ირანელ მწვრთნელს საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრების გაწვრთნა სურს

AutoSharing Option
თურმე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში მთავარ მწვრთნელად მუშაობა ირანელ ჯამშიდ ჰაირაბადის მოუწადინებია და ამ წინადადებით ჩვენი ჭიდაობის ფედერაციისთვისაც მოუმართავს, მაგრამ უარი მიუღია.

ამის შესახებ თავად საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ გვითხრა:

- ჩვენთან, ფედერაციაში მისი ძმა იყო მოსული და გვითხრა, რომ უნდოდა ჩვენთან სამუშაოდ ჩამოსვლაო. ჯერ კიდევ ვფიქრობთ, მაგრამ არა მგონია, დავეთანხმოთ.

მე როგორც ვიცი, ის ჩამოდის თავისი გუნდით, 5-6 კაცთან ერთად, მე კი საქართველოს ნაკრებში თუ ქ
ართველი მწვრთნელი არ მეყოლება, ის თუ არ გაიზარდა, არ იარა ტურნირებზე, არ შეაფასა და არ მიხედა ბიჭებს, მასეთი უცხოელი არც მწვრთნელი მჭირდება და არც - სპორტსმენი.

ერთი მწვრთნელი კიდევ შეიძლება, რაღაც საკითხებში დასახმარებლად რომ ჩამოვიყვანოთ, მაგრამ ხუთივე - რა გითხრათ.

შეგახსენებთ, რომ ჰაირაბადი ბოლო ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობდა, სადაც მართლაც თავისი გუნდით მივიდა, მაგრამ ნაოლიმპიადევს არასახარბიელო შედეგების გამო გუნდიანადვე გამოუშვეს იქიდან.

ირანელი აზერბაიჯანში 2012 წლის დეკემბერში გამოჩნდა, როცა პოსტზე თურქი სალიხ ბორა შეცვალა. ვერ ვიტყვით, რომ ამ პერიოდში წარუმატებლად გამოდიოდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, თუმცა წარმატებებს მიჩვეულ აზერბაიჯანელებს ოქროს მედლები კი დაუძვირდათ - ჰაირაბადის ხელში ორი ოქრო ბაქოში 2015 წელს გამართულ ევროპულ თამაშებზე მოიპოვეს, მსოფლიოზე კი მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ.

თუმცა მთავარი, რამაც ჩვენი მეზობლების მოთმინების ფიალა აავსო, ოლიმპიადაზე სუსტი გამოსვლა იყო - მხოლოდ ორი ბრინჯაო, რაც არანაირად არ შეესაბამებოდა მათ მზარდ მადას. ორი ბრინჯაო კი არა, ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ ორი ოქროს მოპოვების მიუხედავად, მაინც გაათავისუფლეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დაღესტნელი მთავარი მწვრთნელი საიპულა აბსაიდოვი. თუმცა საკმაოდ სანდო წყაროებიდან ცნობილია, რომ იქ პოლიტიკური მოტივი ჩაერია - დაღესტანს აზერბაიჯანთან თავის სამხრეთ საზღვრებზე პრეტენზიები აქვს, აბსაიდოვი კი ამ თემებზე ლაპარაკს არათუ არ ერიდებოდა, პირიქით, აფიშირებასაც ახდენდაო.

ასეა თუ ისე, მოგვიანებით ის მაინც დააბრუნეს ძველ პოსტზე და რიოშიც მან გაიყვანა იქაურთა გუნდი, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი - ნოემბერში ჰარაბადისთან ერთად დაატოვებინეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა.

ამასობაში ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება ჩვენი ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელთა ვინაობა. ჯერჯერობით გადაწყვეტილი მხოლოდ ისაა, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მსოფლიოს თასისთვის გიორგი იანტბელიძე ამზადებს, ვინც გეგეშიძის კანდიდატურაა, მაგრამ მისი პერსონა პრეზიდიუმმა უნდა დაამტკიცოს.

პრეზიდიუმის სხდომის თარიღს ფედერაცია მალე გამოაცხადებს, მან კი, მთავარ მწვრთნელთა გარდა, ფედერაციის ხელმძღვანელ პირებზეც - გენერალურ მდივანსა და ვიცე-პრეზიდენტებზეც უნდა იმსჯელოს.

სამაგიეროდ, გარკვეულია საქართველოს ჩემპიონატების გამართვის თარიღი ვაჟთა ორივე სტილში: "ბერძენ-რომაელთა" პირველობას 14-15 თებერვალს თბილისში სპორტის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. მას ქართველებთან ერთად სომეხი და აზერბაიჯანელი მსაჯებიც განსჯიან. "თავისუფლების" ჩემპიონატი 6-7 მარტს გაიმართება. დიდი ალბათობით - იმავე დარბაზში.

ასაკობრივი ნაკრებებიდან 23-წლიანებმა ორივე სტილში უკვე მოილიეს ქვეყნის პირველობები, ასევე - 20-წლამდელებში "თავისუფლებმაც", ბერძნულ-რომაულში კი 25-26 თებერვალსაა დაგეგმილი დიღომში, თუმცა, შესაძლოა, ეს თარიღი ცოტათი შეიცვალოს, რადგან დაახლოებით იმავე პერიოდში ამ გუნდს ავსტრიაშიც სურს ტურნირზე წასვლა. ჭაბუკებში ქვეყნის პირველობები მარტის ბოლოსაა ნავარაუდევი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რომ კარგი მწვრთნელი იყოს ირანშიც ნახავდა სამუშაოს
ალეკსანდრე
18:44 09-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული