ქართველ "ბერძენ-რომაელთა" წარმატება უნგრეთში

AutoSharing Option
უნგრულ სომბათჰეიში დამთავრდა "ოქროს დიდი პრიზის" რიგით მეორე ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 8 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ჩემპიონი მამუკა ქაჯაია (96) გახდა, ვერცხლის მედლებს რევაზ ლაშხი (66), რევაზ ნადარეიშვილი (84) და გურამ ფერსელიძე (120) დაეუფლნენ, ბრინჯაოსას - საჩინო დავითაია (66), მანუჩარ ცხადაია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84) და სოსო ჯაბიძე (96).

ეს ტურნირი 19-24 მარტს თბილისში გასამართი ევროპის პირველობისთვის მოსამზადებელი უმნიშვნელოვანესი ეტაპია და რამდენიმე ძალზე საინტერესო ფაქტიც მოხდა, იმდენად საინტერესო, რომ შეიძლება, ევროპირველობაზე
გასაყვანი გუნდის დაკომპლექტებაში მნიშვნელოვანი როლიც ითამაშოს.

მაგალითად, 96-ში ქაჯაიამ საქართველოს ჩემპიონი და წონის ლიდერი ჯაბიძე დაამარცხა, 84-ში კი ნადარეიშვილმა წონის შარშანდელ ლიდერსა და ლონდონის ოლიმპიადის მეხუთეადგილოსან ვლადიმერ გეგეშიძეს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში თურქეთში გამართულ ვები ემრეს პრესტიჟულ ტურნირში ნადარეიშვილი მეორეზე გავიდა, ქაჯაია - მესამეზე, ანუ ისინი, გარდა იმისა, რომ უშუალო კონკურენტებს მოუგეს, ფრიად სტაბილურადაც გამოდიან. მინსკში, ერთობლივ ვარჯიშებზე მათი წასვლა (რაც სპონსორთა დამსახურებაა), ხოლო იქიდან უნგრულ ტურნირში მონაწილეობაც ამის შემდეგ გადაწყდა. ამასთან, მათ საქართველოს პირველობაზეც მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები.

სხვა წონებიდან აღსანიშნავია 74-ში განვითარებული მოვლენები - ქვეყნის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ადრევე გავარდა, ამ წონაში ამონაცვლებულმა ოლიმპიურმა პრიზიორმა ცხადაიამ კი ფავორიტის სტატუსი იგდო ხელთ.

ამჯერად ზედა წონაში იასპარეზა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ლაშხმაც და არცთუ ურიგოდ, თუმცა ის ევროპის ჩემპიონატზე 60-ში გამოვა - ამჯერად მწვრთნელებმა ზედმეტად არ დატვირთეს და დაკლება არ დაავალეს.

აღსანიშნავია საჩინო დავითაიას წარმატებაც - მას საშეჯიბრო პრაქტიკა აკლდა და ამიტომ აჭიდავეს ახლა... მისასალმებელია ფერსელიძის ფინალში გასვლაც, რომელსაც ტრავმების გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა...

ჩვენი ნაკრები ამ შეჯიბრების წინ მინსკში გადიოდა ერთობლივ შეკრებას "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე. ახლა უნგრეთიდანაც იქ დაბრუნდებიან, სადაც ადგილობრივი ქართველი ბიზნესმენის დაფინანსებით დამატებით კიდევ ერთ შეკრებას გაივლიან - 10 დღით. მერე კი სამშობლოში დაბრუნდებიან და მზადების დასკვნით ეტაპს ბორჯომში გაივლიან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავ მიშა. ასახელე წყალტუბოს და საქართველოოოო...
sofo
12:21 26-02-2013
0
საღოლ მიშა მაგარი ხარ, მაგრად გამიხარდა რომ ჯაბიძეს მოუგე, ბეგი თუ მედალი გინდა დააყენე ქაჯაია ევროპაზე
grsha
01:34 26-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული