პოდუბნის ტურნირი: ქართველები ოქრო-ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" წარმატებით იჭიდავეს ამ უქმეებზე მოსკოვში დამთავრებულ ივან პოდუბნის სახელობის "დიდ პრიზზე", სადაც 2 მედალი მოიპოვეს - თითო ოქრო და ვერცხლი. ამ პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (80) გახდა, ვერცხლი კი რობერტ კობლიაშვილს ერგო 85 კილოგრამში, რადგან ფინალში რუსთა ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ჩაკვეტაძესთან დამარცხდა.

ბრინჯაოს მოპოვება საჩინო დავითაიასაც (71) შეეძლო, მაგრამ დასკვნით ეტაპებზე მოუკლო და მეხუთეზე დარჩა. ჩვენი გუნდის სხვა წევრებთან შედარებით უკეთ მინდია წულუკიძე (75) გამოვიდა - VII ადგილი.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრები ძალიან დიდი პაუზის შემდეგ
გამოვიდა ამ ტურნირში - ჩვენი მონაცემებით, იქ ბოლოს შორეულ 1993 წელს ვიჭიდავეთ. ტურნირი, ტრადიციულად, ძლიერი გამოდგა - 11 ქვეყანა ასპარეზობდა.

დათუნაშვილი VS შარაფეტდინოვი
ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ოლიმპიადის შემდეგ ახალ წონაში - 80 კილოგრამში გამოდის და წონას არ იკლებს. მომავალ ოლიმპიადამდე ის აქ აპირებს ასპარეზობას, ტოკიოს თამაშებისთვის კი ისევ 75-ში აპირებს დაკლებას, რადგან მისი ამჟამინდელი წონითი კატეგორია არაოლიმპიური წონაა, თუმცა გაისად წონითი კატეგორიები იცვლება და ვნახოთ, რას დაადგენენ ზემდგომნი, სად მოუწევს დათუნაშვილს დარჩენა, ჯერჯერობით კი ის 80 კილოგრამშიც მშვენივრად გამოდის: დეკემბერში ამ წონაში მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, ახლა კი ამ პრესტიჟულ შეჯიბრებაზეც გაიმარჯვა.

თან ნახევარფინალში რუსთა კაზაკ მსოფლიოს მესამეპრიზიორ იმილ შარაფეტდინოვს 2:1 აჯობა. ამჯერად უჩხუბრად და უდავიდარაბოდ. შეგახსენებთ, რომ ისინი ნოემბერში რუმინეთშიც შეხვდნენ ერთმანეთს "ევროპის ერთა თასზე", რაც გვარიანი ჩხუბით დამთავრდა. საბედნიეროდ, ამჯერად საქმე აქამდე არ მისულა და ჩვენებური უდავიდარაბოდ გავიდა ფინალში.

დათუნაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისუფალი იყო, მერვედფინალში კი საკმაოდ ძნელ პაექრობაში ჩამოიცილა რუსი ჰუსეინ ზანგურადოვი - შეხვედრა ფრედ დასრულდა, 2:2, თუმცა ბოლო ქულის დამსახურებით, მეოთხედფინალის საგზური ქართველს ერგო. იქ მეორე რუსს - ბესლან ასაკალოვს 2:1 აჯობა, ნახევარფინალში შარაფეტდინოვთან პაექრობაზე კი უკვე მოგახსენეთ.

ფინალში დათუნაშვილის მეტოქე ისევ რუსი აღმოჩნდა, მაგრამ შედარებით უცნობი - ადლან აკიევი. ეს შეხვედრაც ფრედ დამთავრდა - 3:3, დათუნაშვილმა კი ისევ დამატებითი მაჩვენებლებით მოიგო. მან თავის სტილში იჭიდავა - აკადემიურად, გამოზომილად, აჩქარებისა და ზედმეტი ფაციფუცის გარეშე. ფიზიკურად კარგად მომზადებული მეტოქე ბევრს კი ეცადა შეხვედრაში გარდატეხის შეტანას, მაგრამ მის კოზირებს ქართველმა გამოცდილება დაუპირისპირა. თუმცა ბოლოს, როცა 1:3-ს აგებდა, კიდევაც მოუმატა და დასრულებამდე 22 წამით ადრე საჩემპიონო გდება შეასრულა - მეტოქე წრიდან გასვლას ცდილობდა, მაგრამ არ გაუშვა და უკნიდან წელში შესულმა 2-ქულიანზე გადააგდო.

ამით ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ბოლო ქულების გამო გამარჯვება ქართველს დარჩა. აკიევმა ქულები უფრო ჩვენებურის გაფრთხილებისა და წრიდან გასვლის ხარჯზე მიიღო, დათუნაშვილმა კი გდებით მოიგო, რაც მის ოსტატობაზე მიუთითებს.

კობლიაშვილი VS ჩაკვეტაძე
რობერტ კობლიაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე ისვენებდა და ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო, ფინალამდე კი მხოლოდ რუსებს შეხვდა და ყველას მოუგო. თუმცა იმათგან მეტ-ნაკლებად ძლიერი მხოლოდ მსოფლიოს პირველობის ფინალისტი ევგენი სალეევი იყო, ვისაც მეოთხედფინალში 2:1 სძლია.

მანამ ჩვენმა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ბოგდან ჩურკინს 3:0 სძლია, ნახევარფინალში კი არტურ სურიკოვს 1:1-ზე, ბოლო ქულის დამსახურებით აჯობა.

როგორც გითხარით, ფინალში კობლიაშვილის მეტოქე რუსთა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ჩაკვეტაძე იყო, ვინც შეხვედრა ანგარიშით 3:1 მოიგო.

პირველ დღეს მედლამდე ერთი მოგება დააკლდა საჩინო დავითაიას (71), ვინც ჩვენი გუნდის მეორე ნახევარფინალისტი გახდა. იქამდე მისასვლელად ჩვენებურმა სამი პაექრობა მოიგო. საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ ძლიერი ხორვატი, 23-წლიანებში ევროპის ფინალისტი და ევროპული თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი დომინიკ ეტლინგერი 2:1 დაამარცხა, შემდეგ კი ჯერ ერთი რუსი - არტემ ტერზიანი 3:3-ზე ჩამოიცილა გზიდან, ხოლო მერე მეორეს - პაველ უვაროვს მოუგო 8:3 და ნახევარფინალში გავიდა.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ ჩვენებურმა წარმატებას ვეღარ მიაღწია - ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა მასპინძელ იური დენისოვთან 3:5 დათმო, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი რუს ევგენი ვისოტინთან 1:5 წააგო და მეხუთეზე დარჩა.

წაგებულები
იაკობ ქაჯაიამ (130) მერვედფინალში რუსი ლომ-ალი აკაევი 4:0 დაამარცხა, მაგრამ მომდევნო წრეში 1:1-ზე დათმო რუსთა ოლიმპიურ პრიზიორ სერგეი სემენოვთან. ქაჯაიამ ვერც სანუგეშოში იყოჩაღა - პირველივე შეხვედრა 4:6 დათმო რუს ალექსეი გრიშინთან.

ამ წონაში რუსეთის სახელით სამი ქართველი გამოდიოდა: რაფაელ ციციაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა ივან პარშინთან. გიორგი ჩანქსელიანმა ლატვიელი ულდის გრუზინსი წმინდად, 8:0 დაჯაბნა, მაგრამ მერვედფინალიდან მაინც გამოვარდა, რადგან უზბეკ მუმინჯონ აბდულაევთან 2:5 წააგო, ხოლო გურამ გედეხაური ნახევარფინალში გავიდა, თუმცა მაინც უმედლოდ დარჩა: ჯერ სემენოვთან დათმო, მერე კი დამამშვიდებლის ფინალში გრიშინთანაც დამარცხდა.

რამდენიმე ჩვენი ფალავანი პირველივე წრიდან გამოვარდა: გიორგი დავითაიამ (66) უზბეკ მირზობეკ ბახრამოვთან 3:7 დათმო, გიორგი დათუნაშვილი (75) რუს დმიტრი პეტაიუკინთან 2:6 დამარცხდა, ნიკოლოზ კელასოვმა (80) კი 1:2 წააგო რუს ნიკიტა ზუბკოვთან. არც ერთ ჩვენებურს მერე არც სანუგეშოში გადასვლის შანსი მისცემია.

