქართული დროშის ქვეშ.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე "მამლუქთა" რიცხვიც გაცილებით მცირე იქნება და ყველა მათგანი საჭიდაო სახეობებზე - ძიუდოზე, თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებზე მოდის.

წინასწარი მონაცემებით, თავისუფალ ჭიდაობაში ყველაზე მეტი "მამლუქი" სომხეთიდან იქნება.

მათ სულ ოთხი საგზური აქვთ და აქედან ორი ჩვენებურებზე მოდის - ლევან ბერიანიძე (125) და გიორგი კეტოევი (97), ვინც თავის დროზე თბილისიდან წასული გიორგი ქეთიშვილია, ჩვენი ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ ლაშა ქეთიშვილის უმცროსი ძმა.

სომხეთის ნაკრებში ადრე 97-ში ვალერი ყაზიშვილიც გამოდიოდა, თუმცა ამჯერად ულიცენზიოდ დარჩა. ყაზახეთის გუნდში ასლან კახიძე (86) დააყენეს, ბერძენ-რომაელებში კი ერთადერთი ქართველი 85 კილოგრამში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძეა რუსეთიდან.

რუსთა ქართველმა თავკაცმა გოგი კოღუაშვილმა ის ამჯობინა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსეი მიშინს. თუმცა ჩაკვეტაძემაც მოუგო მას პირადი შეხვედრა რუსეთის ჩემპიონატის ფინალში, ოღონდ ეს ცოტა სკანდალური პაექრობა გამოდგა - ერთ მომენტში მიშინმა ფეხის დახმარებით გააკეთა ილეთი, რაც მსაჯებმა არ ჩათვალეს, მაგრამ თავად ფალავანი დიდხანს აპროტესტებდა ამას.

კოღუაშვილსაც მიზეზი მიეცა და ბოლომდე დაიცვა თანაქალაქელი ჩაკვეტაძე (წარმოშობით ორივე ქუთაისელია) - ყურიც არ ათხოვა მიშინის ბანაკის პროტესტს და მათ შორის საკონტროლო შეხვედრაც არ დანიშნა. თუმცა ეს დაცვა კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, როგორც წინა თამაშების შესარჩევში გადაეფარა კიდევ ერთ ქუთაისელ ამბაკო ვაჩაძეს.

სამწუხაროდ, ამჯერად ქართველები ვერ მოხვდნენ უკრაინის ნაკრებში, ბელარუსის, აზერბაიჯანის და სხვა გუნდებში. უკრაინიდან ყველაზე რეალური კანდიდატი თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის მესამე პრიზიორი გია ჩიხლაძე (74) იყო, მაგრამ ამ წონაში უკრაინამ საერთოდ ვერ მოიპოვა საგზური. იგივე მდგომარეობაა ბელარუსთა ბერძნულ-რომაულ ნაკრებში მძიმე წონაშიც, სადაც ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი იოსებ ჩუგოშვილი გამოდის, თუმცა ისინიც უსაგზუროდ დარჩნენ.

აზერბაიჯანში ამჟამად ორი ჩვენებური ჭიდაობს: თავისუფალში ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი (57) და ბერძნულ-რომაულში - ევროპის სამგზის მესამე პრიზიორი შალვა გადაბაძე (98). 57-ში ლიცენზია სხვამ მოიპოვა, თუმცა არათუ ედიშერაშვილი, არამედ ის მომპოვებელიც არ დააყენეს და მის ნაცვლად ზედა წონაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰაჯი ალიევს უხმეს (ოღონდ ეს ცნობა საბოლოო ჯერ კიდევ არაა). გადაბაძეს რაც შეეხება, ბევრს კი ეცადა საგზურის დაუფლებას, ორ სალიცენზიო ტურნირშიც გამოვიდა და პირველში, სერბულ ზრენჯანინში მესამეზეც გავიდა, თუმცა საგზურს მხოლოდ ფინალისტები იღებდნენ.

საბოლოოდ ჩვენებურსაც ხელი მოეცარა და მის კონკურენტსაც, შედეგად კი ესაა ერთადერთი წონა ბერძნულ-რომაულში, სადაც აზერბაიჯანი ულიცენზიოდ დარჩა.

ძიუდოში რამდენიმე "მამლუქი" დაგვიპირისპირდება: ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი (60) ბეკირ ოზლუს გვარ-სახელით თურქეთიდან გამოდის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია (66) ისევ უკრაინიდან ჭიდაობს, საბერძნეთიდან გამოდის მსოფლიოს სამგზის, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური; 90), ხოლო მძიმე წონაში აზერბაიჯანიდან უშანგი კოკაური იასპარეზებს.

ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძოდნენ ანრი ეგუტიძე (81) პორტუგალიიდან, ნიკოლოზ შერაზადაშვილი (90) ესპანეთიდან და სხვები, თუმცა ვერ მოხვდნენ 22-კაციან ზონაში.

ამჯერად ქართველები უცხოეთის გუნდებში სხვა სახეობებში არ იქნებიან. ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა ბარსელონას თამაშების მესამე პრიზიორი გუნდურში ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი), ვინც აშშ-ის სახელით გამოდის.

ბოლო წლებში საჭიდაო სახეობებში მომრავლდნენ ქართველ ემიგრანტთა შვილები ანუ ის თაობა, რომელიც უკვე ყოფილი საბჭოთა კავშირის, აღმოსავლეთ თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დაიბადნენ და იქვე ჩამოყალიბდნენ სპორტსმენებად.

სავარაუდოდ, მათ ხარჯზე მომავალში "მამლუქთა" რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა საკითხავია, იქნებიან თუ არა ისინი კლასიკური "მამლუქები", როგორიც ახლაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
/ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი (60) ბეკირ ოზლუს გვარ-სახელით თურქეთიდან გამოდის/


ჰმ, ახლა მიხვდიტ ტურქები რატომ გახდნენ 1 საუკუნეში 80 მილიონი ანუ 6 X მეტნი და ჩვენ რატომ ორჯერ შევმცირდიტ?
turqis sinsila!!!!
23:26 31-07-2016
0
წახვიდე და სომხეტში?
მანდ ხომ ტავადა სომხებიც აღარ არიან
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული