მანუჩარ ცხადაია - ცხადი ბრინჯაო საოცნებო ოქროს ნაცვლად [+VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა მესამე დღესაც წარმატებით იასპარეზა და ოლიმპიადა თითო ვერცხლ-ბრინჯაოთი დაასრულა.

6 აგვისტოს რევაზ ლაშხის (60) მიერ მოპოვებულ ვერცხლს 7-ში მანუჩარ ცხადაიას (66) ბრინჯაო დაემატა და საქართველო 3 მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში 34-ე ადგილზეა.

ბრინჯაო კარგია და იქნებ სხვა დროს არც კბილი გაგვესინჯა, მაგრამ ცხადაიასგან ცოტა მეტს ველოდით.

მით უფრო, წილისყრაც ისე დაუჯდა, უკეთესს ვერ ინატრებდა, ხოლო უშუალოდ შეჯიბრების მიმდინარეობისას კოჭი მთლად ალჩუზე დაუჯდა - ირანელი მსოფლიოს ჩემპიონი საეიდ მორად აბდვალი, რომელსაც ფინალამდე არც ხვდებოდა, ადრევე გავარდა და ჩემპიონობის
შანსი კიდევ უფრო გაეზარდა.

ამიტომ არა გვგონია, თვითონაც კმაყოფილი იყოს მესამე ადგილით.

იქნებ ცოტა უმადურობაც გამოგვდის, ამ საერთო წარუმატებლობის ფონზე ბრინჯაოს მომპოვებელს რომ ვსაყვედურობთ, მაგრამ მას ნამდვილად მეტი შეეძლო.

თუმცა მთავSportall.Geარი, რის გამოც ამ ჯილდომ სინანული მოგვიტანა, თავად ცხადაიაშია, რადგან ნახევარფინალში უნგრელ ევროპის ჩემპიონ ტამაშ ლორინცთან მთლიანად თავისი შეცდომებით წააგო, თორემ მეტოქეს რომ ეჯობნა და ისე მოეგო, უფრო იოლად გადავიტანდით.

სამწუხაროდ, ხობელმა ფალავანმა კვლავაც ვერ ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რის იმედსაც მის მიერ წაგებული სამი ფინალი გვაძლევდა - ორჯერ მსოფლიოზე და ერთხელაც - ევროპაზე.

გვეგონა, ის სიმწარე დაადინჯებდა, სიფრთხილეს, ტაქტიკურ ჭიდაობას ასწავლიდა, მაგრამ თურმე სულ ტყუილად ვიმედოვნებდით...

ევროპის ჩემპიონობის გარდა, ლორინცი რამდენჯერმე დაეუფლა ვერცხლ-ბრინჯაოს ევროპა-მსოფლიოზე, თუმცა არც ისე მაღალი დონის ფალავანია, რაც მოგვიანებით ფინალშიც დადასტურდა კორეელთან შეხვედრაში.

ჩვენებურმა მას შარშან მსოფლიოს პირველობაზე საკმაოდ იოლად მოუგო, მაგრამ ამჯერად ისტორია თავადვე გადაწერა.

Sportall.Geცხადაიამ პირველ პერიოდშიც იჩქარა, ხოლო მეორეში ათმაგად შეცდა, როცა კისრულზე სცადა წამოღება, მაგრამ გდება სუფთად ვერ შეასრულა, კონტრშეტევაზე მოჰყვა და მეტოქეს გამარჯვება, ფაქტობრივად, აჩუქა.

ვფიქრობთ, მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაერისკა. მას საქმე ჩოქბჯენამდე რომ მიეყვანა, იქ ქვევით უკვე მეტოქე ჩადგებოდა და შანსი ეძლეოდა, თუმცა ამ ოლიმპიადაზე გამოჩნდა, რომ ჩოქბჯენში ჩვენები დაცვაში უკეთ ჭიდაობენ, ვიდრე - შეტევაში.

ძალიან კარგია, ცხადაია ტექნიკურ, ლამაზ ჭიდაობას რომ ცდილობს, მაგრამ ხშირად არ გამოსდის გდება და თავის ილეთზე წამოეგება ხოლმე. არადა, მარტივი ჭეშმარიტებაა - თუ ფანდი არაა სათანადოდ დამუშავებული, არც უნდა სცადო, ის კი საპირისპიროდ იქცევა.

ნიშანდობლივი იყო უნგრელ მწვრთნელთა რეაქცია - მათ აშკარად შეეტყოთ, რომ არ ელოდნენ ამ მოგებას. მართალია, ფინალში გასვლა ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ ისინი მოსალოდნელზე მეტად ხარობდნენ, ისე დახტოდნენ და ჭყლოპიSportall.Geნებდნენ პატარა ბავშვებივით. არც გაემტყუნებათ - ცხადაია ამ წყვილის ფავორიტი იყო.

ნამდვილად არ ვაპირებთ, ცხადაიას კლასი ეჭვქვეშ დავაყენოთ - ის ამ წონაში ლიდერია, თუმცა პირველ ორ შეხვედრაში, ბევრად სუსტ მეტოქეებთან თუ კარგად გამოიყურებოდა, მესამეში, როგორც კი ოდნავ სერიოზული ბარიერი შეხვდა, მაშინვე დამარცხდა...

საყოველთაო ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ კი გამოგვდის გამარჯვებულის კრიტიკა, მაგრამ რეალობა უნდა ითქვას. გვესმის, ახლაც ყველაზე მძიმედ თვითონ განიცდის იმ შეხვედრას, იმ შეცდომებს და ჩვენი თქმაც არ უნდა, რომ ძნელია დაკარგულ ოქროზე ფიქრი.

ჩვენ, უბრალოდ, შევახსენებთ, რომ ფავორიტობას დამტკიცება უნდა, ხოლო წარსულის შეცდომებზე თუ არ ისწავლა, ამას ვერასოდეს შეძლებს.

აი, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გერმანელ ფრანკ სტაბლერთან გაითვალისწინა დაშვებული ხარვეზები და ბევრად დაკვირვებით იჭიდავა. მოიგო კიდეც და ოლიმპიელ მედალოსანთა სიაში ჩადგა (იხილეთ ვიდეო).

თუმცა თავიდან, როცა ნახევარი ძალით, ცალი ხელით ამარცხებდა შვეიცარიელ პასკალ შტრებელსა (იხილეთ ვიდეო) და ეგვიპტელ აშრაფ მოჰამედ მელიგუ ელ გარაბლის (იხილეთ ვიდეო), ალბათ, სხვა შედეგზე ფიქრობდა.

ამ წონის ლიდერი, ირანელი აბდვალი მეოთხედფინალში ფრანგ ოლიმპიურ ჩემპიონ სტივ ჟენოსთან დამარცხდა, ფრანგმა კი მომავალ ჩემპიონთან, კორეელ მსოფლიოს პრიზიორ ჰიეონვოო კიმთან წააგო.

კორეელმა მსოფლიოს მედალი შარშან მოიპოვა, თუმცა პირველხარისხოვან ფავორიტებში მაინც არ გადიოდა. მან მინი-სიურპრიზი შესთავაზა ჭიდაობის სამყაროს, ფინალში კი უნგრელს ქულაც არ დაუთმო.

ჯაბიძე ჩემპიონთა გარემოცვაში
7 აგვისტოს კიდევ ერთმა ჩვენებურმა იჭიდავა - ევროპის ბრინჯაოსმედალოსანმა სოსო ჯაბიძემ (96), რომელსაც წილისყრამ არ გაუმართლა.

მართალია, ძლიერთან გამარჯვების გარეშე ვერაფერს მოიგებ, თუმცა იმდენი მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორი, რაც ქართველის ირგვლივ მოგროვდა, ნებისმიერი ერთი კაცისთვის მეტისმეტია.

ჯაბიძეს პირველ მეტოქედ ალბანეთიდან ბულგარეთში გადასული მსოფლიოს ჩემპიონი ელის გური ერგო. არ ვიტყვით, რომ ქართველმა არ იჭიდავა და ორთაბრძოლას გაურბოდა, მაგრამ მეტოქე გაცილებით დამაჯერებელი იყო. შედეგად, სერიოზული საფრთხე არც დამუქრებია, ისე გაიმარჯვა.

ჩვენებურს არც სანუგეშოში გადასვლის საშუალება მიეცა, რადგან მომდევნო შეხვედრა ბელარუს მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონ ტსიმაფეი დზიაჩენკასთან წააგო.

მოვლენები ამ წონაშიც ცოტა უცნაურად წარიმართა - ბელარუსი, რომელმაც მანამდე ძალიან ძლიერი ეგვიპტელი, მსოფლიოს კიდევ ერთი ჩემპიონი მოჰამედ აბდელ ფატაჰი გააგდო, რუსთა მომავალ ფინალისტ რუსტამ ტოტროვთან დამარცხდა; რუსთა ოსმა მსოფლიოს პრიზიორმა შვედი მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის მედალოსანი ჯიმი ლიდბერგი და აზერბაიჯანში გადასული ევროპის მედალოსანი შალვა გადაბაძე დაამარცხა.

უცნაურია ისიც, რომ მსოფლიოს ამდენი ჩემპიონის გარემოცვაში ფინალში მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსნები - ტოტროვი და ირანელი ჰასემ გოლამრეზა რეზაეი გავიდნენ, გამარჯვება კი ირანელმა ირგუნა.

ევროპის წლევანდელი სომეხი ჩემპიონი, მართლაც კარგი მოჭიდავე არტურ ალექსანიანი მესამეზე გავიდა.

კვარცხლბეკი
66 კგ.
1. ჰიეონვოო კიმი (სამხრეთ კორეა); 2. ტომაშ ლორინცი (უნგრეთი); 3. მანუჩარ ცხადაია (საქართველო), სტივ ჟენო (საფრანგეთი).

96 კგ.
1. ჰასემ გოლამრეზა რეზაეი (ირანი); 2. რუსტამ ტოტროვი (რუსეთი); 3. არტურ ალექსანიანი (სომხეთი), ჯიმი ლიდბერგი (შვედეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველები ოლიმპიადაზე: მოპოვებული ვერცხლი და წართმეული ბრინჯაო [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერე რა ბრინჯაო მედალი არ არის?ოქროც იქნება ,გული არ გაიტეხო.მთავარია შემართება და მუშაობა საკუთარ თავზე.ყოჩაღ,წარმატებებს გისურვებ
liana
16:32 08-08-2012
0

სიახლეები პოპულარული