პირველივე წრიდან გამოვარდა ვლადიმერ გეგეშიძეც (98), ოღონდ ის რევაზ ნადარეიშვილთან საჭიდაოდ არ გავიდა. თუმცა შორს ვერც ნადარეიშვილი წავიდა - მეორე შეხვედრა რუს კონსტანტინ ეფიმოვთან 3:7 წააგო და გამოვარდა.

ტურნირში ყოჩაღად ჩაება მინდია წულუკიძე (75) - საკვალიფიკაციო წრეში ლატვიელი ევგენის კოლცოვსი ჩოქბჯენში ჩაიყვანა და ოთხჯერ ზედიზედ დაატრიალა, რითაც ანგარიში 8:0 გახდა, ანუ წმინდად მოიგო, ეს კი სულ რაღაც 53 წამში გააკეთა. მერე რუს ზაურ გუბაევსაც დამაჯერებლად - 4:7 აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში ხორვატ ანტონიო კამენჯასევიჩთან 4:5 დამარცხდა. ეს ტურნირიდან გამოთიშვად დაუჯდა, რადგან ნახევარფინალი ხორვატმაც წააგო.

59 კილოგრამში მონაწილე არ გვყავდა.

ივან პოდუბნის სახელობის "დიდ პრიზი"
კვარლცხბეკი
59 კგ.
1. მინგიან სემენოვი; 2. ჟანბოლატ ლოკაევი; 3. სტეფან მარინიანი, სერგეი ემელინი (ოთხივე - რუსეთი).

66 კგ.
1. ალექსეი კიანკინი; 2. ზაურ კაბალოევი; 3. მარატ გარიპოვი, პაველ სალეევი (ოთხივე - რუსეთი); 22. გიორგი დავითაია (საქართველო).

71 კგ.
1. აბუიაზიდ მანციგოვი; 2. იური დენისოვი; 3. მარეკ ოგანიანი, ევგენი ვისოტინი (ოთხივე - რუსეთი); 5. საჩინო დავითაია (საქართველო).

75 კგ.
1. ჩინგიზ ლაბაზანოვი; 2. ალექსანდერ ჩეხირკინი; 3. დმიტრი პეტაიკინი (სამივე - რუსეთი), ანტონიო კამენჯასევიჩი (ხორვატია); 7. მინდია წულუკიძე; 23. გიორგი დათუნაშვილი (ორივე - საქართველო).

80 კგ.
1. ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო); 2. ადლან აკიევი; 3. იმილ შარაფეტდინოვი, ჰაჯიმურად ჯალალოვი (სამივე - რუსეთი); 19. ნიკოლოზ კელასოვი (საქართველო).

85 კგ.
1. დავით ჩაკვეტაძე (რუსეთი); 2. რობერტ კობლიაშვილი (საქართველო); 3. რუსლან იუსუპოვი, ევგენი სალეევი (ორივე - რუსეთი).

98 კგ.
1. ნიკიტა მელნიკოვი; 2. მუსა ევლოევი; 3. მაქსიმ საფარიანი, კონსტანტინ ეფიმოვი (ოთხივე - რუსეთი); 9. რევაზ ნადარეიშვილი; 23. ვლადიმერ გეგეშიძე (ორივე - საქართველო).

130 კგ.
1. სერგეი სემენოვი; 2. ბორის ვაინშტაინი; 3. ალექსეი გრიშინი (სამივე - რუსეთი), დელი ლიუ (ჩინეთი); 11. იაკობ ქაჯაია (საქართველო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /

ს ა კ ვ ი რ ვ ე ლ ი ა
განსაკუთრებით ქაჯაიას და ნადარეიშვილის წარუმატებები,ან რაღაც წამლებით აქვთ დაბერილი კუნთები,ან ფსიქიკური პრობლემები აქვთ და ან მათზე უნდა ი მ უ შ ა ვ ო ნბოლო-ბოლო შ ე დ ე გ ე ბ ი ხომ უნდა ა ნ ა ხ ო ნ ?!
ან უბრალოდ შემცვლელებია მოსაძებნი-
ჭიდაობებში და
კლასიკურში მსოფლიო და ულიმპიური ჩემპიონები გ ვ ჭ ი რ დ ე ბ ა!
glaxuna
16:34 23-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული