ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა ევროპის პირველობა: დიამეტრულად განსხვავებული დღეები

AutoSharing Option
როგორც 24 ივნისს გაცნობეთ, ჩერნოგორიულ ბარიში დასრულებულ ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა ევროპის პირველობაში ჩვენებმა 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს.

ყველაზე დიდ წარმატებას ლევან ქავჟარაძემ (58) და გიორგი კურტანიძემ (54) მიაღწიეს, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი თემურ შავაძე (46) და ზვიად პატარიძე (100) დადგნენ.

ამათ გარდა, ბრინჯაოსთვის მინდია ბოლქვაძემ (63) და ირაკლი თარხნიშვილმაც (76) იჭიდავეს, მაგრამ საბოლოოდ მეხუთეზე დარჩნენ.

ეს ტურნირი სადებიუტო ოფიციალური შეჯიბრება იყო ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მსოფლიოს ჩემპიონ დავით ბედინაძისთვის, რომლის გუნდმაც ორდღიან ტურნირში დიამეტრულად განსხვავებული დღეები ჩაატარა - შაბათს მოასპარეზე
ხუთეულიდან მედალი მხოლოდ ქავჟარაძემ მოიპოვა, სხვები კი ადრევე გავარდნენ, ხოლო კვირას ამდენივე ფალავნიდან ყველამ მედლისთვის იჭიდავა.

ამ გუნდმა წლეულს გვარიანი საკადრო ცვლილება განიცადა, რასაც სამწვრთნელო შტაბის რეფორმაც დაემატა, თუმცა ევროპირველობაზე ურიგოდ მაინც არ გამოსულან.

ქავჟარაძე ჯერ კიდევ მოსამზადებელ ციკლში იქცევდა ყურადღებას კარგი გამოსვლით და ფავორიტის იმიჯი ბარიშიც გაამართლა.

ჩერნოგორიაში ის პირველ წრეში ისვენებდა, ტურნირში ჩაბმა კი მაინცდამაინც მასპინძელთან შეხვედრით მოუხდა, თუმცა ივან მარძგალი ვერ აღმოჩნდა შესაფერისი კონკურენტი - ჩვენებურმა 6:0; 2:0 მოუგო.

მან ესტონელ ოტტ საარსაც იმავე ანგარიშით ასევე ვადამდე და ასევე ორ პერიოდში აჯობა - 4:0; 4:0, უნგრელ ერიკ ტორბასთან კი 3:0 იმარჯვა. სამწუხაროდ, ფინალში ვერაფერს გახდა სომეხ არმენ მელიკიანთან და 3:7 დამარცხდა.

მოსამზადებელი ეტაპის ტურნირებში კურტანიძეც კარგად ჭიდაობდა და ტემპი არც ევროპირველობაზე დააგდო - 5 შეხვედრა გამართა და ოთხი მოიგო. აქედან წმინდად - მხოლოდ ერთი. ჩვენებურმა დანიელ პატრიკ პედერსენთან 4:2 იმარჯვა, რუმინელ ადრიან ოვიდიუ დუმიტრუსთან - 5:3, რუს თეიმურაზ კაბლახოვს 6:0 მოუგო, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელი ნიაზი მამადოვი ქულებით წმინდად დაამარცხა - 7:0.

ქავჟარაძის მსგავსად, ფინალისთვის ძალები არც კურტანიძეს შემორჩა და უკრაინელ მაქსიმ ევტუშენკოსთან უკვე თვითონ წააგო - 0:7.

ბრინჯაოსთვის მოჭიდავე ოთხეულიდან შავაძე და ბოლქვაძე ნახევარფინალში გავიდნენ, პატარიძე მეორე წრეში დამარცხდა სერბ ბობან ზივანოვიჩთან, თარხნიშვილმა კი პირველივე პაექრობა დათმო აზერბაიჯანელთა მომავალ ფინალისტ ისლამ აბასოვთან.

შავაძეს პირველ წრეში ძლიერი მეტოქე ჰყავდა - აზერბაიჯანელი ნამაზ რუსტამოვი, მაგრამ საკმაოდ იოლად, 4:1;3:0 მოუგო, ხორვატ ფილიპ ფრანკოლს 6:3 სძლია და ამის შემდეგ წააგო სომეხ ედგარ თამაზიანთან - 2:5; 4:2 ანუ ერთქულიანი სხვაობით. სომეხის ჯავრი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბულგარელ სტოიან კუბატოვზე იყარა, რომელსაც 7:0 მოუგო.

ბოლქვაძემ ტურნირი იმდენად კარგად დაიწყო, რომ მის უმედლოდ დარჩენას მწვრთნელები ძნელად იფიქრებდნენ - ბერძენ დიმიტრიოს კარავასილიოსს პირველივე პერიოდში 8:2 აჯობა, რასაც მეორეში კიდევ 3 ქულა დაუმატა და ვადამდე იმარჯვა, ხოლო შვედ ჰამპუს სებასტიან სვენსონს 2:0; 5:0 მოიგო და აქაც ვადამდელი წარმატება ირგუნა.

თურქ მურატ ცევიკთან 4:3 იმარჯვა, აი, ნახევარფინალური ბარიერი კი ვერც ამან გადალახა - უკრაინელ ვალენტინ ლოზინსკისთან შესვენებამდევე ჩამორჩა 7-ქულიანი სხვაობით და შეხვედრაც შეწყდა - 3:10. ამ დარტყმისგან ვერც დამამშვიდებლის ფინალში გამოფხიზლდა რუს აზამატ ტახოევთან - 1:3 დამარცხდა.

პატარიძემ ტურნირი ბელორუს დმიტრი კამინსკისთან სუფთა მოგებით დაიწყო - 7:0, მაგრამ ზივანოვიჩთან 3:5 წააგო. დამამშვიდებელში ქუთაისელმა ფალავანმა ავსტრიელ ფლორიან მატთან და პოლონელ ერვინ იმბერსკისთან იმარჯვა.

თარხნიშვილმა სანუგეშოში ბელორუს იოან დიმიტროვს მოუგო და დამარცხდა რუს მაირბეკ ადიგენოვთან. თემურ ჭელიძემ (42), გიორგი მელიამ (69) და გიგა ქოქოლაძემ (85) თითო შეხვედრაში იმარჯვეს, დავით ჩხარტიშვილი (50) კი პირველივე წრეში დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული