გაისად ახალგაზრდულს ვერა, მაგრამ სხვა სახის მსოფლიოს ჩემპიონატს მაინც ვუმასპინძლებთ - 15-17 ივლისს ბათუმში პლანეტის პირველობა საპლაჟო ჭიდაობაში ახალგაზრდებსა და უფროსებს შორის ჩატარდება. ასევე გაიმართება კარტოზია-ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირები, წლეულს "ოქროს დიდი პრიზის" შესარჩევის სტატუსი არ ექნება – ამგვარ შეჯიბრებას უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი უმასპინძლებს.
ამასობაში თანდათან გაირკვა მწვრთნელთა საკითხი საჭიდაო ნაკრებებში. უფრო სწორად, გარკვეული დეტალები გამოიკვეთა, თორემ კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია. როგორც ირკვევა, პოსტს შეინარჩუნებს "თავისუფალთა" თავკაცი ზაზა თურმანიძე - ჩანს, მას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებულმა ბრინჯაოს მედლებმა უშველა, თორემ იმ ტურნირამდე მის შეცვლაზეც აქტიურად ბჭობდნენ და კონკრეტულ კანდიდატურებსაც განიხილავდნენ. რაც შეეხება ბერძენ-რომაელთა დამრიგებელ ბეგი დარჩიას, სავარაუდოდ, ის პოსტს დატოვებს. მის ადგილზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ყველაზე მეტს ბადრი ხასაიაზე ლაპარაკობენ. მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონმა ხასაიამ ამ ზაფხულს დაანება თავი ჭიდაობას და მალევე ნაკრების მწვრთნელად მიიწვიეს. მასზე, როგორც დარჩიას შემცვლელზე, მაშინვე დაიწყო ლაპარაკი, რაც დღეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა, მაგრამ ეს კანდიდატურა ჯერ კიდევ ბევრ წინააღმდეგობას იწვევს როგორც სახელისუფლებო წრეებში, ასევე - თავად საჭიდაო სამყაროში. მთავარი ბარიერი მისი გამოუცდელობაა. მით უფრო, იმ ფონზე, როცა გამობრძმედილი მწვრთნელები მოგვეპოვება. უცნაურია, რომ თითქმის არ ლაპარაკობენ ოთარ ტატიშვილზე, თუმცა მისი კანდიდატურა არარეალური გვგონია - ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მთლად კარგი ურთიერთობა არ აქვს, რადგან ხშირად არ ეთანხმება მათ და არც აგრესიულად მორჩილ უმრავლესობას მიეკუთვნება. ხასაიას გარდა, ასევე ახსენებენ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილსაც, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მაგრამ თუ ფედერაციაში მართვის სისტემა არ შეიცვალა და დისციპლინას უმთავრესი ყურადღება არ მიექცა, თუ ნაცნობ-მეგობრობა საფუძველშივე არ მოისპო და წინა პლანზე პროფესიული მიდგომები არ გადმოვიდა, მხოლოდ მწვრთნელთა შეცვლა საქმეს ვერ უშველის - შედეგი იგივე იქნება. ჩვენი გუნდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩავარდნა მხოლოდ მწვრთნელების ბრალი არაა, თუმცა ეს ცალკე წერილის თმაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"