- ბატონო რომან, წინასწარ გილოცავთ იუბილეს. ჯანის სიმრთელესა და მხნეობას გისურვებთ.
- დიდი მადლობა.
- უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან არაერთხელ გვსმენია, რომან რურუა შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული და უშიშარი პიროვნებაა, რომელმაც არაფრისგან გამოჭედაო თავისი ბედი და ისტორია. გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები დიდ სპორტში.
- მადლიერებით მინდა დავიწყო: "ლელოს" ფურცლებზე ჩემი გვარი ნახევარი საუკუნის წინათ გამოჩნდა. 1958 წლიდან სწორედ თქვენმა გაზეთმა შემოუნახა შთამომავლობას ჩემი სპორტული ცხოვრება და არა
ეს არის ყველაზე პოპულარული და უსაყვარლესი გაზეთი საქართველოში, განსაკუთრებით სპორტსმენებისთვის. დიდი მადლობა, რომ ტრადიციას არ ღალატობთ.
ახლა კი საკუთარ თავზეც გეტყვით: ჩემი სპორტული კარიერა სოფელ მუხურჩაში დაიწყო, სადაც მდინარე აბაშის ნაპირას, ჭალაში, ბიჭებთან ერთად დილიდან საღამომდე დავდევდი ჭინჭებით გატენილ რეზინის ბურთს. მაშინ 8-10 წლის ვიქნებოდი.
ისე ძალიან მომინდა ფეხბურთელობა, რომ 1955 წელს თბილისში ჩამომიყვანეს. პირველად ვნახე "დინამოს" სტადიონი - უზარმაზარი მრგვალი შენობა, რომლის ტრიბუნებზეც, ალბათ, ასამდე მუხურჩა დაეტეოდა. ცსკა - "დინამოს" თამაშს დავესწარი.
მერე "ნორჩ დინამოელში" მოვხვდი გრიშა გაგუასთან. ურიგო პერსპექტივა არ მქონდა, მეც არაფერს ვიშურებდი. სოფლიდან ქალაქში რომ მოდიხარ, რაღაცის მიღწევა გსურს.
მეც მინდოდა, კაცი გავმხდარიყავი. ფეხბურთი ტრამპლინად გავიხადე. ვცდილობდი, მიზნის თამასა, რაც შეიძლება, მაღალი ყოფილიყო, იმის მიუხედავად, რომ ხელმოკლედ ვცხოვრობდი და სავარჯიშოდ ნახევრად მშიერ-მწყურვალი მივდიოდი.
საკუთარ თავს ხვალ უფრო მეტს ვთხოვდი, ვიდრე დღეს. სხვაგვარად წინსვლა წარმოუდგენელი იყო. მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები.
- ფეხბურთიდან ჭიდაობაში როგორ აღმოჩნდით?
- ერთ დღეს ჩემმა უფროსმა ბათუმელმა მეგობარმა ილია ტუღუშმა ჭიდაობის სამყაროსთვის ცნობილ "პეტრეს დარბაზში" წამიყვანა. კარგა ხანს ვუყურე ახალგაზრდა "კლასიკოსთა" ფანდების კორიანტელს. მონუსხულივით ვიდექი დარბაზის კუთხეში.
უცებ მამაკაცის ხმამ გამომაფხიზლა: "ჭაბუკო, რა შორიდან გვიყურებ, შემოდი ხალიჩაზე". ეს გახლდათ საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი ნერსეს აკოფოვი. თითქოს ხელი მკრესო, ნაბიჯი გადავდგი ოფლში გახვითქული ბიჭებისკენ და... მას მერე ფეხბურთისკენ აღარც გამიხედავს...
აქაც დიდი ნიჭი და მონდომება აღმოაჩნდა მუხურჩელ ყმაწვილს. ქანცის გამოლევამდე ვარჯიშობდა.
მწვრთნელს რომ ეგონა, მისი შეგირდი შხაპს გადაივლებდა და შინ წავიდოდა, რომან რურუამ ისევ დარბაზს უბრუნდებოდა და სხვასთან განაგრძობდა წვრთნას.
გარჯამ შედეგი გამოიღო. 1961 წელს ქუთაისში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე იასპარეზა. ცნობილ ფალავნებთან პაექრობაში მეხუთე ადგილი დაიკავა. იქვე საკავშირო ნაკრების წევრობის კანდიდატად დაასახელეს.
- ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იმავე წელს თბილისში გამართული გუნდური საკავშირო პირველობა იყო, - ბრძანა ბატონმა რომანმა. - საქართველოს ნაკრებში მერაბ ღუდუშაურის რეკომენდაციით ჩამრიცხეს. ფაქტობრივად, თავისი ადგილი დამითმო. არადა, წინა წელს მან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო.
დებიუტანტმა უფროსი მეგობარი არ გააწბილა: ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხა საქვეყნოდ აღიარებული ფალავნები, მათ შორის - ოლიმპიური ჩემპიონი ოლეგ კარავაევი.
- თბილისში კარავაევი დამექადნა, ჩვენ კიდევ შევხვდებითო ერთმანეთს. მაშინ ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მაგრამ გავიდა 2 წელიწადი და, მართლაც, კვლავ წარვდექით ერთმანეთის პირისპირ. ეს იყო 1963 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე.
ამ შეჯიბრებისთვის ბორჯომში ვემზადებოდით. მორიგი მოთელვისას სტადიონზე სამყურას ნაცვლად ოთხყურა ბალახს წავაწყდი. უფროსებისგან მსმენოდა, ბედნიერება მოაქვსო. მეც მოვწყვიტე და წიგნში შევინახე. მოსკოვში პირველ მეტოქედ კარავაევი რომ მერგო, უნებურად ოთხყურა ბალახი გამახსენდა. ჩემი ბედიც ეგ ყოფილა-მეთქი, გავიფიქრე და საჭიდაოდ გავედი...
ქართველმა ჭაბუკმა შავი დღე აყარა ოლიმპიურ ჩემპიონს. ფინალში ზაპოროჟიელ იური გრიგორიევს მოუგო და სპარტაკიადის ოქროს მედალი მოიპოვა. მაშინ მისი ჭიდაობა უნახავს მილან ერცეგანს, რომელიც მერე დიდხანს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იყო.
მას უთქვამს: "ვირუპაევის, სტაშკევიჩის და კარავაევის გვერდით გამოჩნდა კიდევ ერთი დიდი პოტენციის ახალგაზრდა ოსტატი რომან რურუა, რომლის შესახებ მალე გაიგებს მთელი მსოფლიო".
- საკავშირო ნაკრებისკენ მიმავალ გზაზე ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების მთელი ხერგილების გადალახვა მომიხდა, - წამით ჩაფიქრდა რომან რურუა. - ჩემს წონაში მაშინ შეუდარებელი "კლასიკოსები" გამოდიოდნენ: კარავაევი, ვირუპაევი, სტაშკეჩივი, საპუნოვი, გრიგორიევი... ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მთელი თანავარსკვლავედი. ყველას ვუგებდი. თუ გინდათ, ტრაბახად ჩამითვალეთ: ჩემპიონი ვიყავი ჩემპიონთა შორის.
- და მაინც, ხშირად დიდ სარბიელზე სხვები გაჰყავდათ...
- დიახ, იყო ასეთი შემთხვევებიც. საკავშირო ნაკრების მწვრთნელები ზოგჯერ თავისიანის წაყვანას არჩევდნენ. მართალი გითხრათ, არც ის ბიჭები იყვნენ დასაწუნი. მაგალითად, საპუნოვი და გრიგორიევი, შესაბამისად, 1963 და 1965 წლებში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. სამაგიეროდ, 1964 წელს ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე მე ვიჭიდავე.
- სადაც ვერცხლის მედალი გხვდათ.
- მსაჯების უსამართლობას რა ვუთხარი, თორემ იაპონიიდან ოლიმპიური "ოქრო" უნდა ჩამომეტანა. შესანიშნავ სპორტულ ფორმაში ვიყავი. ფინალამდე ყველა მეტოქე დავამარცხე, მათ შორის - რომის ოლიმპიური ჩემპიონი თურქი მუზახირ სილე, რომელიც ორჯერ დავაწვინე "სუფთაზე".
გვიან გავიგე მწვრთნელებისგან, ოლიმპიური ჩემპიონი დამიმარცხებია. გადამწყვეტ პაექრობაში განთქმულ უნგრელ მოჭიდავეს, სამგზის მსოფლიოს ჩემპიონ იმრე პოიიაკს შევხვდი. მეტოქე ნაკლები საჯარიმო ქულებით გავიდა ფინალში და ჩემპიონობისთვის ფრეც ხელს აძლევდა.
ყველაფერი იღონა საამისოდ არბიტრების დახმარებით. სამჯერ გადავიყვანე ჩოქბჯენში, თუმცა მსაჯებმა ერთხელაც "ვერ შენიშნეს". ოლიმპიადის შემდეგ ლოზანაში - ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის შტაბ-ბინაში - ამ ორთაბრძოლის ფირი ვნახეთ.
ყველამ აღიარა, რომ მსაჯები შეცდნენ, 3:0 გავიმარჯვე, მაგრამ ოლიმპიადის შედეგი არავის შეუცვლია. გული მაინც არ მწყდება.
