მომავალ კვირაში ბერძენ-რომაელთა საევროპო გუნდი გაირკვევა

AutoSharing Option
ბერძენ-რომაელთა ნაკრები 7 მარტს დაბრუნდა მინსკიდან, სადაც ორი შეკრება გაიარა, შუალედში კი უნგრულ სომბათჰეიში "ოქროს დიდ პრიზზე" იასპარეზა.

ევროპული ტურნე უმნიშვნელოვანესი იყო ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების გზაზე - გარდა იმისა, რომ მინსკში ერთობლივი შეკრება გაიარეს და ჩაატარეს სპარინგები, უნგრეთის ტურნირი ბოლო შესარჩევ-სასტარტო შეჯიბრება იყო ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.

"ლელო" უკვე წერდა სომბათჰეიში მათი წარმატებული გამოსვლის შესახებ, სადაც 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოვიპოვეთ.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია კმაყოფილია როგორც ჩატარებული შეკრებებით, ასევე შეჯიბრებითაც. მისი თქმით, უნგრეთში გუნდის მთავარი ამოცანა
იყო, ლიდერებს მიეღოთ სატურნირო პრაქტიკა ანუ ჩაეტარებინათ რაც შეიძლება მეტი შეხვედრა.

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ჩვენს მოჭიდავეებს წლევანდელი სეზონისთვის მზადება ცოტა დაუგვიანდათ, რის გამოც მხოლოდ ორ შეჯიბრებაში მოასწრეს გამოსვლა და იქაც გუნდმა ნაწილ-ნაწილ იჭიდავა, ორივეგან მხოლოდ ერთეულები გამოვიდნენ.

მწვრთნელის თქმით, ამ მხრივ უნგრულმა შეჯიბრებამ ამოცანა შეასრულა - ერთი მონაწილის გარდა, ყველამ თითქმის ბოლომდე გაიარა შეჯიბრება და სატურნირო პრაქტიკა მიიღეს.

უნგრეთში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მოვლენები 84-სა და 96-ში დაფიქსირდა, სადაც ახალგაზრდებმა ძველ ლიდერებს პირადი შეხვედრა მოუგეს - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა რევაზ ნადარეიშვილმა (84) ლონდონის ოლიმპიადის მეხუთეადგილოსან ვლადიმერ გეგეშიძეს აჯობა, მამუკა ქაჯაიამ (96) კი ევროპის პრიზიორი სოსო ჯაბიძე დაამარცხა.

თუმცა, დარჩიას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებულებმა გაინაღდეს ევროპის პირველობაზე ჭიდაობა და - პირიქით.

მწვრთნელის განმარტებით, ამ შედეგებზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საწვრთნელი პროცესის თავისებურება.

საქმე ისაა, რომ მინსკში წასვლამდე ბორჯომში გავლილ პირველ შეკრებაზე, რაკი სატურნირო ცაიტნოტში იყვნენ, გუნდს ორი გეგმით ავარჯიშებდა - ლიდერებს ანუ საქართველოს ჩემპიონებს თებერვლის ბოლოს გასამართი უნგრეთის ტურნირისთვის ამზადებდა და ფიზიკურად უფრო მეტად ტვირთავდა, მეორე ნაწილს კი ბევრად ადრე - მთელი ორი კვირის წინსწრებით უნდა ეჭიდავა თურქეთში ვები ემრეს მემორიალზე და ისინი ნაკლებად იტვირთებოდნენ.

ამ ჯგუფში შედიოდნენ ნადარეიშვილი და ქაჯაიაც, რომელთაგანაც პირველმა თურქეთში ვერცხლი, მეორემ კი ბრინჯაო მოიპოვა.

ამდენად, მათ სატურნირო პრაქტიკა ჰქონდათ, კონკურენტებს - არა. ამას ისიც დაემატა, რომ მათ მინსკშიც უფრო ძალისმიერი ვარჯიშები ჰქონდათ, დატვირთვების მერე პირდაპირ, შეუსვენებლად ჭიდაობა კი ძნელია.

დარჩიას თქმით, ლიდერები ახლა ამიტომ არ იყვნენ ფორმაში და იმედოვნებს, რომ მზადების პიკს საევროპოდ მიაღწევენ.

ეს ნაკრები ხვალ გაემგზავრება ბორჯომში დასკვნით შეკრებაზე, სადაც დარჩიას განკარგულებაში სრული, 35-კაციანი შემადგენლობა იქნება.

მწვრთნელი იქ დაასახელებს ევროპირველობაზე გასაყვან გუნდს, თუმცა უნგრულ შედეგს თუ გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაშინ საევროპო ნაკრების გამოცნობას დიდი მისნობა არც სჭირდება.

მით უფრო, თუ გავიხსენებთ, ვინ იჭიდავა თურქეთში და უნგრეთში. ეტყობა, დარჩია საქართველოს ორ ჩემპიონს - ედნარ შავაძეს (55) და რობერტ ქობლიაშვილს (84) საბოლოოდ დაუთმობს ახალგაზრდულ ნაკრებს, რადგან ასაკით კვლავაც მისი წევრები არიან.

მით უფრო, ქვეყნის პირველობაზე დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მათ უნგრეთში იჭიდავეს, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ - ქობლიაშვილი ადრევე გავარდა, შავაძე კი მეხუთეზე გავიდა.

დაველოდოთ კიდევ რამდენიმე დღე და დაზუსტებულ შემადგენლობას გავიგებთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი თბილისში 19-24 მარტს გაიმართება. საბედნიეროდ, დღეისათვის ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები არავის აწუხებს და ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით მგლებო:*
lubicell
01:11 10-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული