ფინანსური პრობლემების გამო დავით ჩაკვეტაძე რუსეთის ნაკრებში აპირებს გადასვლას

AutoSharing Option
ბერძენ-რომაელთა საქართველოს ჩემპიონატში ქუთაისელი დავით ჩაკვეტაძე (84) რომ არ გამოსულა, ოპერატიულად ვწერდით. მაშინ დაგპირდით, რომ ამ ფაქტს ისევ მივუბრუნდებოდით და დღეს თემის გაგრძელებას გთავაზობთ.

დავით ჩაკვეტაძე ბოლო წლებში 84 კილოგრამში ძლიერ კონკურენციას ქმნიდა - უფროსებსა თუ ახალგაზრდებში უმედლოდ არასოდეს რჩებოდა. შარშან ახალგაზრდებში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, უფროსებში კი მესამეზე გავიდა.

ამიტომ წლეულს მის გამოსვლას ერთგვარი ინტერესითაც ველოდით, თუმცა დედაქალაქში არ გამოჩენილა.

როგორც ქუთაისელმა მწვრთნელებმა გვითხრეს, ის თურმე რუსეთის ნაკრებში აპირებს გადასვლას და წინასაახალწლოდ ანუ ჩვენი ქვეყნის პირველობის პარალელურად მოსკოვში ყოფილა წასული.

ქუთაისელი მწვრთნელების თქმით, მისი წასვლის ძირითადი მიზეზი ფინანსური პრობლემებია - ვერ იღებდა სათანადო ანაზღაურებას, იქ კი გაცილებით მეტს შეჰპირებიან.

პირობებზე გარიგება არ გაუჭირდებოდათ - ჩაკვეტაძეს ხომ მოსკოვში თანაქალაქელები, რუსეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გოგი კოღუაშვილის და იმავე ნაკრების წევრი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ამბაკო ვაჩაძე დახვდებოდნენ.

იმედია, საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია სასწრაფო რეაგირებას მოახდენს თავისი სპორტსმენის დასაბრუნებლად, რადგან ჩაკვეტაძე სჭირდება საქართველოს ნაკრებს.

ნუ დავიწყებთ იმის დათვლას, რამდენად ჰქონდა მას ეროვნულ გუნდში ლიდერობის შანსი, ვინ სჯობდა ან პირიქით, ვის უგებდა ახალგაზრდულ ნაკრებში - ამ ბიჭმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სავსებით სამართლიანად აცხადებდა პრეტენზიას, კონკურენცია კი ჰაერივით სჭირდება ნებისმიერ წონას, ნებისმიერ ფალავანს.

სკეპტიკოსებს შევახსენებ, რომ თავის დროზე მანუჩარ კვირკველია საერთოდ ვერ ხვდებოდა ახალგაზრდულ ნაკრებში, ხოლო რამაზ ნოზაძეს ბოლო შანსი მისცეს, საბოლოოდ კი რა მწვერვალები დაიპყრეს ერთმაც და მეორემაც, კარგად მოგეხსენებათ.

ჩაკვეტაძის შემთხვევაში გორელი "თავისუფალი" ცოტნე ბარამიძეც გვახსენდება, რომელიც ჯერ ყაზახეთში წავიდა, მაგრამ იქაურ ნაკრებში დამკვიდრება ვერ შეძლო, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის წესებით კი, რომელიც მოქალაქეობის შეცვლის უფლებას მხოლოდ ერთხელ იძლევა, ვერც საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა, ვერც სხვაგან გადავიდა და მისი ნიჭი შედარებით დაბალხარისხოვან შეჯიბრებებში იფლანგება.

ნამდვილად არ გვინდა, ჩაკვეტაძეს იგივე ბედი ეწიოს.

უფულო სათადარიგოები
სამწუხაროდ და სავალალოდ, ფინანსური პრობლემა, კონკრეტულად კი სათადარიგო ათლეტთა სოციალური დაცვა, მთელი სიმწვავით დგას ქართული სპორტის წინაშე.

იყო დრო, როცა ჩვენში ყველას ერთნაირად უჭირდა - ლიდერსაც და მის კონკურენტსაც, მოგვიანებით პრობლემა კი გამოსწორდა, მაგრამ რაღაც მახინჯი ფორმით - დაფინანსების მთელი სიმძიმე პირველ ნომერზე გადავიდა, დანარჩენებისა კი ოდნავ თუ გამოსწორდა.

ცხადია, სპორტის ყველა აქამდელი მმართველი მოგვედავება და გვეტყვის, რომ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ სათადარიგოთა სოციალური დაცვისთვის, მაგრამ ფაქტია - ქართული სპორტი თავკომბალას ჰგავს, სადაც ლიდერის ანაზღაურება აიწონის ყველა დანარჩენისას.

გვესმის, რომ ხელფას-პრემიები წარმატებების ანალოგიური უნდა იყოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კარგი კვება იმ სარეზერვოსაც სჭირდება, რათა მან ღირსეული სპარინგ-პარტნიორობა

გაუწიოს ლიდერს; რათა შეძლოს და მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად მოამზადოს პირველი ნომერი. შედეგების კლების ერთ-ერთ მიზეზად ხეირიანი სპარინგების ნაკლებობაც მიგვაჩნია.

ვიდრე ახალგაზრდები არიან ან ძალიან მაღალ შედეგებზე არ გასულან, ანაზღაურებაში დიფერენცირება იმდენად არ ჩანს ხოლმე, რადგან ლიდერთა შედარებით დაბალი მოთხოვნებისთვის მომზადებას სარეზერვოები ამ პირობებშიც ახერხებენ - მათაც შედარებით ცოტა სჭირდებათ, მაგრამ, როცა ლაპარაკი ევროპისა და მით უფრო - მსოფლიოს ან ოლიმპიურ ჩემპიონობაზეა, აი, მაშინ იჩენს თავს ფინანასური განსხვავება.

ახალს არაფერს ვიტყვით, რომ მაღალ შედეგს მაღალ დონეზე კვება, სათანადო ვარჯიშები, სპეციალური მომზადება სჭირდება, მშიერი სათადარიგო კი ლიდერს ამ დონის სპარინგს ვერ გაუწევს. ამიტომაა აუცილებელი, რომ ხელფასით ორივე უზრუნველვყოთ.

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ახლაც ასეა და ვისაც ყოფილი საბჭოთა კავშირი ახსოვს, იქ ნაკრებში ყოველ წონაში 5-6 კაცი შედიოდა, რომლებიც ჩვეულებრივ ხელფასს იღებდნენ. ბუნებრივია, განსხვავება იქაც იყო, მაგრამ არა ასეთი.

ახლანდელი რეალობისგან განსხვავებით, ეს ლიდერთა მთელ სარეზერვო გუნდს მოგვცემს, რომელიც ლიდერის ტრავმის შემთხვევაში მუდამ სათანადო დონეზე იქნება მზად ნებისმიერ ტურნირში საჭიდაოდ.

ახლანდელი რეალობით პირველი ნომერი რომ დაშავდეს, მის შემცვლელს მოვალეობის მოსახდელად თუ წავიყვანთ, იმხელა სხვაობაა ლიდერსა და დანარჩენებს შორის. ცხადია, ახლებური მიდგომა კონკურენციასაც გააჩენს, რაც მყისვე დადებითად აისახება შედეგზე.

თან ფსიქოლოგიური მომენტიცაა - როცა სათადარიგო მოჭიდავე აქ იღებს 300-400 ლარს (ბევრ სახეობაში ესეც სანატრელია), ხოლო უცხოეთში 3-4-ჯერ მეტის შანსი აქვს, ყოველთვის ეცდება წასვლას.

უცხოეთში ამ პრობლემას დიდწილად საკლუბო ან მუნიციპალური დაფინანსება აგვარებს, ამგვარი რამ კი, სამწუხაროდ, ქართული მენტალიტეტისთვის დღემდე მიუღებელია.

შიდა მიგრაცია
ჩაკვეტაძეზე საუბრისას ქუთაისელებმა ერთი საგულისხმო ფაქტიც მითხრეს - ჩვენი უმცროსი ასაკის მოჭიდავეთა ნაწილი ბათუმში აპირებს სავარჯიშოდ გადასვლას, სადაც ხელფასებთან ერთად პრემიებსაც შეპირდნენო...

მათი თქმით, ქუთაისი ხელფასს კი უხდის ამ ბავშვებს, მაგრამ წარმატების მიღწევის შემთხვევაში პრემიებს ვერ აძლევს, რისთვისაც ბათუმი მზადაა. ბათუმელთა ნიადაგზე ერთგვარი შიდა მიგრაცია აქამდეც შეინიშნებოდა, თუმცა ჯერ მხოლოდ ოზურგეთელთა ხარჯზე, ახლა კი ამას, შეიძლება, ქუთაისიც დაემატოს...

ბუნებრივია, ბათუმელთა საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს - ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ და საკმაოდ მაღალ დონეზეც.

მათ სასახელოდ ისიც მეტყველებს, რომ შექმნეს ისეთი სისტემა, რაც სხვებისთვისაც მიმზიდველია და საკუთრივ მათთვის შედეგიც მოაქვს.

ამისთვის მათ მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ გაგვკვირვებია სხვა ქალაქების თუ რაიონებისა, სადაც საკუთარ სპორტსმენებს ასე არ აფასებენ და იოლად ელევიან...

ვფიქრობ, ოზურგეთს არ უნდა გაუჭირდეს თავისი წარმატებული სპორტსმენების ადგილზე დამაგრება და იმ სკოლის სახელის ეჭვქვეშ დაყენება, რომელმაც მხოლოდ ბოლო წლებში იგივე კვირკველია, რევაზ ჭელიძე, ლაშა ლომაძე და კიდევ არაერთი წარმატებული სპორტსმენი გამოზარდა.

ძალიან ბევრი იქაური დღესაც აჭარის სახელით გამოდის, რაც საერთო საქმისთვის ცუდი არაა, მაგრამ ოზურგეთისთვის არა გვგონია, საამაყო იყოს. ძალიან ცუდი, თუ ამ სიტყვების გამეორება ქუთაისის მისამართითაც მოგვიწევს.

ვერ დავიჯერებთ, რომ წარმატების შემთხვევაში რომელიმე ქალაქს ერთი პრემიის გაცემის საშუალება არ ჰქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან სპორტი ჯერ კიდევ არ განიხილება პრესტიჟულ სოციალურ სფეროდ.

მაგალითად, იგივე რაიონები ბევრად უფრო მეტი ხალისით დააფინანსებენ სასწავლო ოლიმპიადებზე წამსვლელ იმავე ასაკის მოსწავლეთა გუნდებს, ვიდრე - სპორტულებს.

ვერ დავიჯერებთ, რომ თავის დროზე დმანისის გამგეობამ სახსრები ვერ გამოძებნა, რომ ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს პირველობაზე გამარჯვებისათვის სლავა რეზესიძის წარმატება როგორმე აღენიშნათ - როგორც სამბოს ფედერაციისგან ვიცი, მსგავსი არაფერი მომხდარა.

ან რატომ არ უნდა აფინანსებდეს ასპინძა მშვილდოსან სანდრო აზნაურიძეს? თუმცა რამდენადაც ვიცი, ასპინძა კი ეხმარება მას და იქნებ ეს საყვედური არ ეკუთვნის, უბრალოდ, ზოგადად ვამბობ, რომ ამ რანგის სპორტსმენის დახმარება ნებისმიერი რაიონის ხელმძღვანელობის პრეროგატივა უნდა იყოს.

ალალად ვთქვათ - განა რომელიმე რაიონს და ბევრ სხვასაც რა შანსი აქვს, ცენტრალური პრესის ფურცლებზე მოხვდეს? მაქსიმუმ - კრიმინალურ ქრონიკაში მოხვდნენ, რაც არა მგონია, მათთვის საამაყო იყოს, აი, სპორტი კი სულ სხვაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ანუ ვერ გავიგე ფულზე გაიყიდა თუ ადგილი ვერ აიღო ქართულ გუნდში?
მარა
01:25 27-10-2016
0
ჩაკვეტაძის....
ნოე
12:49 16-08-2016
0

სიახლეები პოპულარული