პოიიაკზე ალალი იყო ოქროს მედალი. მან ოთხჯერ იასპარეზა ოლიმპიურ სარბიელზე და მხოლოდ მეორე ადგილებით დაკმაყოფილდა. მეოთხე ცდა მაინც ხომ უნდა დაგვირგვინებულიყო ოქროთი. ამიტომაც თანაუგრძნობდნენ მას არბიტრები. არც მიკვირს.
უნგრეთში ჰოიიაკის დასაფლავებაზე მიმიწვიეს. კათედრალური ტაძრის ეზოში დაკრძალეს სახელოვანი სპორტსმენების - ლასლო პაპისა და ფერენც პუშკაშის გვერდით, სადაც მადიართა ყველა დროის უდიდესი ადამიანები არიან დასაფლავებული.
- სხვა დროსაც თუ უცდიათ მსაჯებს თქვენი დაჩაგვრა?
- ძალიან იშვიათად. ტრაბახად ნუ ჩამითვლით და, საკმაოდ ძლიერი ვიყავი, ჩემი მომრევი მაშინ არავინ იყო, ალბათ, ამიტომაც ვერ ბედავდნენ არბიტრები ზედმეტად მიკერძოებას. მაგალითად, ქალაქ ტოლედოში მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 მეტოქე დავამარცხე ქულათა საერთო ანგარიშით 82:0 და ისე ავედი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.
მეხიკოში ოლიმპიური თამაშების მოგების შემდეგ ნება დამრთეს, 68 კილოში მეჭიდავა, რადგან ყოველთვის წონის დაკლება მიწევდა.
და, აი, 1969 წელს არგენტინის ქალაქ მარ-დელ-პლატას მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, მთხოვეს, ისევ 62 კილოს დავბრუნებოდი. ბევრი ვეცადე, მაგრამ შეჯიბრებაზე ჩასულს ასპარეზობის წინა დღეს 3 კილოგრამი ზედმეტი აღმომაჩნდა.
ნაკრების მთავარ მწვრთნელ კოლესოვთან ერთად თითქმის მთელი ღამე ორთქლის აბანოში გავატარე. ჩემსას მაინც მივაღწიე...
რომან რურუამ ის ჩემპიონატი დიდი უპირატესობით მოიგო. საგულისხმოა, რომ ოთხი მსოფლიოს პირველობიდან, რომლებშიც ქართველი ფალავანი ჩემპიონი გახდა, სამში საუკეთესო მოჭიდავედ აღიარეს.
ბატონი რომანი ათი წელიწადი საბჭოთა კავშირის ნაკრების პირველი ნომერი და გუნდის კაპიტანი, ასევე, მწვრთნელთა საბჭოს წევრი გახლდათ..
ცნობილია, რომ ყოველდღიური ვარჯიშები საბჭოთა კავშირში გივი კარტოზიამ შემოიღო, ხოლო დღეში ორჯერადი ვარჯიშების იდეა რომან რურუას ეკუთვნის. ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ვიქტორ იგუმენოვი იგონებს: რომან რურუა "სიმართლეს ყველას პირში ახლის.
არც სათქმელის მოზომვა იცის მაინცდამაინც, ამავე დროს ძალიან ტაქტიანი კაცია, თავაზიანი, გულისხმიერი. უფრთხილდება ადამიანის ღირსებას. სიმართლის თქმა იცის. მაგრამ ისე, რომ არავის ამცირებს ამ სიმართლით. ეს ძალიან იშვიათი ნიჭია!.. რომანი ჩვენი გუნდის სინდისი, მისი ტრადიციების დამცველი გახლდათ. ჩვენი კაპიტანი ნაკრების ყველაზე საიმედო მოჭიდავე იყო".
რომან რურუასი, მართლაც, ყოველთვის ეიმედებოდათ. 1971 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის წინ მიუნხენის თამაშებისთვის "კლასიკოსები" მინსკის ოლიმპიურ ბაზაზე ემზადებოდნენ. რომანიც იქ იყო. ქართველი ფალავანი ხერხემლის გაუსაძლისი ტკივილით მოსკოვის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში აღმოჩნდა.
ერთ დღეს რურუას პალატაში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მაშინდელმა თავმჯდომარე ირაკლი სარაჯიშვილმა და ცნობილმა მწვრთნელმა ვახტანგ კუხიანიძემ მიაკითხეს - რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თხოვნით სპარტაკიადაზე უნდა იჭიდავოო.
უარმა არ გაჭრა. ცნობილ ექიმ ზოია მირონოვასთან მიიყვანეს ტკივილგამაყუჩებლის გასაკეთებლად. უზარმაზარი ნემსის დანახვაზე გააჟრჟოლა: რა ნემსი, რის წამალი, არაფერი მტკივა, წამიყვანეთ, ვიჭიდავებო, - თქვა.
ბატონმა რომანმა ჩვეული სტიქიით იბრძოლა ხალიჩაზე - შვიდ მეტოქეს სძლია და საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი მესამედ გახდა.
სასპარტაკიადო პაექრობების დამთავრების მერე ტკივილებისგან წელში მოხრილი ისევ საავადმყოფოში დააბრუნეს, სადაც კარგა ხანს იმკურნალა. მომჯობინების შემდეგ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ერთი საერთაშორისო ტურნირი მოიგო, მაგრამ აშკარად გრძნობდა, უწინდებურად ჭიდაობა აღარ შეეძლო, რაც მის მრწამსს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ დიდ სპორტთან განშორება გადაწყვიტა.
თქვა და წავიდა.
- ბატონო რომან, დღევანდელ ჭიდაობაში არსებულ მდგომარეობაზე რას იტყვით?
- უწინ ნებისმიერი სახეობა, მათ შორის ჭიდაობა, ანდამატივით იზიდავდა მაყურებელს. ეს არ იყო შემთხვევითი: მაშინ "დინამოს" ფეხბურთი ხელოვნება იყო, გივი კარტოზიას თუ ვახტანგ ბალავაძის ჭიდაობა ხელოვნება იყო და ქომაგები სწორედ ამ სილამაზის სანახავად დადიოდნენ.
დღეს ეს ხელოვნება სასურველ დონეზე აღარ არის, ამიტომაც ტრიბუნებზე საოცრად იკლო გულშემატკივართა რაოდენობამ.
ჭიდაობაზე ვიტყვი: "კლასიკურსა" და "თავისუფალში" ათ-ათ ათასამდე ადამიანი მაინც ვარჯიშობდა, დღეს, ალბათ, მეათედსაც ვერ დავითვლით. ის სახეობა, რომლითაც პითაგორა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ლამის თამაშების პროგრამიდან ამოიღეს, რადგან საერთაშორისო ფედერაციამ ჭიდაობის ორივე სახეობა დააჩაჩანაკა.
ასე იქნება მანამ, სანამ ამ ორგანიზაციას სათავეში მარტინეტი ეყოლება. ჭიდაობა რომ დავიწყე, შეუსვენებლად 12 წუთს ვიბრძოდით ხალიჩაზე. მერე ეს დრო შუაზე გაყვეს თითოწუთიანი შესვენებით.
დღეს ორ-ორ წუთს ჭიდაობენ, ორ-სამ მეტოქეს დაამარცხებენ და ოლიმპიური ჩემპიონები ხდებიან. როგორ შეიძლება ასეთი ჩემპიონი მძლეთა მძლედ მიიჩნიო. ვფიქრობ, რომ ორთაბრძოლა 10 წუთს უნდა გრძელდებოდეს ორ პერიოდად, რომ ფალავანმა ჭიდაობის სათანადო ფაზაში შესვლა შეძლოს.
ორ წუთში "გახსნას" ვერ ასწრებს. მნიშვნელოვანი ტურნირების კვარცხლბეკზე ასასვლელად კი 6-7 შეხვედრა მაინც უნდა გამართოს.
მასობრიობა გვაკლია. განსაკუთრებით ბოლო წლებში სპორტს ზურგი ვაქციეთ. სამაგიეროდ, აფთიაქები მოვამრავლეთ. წლეულს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ვიყავი. სპეციალურად ვათვალიერებდი ქუჩებს, მაგრამ ბრიტანეთის დედაქალაქში აფთიაქს ვერსად მოვკარი თვალი.
ალბათ, უამისოდ ვერ იქნებიან ინგლისელები, მაგრამ ფაქტია, ისინი ერის გაჯანსაღებას მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე მოსახლეობის ავადმყოფობის ხარჯზე აფთიაქების მომრავლებასა და წამლის ბიზნესით გამდიდრებას.
საინტერესოა, ჩვენი შეგნება როდის ამაღლდება აქამდე. მე ახლოს ვიცნობ სპორტის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას. ახლახან შევხვდი მათ. სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. ვიმედოვნებ, რომ ისინი არა მარტო მაღალ მიღწევებზე, არამედ ახალგაზრდების და, ზოგადად, ერის გაჯანსაღებაზეც იზრუნებენ, რაც ჩემი დიდი ხნის ოცნებაა.
უქმად არც ერთი დღე არ გამიტარებია. ახლაც ბევრი მაქვს სამუშაო, ამიტომ 70 წელიწადი არ მეყოფა...
რომან რურუამ ვალმოხდილად დატოვა დიდი სარბიელი, თუმცა სპორტისთვის ზურგი არასდროს შეუქცევია.
იყო მწვრთნელი, ჭიდაობის სკოლის დირექტორი, 30 წელიწადზე მეტია, თბილისის სპორტნაწარმის ფაბრიკას ხელმძღვანელობს. ძნელბედობის ჟამს კბილებით დაიცვა საწარმო, სადაც დღეს სამასამდე ადამიანია დასაქმებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"