ქართველი მოჭიდავეები ლევან ბერძენიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

AutoSharing Option
ქართველი მოჭიდავეები მათ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას აპროტესტებენ, - ამასთან დაკავშირებით საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელები.

მოჭიდავეების ერთობლივი განცხადება ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა გიორგი მაკასარაშვილმა გააცნო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში მედიითა და სოციალური ქსელებით, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ თითქოს ქართველი მოჭიდავეები ე.წ. ზონდერ-ბრიგადების შემადგენლობებში იყვნენ და მონაწილეობდნენ 7 ნოემბრის, 26 მაისისა და სხვა აქციების დაშლა-დარბევებში.

კერძოდ, მაკასარაშვილის თქმით, ამის შესახებ არაერთხელ გააკეთა განცხადება საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და მსგავსი რამ არც მომხდარა წარსულში და არც მომავალში მოხდება.

"ზემოაღნიშნულ ჭორებზე დაფუძნებული უსაფუძვლო განცხადებები ლახავს ჩვენს პატივს და ღირსებას. ამიტომ ვთხოვთ ლევან ბერძენიშვილს და სხვებს, ილაპარაკონ დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით, ან თავი შეიკავონ თითოეული ჩვენგანისთვის შეურაცხყოფის მიყენებისგან.

რაც შეეხება უკვე გაკეთებულ განცხადებას, ვიმედოვნებთ, რომ ლევან ბერძენიშვილი მონახავს საკუთარ თავში ძალას და საჯაროდ მოიხდის ბოდიშს მოჭიდავეების წინაშე",
- ნათქვამია განცხადებაში.

ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული