მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში არ იქნება

AutoSharing Option
გაისად მოჭიდავეთა ახალგაზრდული მსოფლიოს პირველობის თბილისში გამართვა, სამწუხაროდ, ბლეფი აღმოჩნდა. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ პრესკონფერენციებზე რამდენჯერმე ეს საკითხი გადაწყვეტილად გაგვაცნო და პირდაპირ გვითხრა, გაისად ამ შეჯიბრებას ჩვენ ვუმასპინძლებთო, თუმცა ხსენებულ პერსპექტივას შავი ღრუბლები რომ ეფარებოდა, ჯერ კიდევ აგვისტოში, დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე მოჭიდავეებთან სტუმრობისას გავიგე. მაშინ მასპინძელთაგან ერთ-ერთმა კერძო საუბარში განაცხადა, რომ ამაზე საერთაშორისო ფედერაციას (FILA) საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, კონკურენტები კი რუმინეთი და ეგვიპტე იყვნენ. FILA-მ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ამ მნიშვნელოვანი ტურნირის ჩატარება რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს
დაავალა. იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შევძელით ამ საარჩევნო მარათონში გამარჯვება ან რითი გვაჯობა რუმინეთმა, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში ცოტა უცნაური განმარტება მოგვცეს - ეს FILA-მ გვთხოვა, რუმინეთში დიდი ხანია, არაფერი ჩატარებულაო (?). შარშან ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატს კი ვუმასპინძლეთ და დიდი წარმატებითაც (მარტო გახსნის ცერემონიალი რად ღირდა თავისი ორიგინალურობით და ეფექტურობით) ბოლო წლებში, თავის მხრივ, იქნებ არც რუმინეთს უმასპინძლია მსგავსი რანგის ღონისძიებისთვის, მაგრამ ამ მხრივ არც საქართველოა განებივრებული და დავიჯერო, რაფაელ მარტინეტისა და მის სამწყსოს ჩვენი ერთი შეჯიბრება დაადგათ ყელზე? მით უფრო, მას ძალიან კარგად ვუმასპინძლეთ და უკმაყოფილებისთვის მიზეზი არ მიგვიცია - ეს ოფიციალურად, წმინდა სპორტული თვალსაზრისით, თორემ ეგრეთ წოდებულ მეორე განყოფილებაში და სუფრაზე, როგორც წესი, ზედმეტიც კი მოგვივიდა მათი პატივისცემა. FILA-ს კალენდარს რომ გადავხედოთ, ბევრ ისეთ ნიუანსს აღმოვაჩენთ, როცა არათუ ერთი ქვეყანა, ერთი და იგივე ქალაქი მასპინძლობს პირველხარისხოვან ტურნირს. მაგალითად, ორი წლის წინ ბოსნიურმა ზრენჯანინმა ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, გაისად კი იმავე რანგის შეჯიბრებას ახალგაზრდებში ჩაატარებს. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ უნგრულ სომბათჰეის და რუსულ კრასნოიარსკს ლამის პრივატიზებული აქვთ "ოქროს დიდი პრიზის" შესარჩევი ტურნირები, ბაქოს - ამ თასის სუპერფინალი. ბაქომ შარშან სუპერფინალთან ერთად ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლა.

გაისად ახალგაზრდულს ვერა, მაგრამ სხვა სახის მსოფლიოს ჩემპიონატს მაინც ვუმასპინძლებთ - 15-17 ივლისს ბათუმში პლანეტის პირველობა საპლაჟო ჭიდაობაში ახალგაზრდებსა და უფროსებს შორის ჩატარდება. ასევე გაიმართება კარტოზია-ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირები, წლეულს "ოქროს დიდი პრიზის" შესარჩევის სტატუსი არ ექნება – ამგვარ შეჯიბრებას უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი უმასპინძლებს.

ამასობაში თანდათან გაირკვა მწვრთნელთა საკითხი საჭიდაო ნაკრებებში. უფრო სწორად, გარკვეული დეტალები გამოიკვეთა, თორემ კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია. როგორც ირკვევა, პოსტს შეინარჩუნებს "თავისუფალთა" თავკაცი ზაზა თურმანიძე - ჩანს, მას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებულმა ბრინჯაოს მედლებმა უშველა, თორემ იმ ტურნირამდე მის შეცვლაზეც აქტიურად ბჭობდნენ და კონკრეტულ კანდიდატურებსაც განიხილავდნენ. რაც შეეხება ბერძენ-რომაელთა დამრიგებელ ბეგი დარჩიას, სავარაუდოდ, ის პოსტს დატოვებს. მის ადგილზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ყველაზე მეტს ბადრი ხასაიაზე ლაპარაკობენ. მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონმა ხასაიამ ამ ზაფხულს დაანება თავი ჭიდაობას და მალევე ნაკრების მწვრთნელად მიიწვიეს. მასზე, როგორც დარჩიას შემცვლელზე, მაშინვე დაიწყო ლაპარაკი, რაც დღეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა, მაგრამ ეს კანდიდატურა ჯერ კიდევ ბევრ წინააღმდეგობას იწვევს როგორც სახელისუფლებო წრეებში, ასევე - თავად საჭიდაო სამყაროში. მთავარი ბარიერი მისი გამოუცდელობაა. მით უფრო, იმ ფონზე, როცა გამობრძმედილი მწვრთნელები მოგვეპოვება. უცნაურია, რომ თითქმის არ ლაპარაკობენ ოთარ ტატიშვილზე, თუმცა მისი კანდიდატურა არარეალური გვგონია - ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მთლად კარგი ურთიერთობა არ აქვს, რადგან ხშირად არ ეთანხმება მათ და არც აგრესიულად მორჩილ უმრავლესობას მიეკუთვნება. ხასაიას გარდა, ასევე ახსენებენ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილსაც, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მაგრამ თუ ფედერაციაში მართვის სისტემა არ შეიცვალა და დისციპლინას უმთავრესი ყურადღება არ მიექცა, თუ ნაცნობ-მეგობრობა საფუძველშივე არ მოისპო და წინა პლანზე პროფესიული მიდგომები არ გადმოვიდა, მხოლოდ მწვრთნელთა შეცვლა საქმეს ვერ უშველის - შედეგი იგივე იქნება. ჩვენი გუნდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩავარდნა მხოლოდ მწვრთნელების ბრალი არაა, თუმცა ეს ცალკე წერილის თმაა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული