გორელი ფალავნების წარმატების სათავე

AutoSharing Option
ცნობილია, რომ საქართველოს 34 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. შარშან 29 ივლისს, ოცდამეთოთხმეტე ჩემპიონი 20 წლის გორელი (კარალეთელი) ლაშა შავდათუაშვილი გახდა ლონდონში 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე. ის დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი სპორტსმენია, ვინც ოლიმპიური ოქრო მოიგო და ქართველი მოჭიდავეებიდან ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია.

გორი ჭიდაობის მექაა. ამ წარმატების საიდუმლო კი ჩვენში ხალხური სპორტის საუნჯის - ქართული ჭიდაობის ტრადიციები და გორელთა დიდი სიყვარულია.

მწერალი და საზოგადო მოღვაწე ანტონ ფურცელაძე (1838-1913), გორის მაზრის სოფელ მერეთიდან იყო, რომელმაც თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში - "გორის უეზდიდან" ასეთი რამ
დაწერა: "ჭიდაობა ჩვენში მეცნიერებათ არის ნაქცევი. თითო ისეთს მოჭიდავეს ნახავთ, რომ სულ საოცრებიდან გამოგიყვანთ".

ასეთი საოცარი მოჭიდავე იყო მაგალითად მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში გორელი გიორგი მჭედელი, განთქმული ხელოსანი და დიდად მართალი კაცი. ამბობდნენ არსენას (ოძელაშვილს), მარტო გიორგი მჭედელი დაეტოლებოდაო...

- "ისეთი ზორბა ვინმეა, ისეთი გულმკერდის პატრონი და ისეთის თამამის, გამბედაობის შეხედულებით გამოდის მოედანზე, რომ გგონია შესჭამს თავის მოპირდაპირესო. გლდანელისა და ღოღაძის ჭიდაობა ისეთ საბაასო და საჯიბრო რამედ შეიქმნა, რომ ესრედ წოდებულ "აღმოსავლეთის საქმეს" დაემსგავსა და ლამის საბისმარკოდაც გახდა", - წერდა მეცხრამეტე საუკუნის პრესა გორის სოფელ ფხვენისის მკვიდრ ვასილ ღოღაძის შესახებ.

გორს დასავლეთიდან ესაზღვრება სოფელი რუისი. სწორედ რუისელი იყო გამოჩენილი მოჭიდავე იაკობ ეგნატაშვილი და მისი ფალავანი ძმები ზაქარია, მიხაკა, იასე, კიკა, ვაჟიშვილი - ალექსანდრე.
იაკობს ტრადიციულად ეცვა ჩაკეცილი ჩექმები და ჩოხა-ახალუხი მბზინავი პერანგით. მკლავები მუხის ტოტს მიუგავდა, ცერი კი მაჯას.

გორის სოფლებში გამართულ ქართულ ჭიდაობებზე ხალხური ლექსები იქმნებოდა: "სკრაშია დიდი ყრილობა მუხლმაგარ ჩოხოსნებისა, ატენელებიც აქა ვართ, აბა რაღა ვთქვა სხვებისა. მოჭიდავეთა სოფელი, აქ სოფელს ეჯიბრებისა".

გორელ (შერთულელ) ლუკა დადიანიძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ჭიდაობის განვითარების საქმეში. მან პირველმა გამოიყვანა საჭიდაო სარბიელზე (დიდუბეში "იტალიელების ბაღში") "საქართველოს გოლიათი" - სანდრო კანდელაკი. ის იყო პირველი მწვრთნელი, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველ მოჭიდავეთა გუნდი წაიყვანა ევროპაში საჭიდაოდ...

"ლამაზია საქართველოს შუაგული ქართლი, მაგრამ უფრო ლამაზია მისი უძველესი ქალაქი გორი" - წერდა თბილისის კოლორიტის ქართლოს კასრაძის მამა მწერალი დავით კასრაძე (1885-1965). "გორის ციხეში" ის ქართული ჭიდაობის თემასაც ვერ ასცდა: "გუჯომ თავიდანვე ოსტატურად ჩაჰკიდა ქამარში ხელი და ისე აჩვენა თავი, ვითომ მოგვერდს უპირებდა.

კოლამ სამაგიეროდ ხერხს თავისი ფანდი დაუპირისპირა, მაგრამ ამ დროს იგრძნო, რომ გუჯომ სარმა გამოჰკრა და ძირს დასცა კიდეც".

განთქმული იყო კულა გლდანელისა და ნესტორ ესებუას შეუპოვარი მეტოქე გორის მაზრიდან - ჩიტო კალატოზიშვილი (ცერონისელი).

არ შეიძლება არ ვახსენოთ ქართული ჭიდაობის ნამდვილი პატრონი მიხეილ ხერხეულიძე (1895-1958). მისი მოღვაწეობა 1928 წელს სწორედ გორიდან დაიწყო. ის სათავეში ედგა ქართული ჭიდაობის სექციას (ფედერაციას) და მსაჯთა ამქარს მთელ საქართველოში. პერიოდულად კი აქვეყნებდა წერილებს ქართველ ფალავნებზე.

ქართულ ჭიდაობას ჰყავდა ორი გამოჩენილი რექტორი, დედაჭიდაობის მეხოტბე და მხარში მდგომი თბილისში - ნიკო კეცხოველი და გორში - გიორგი ხარაული - ორივე გორელი და ორივე ქართული ჭიდაობის დიდი ქომაგი.

ციხისუბნელებს თუ გარეთუბნელებს ყველას თავისი გამორჩეული ფალავანი ჰყავდა.

ნადარბაზეველი იყო არჩილ იასაშვილი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში ნამდვილი გმირობები ჩაიდინა. არჩილზე წიგნიც კი დაიწერა - "ფალავანი ფალავნობდა".

ომის შემდეგ (1974 წ.) გორში ჩავიდა ნობელის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი მწერალი ჯონ სტეინბეკი (1902-1968) და ცნობილი ფოტოგრაფი რობერტ კაპა.

ისინი გორის ბაღში სრულიად შემთხვევით ქართული ჭიდაობის მორიგ შეჯიბრებას დაესწრნენ. სტეინბეკმა დიდებულად აღწერა ჩვენი ჭიდაობა, ხოლო კაპამ ოცამდე დაუვიწყარი ფოტო დაგვიტოვა...

მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან იასონ კაციტაძემ ქართული ჭიდაობის ხელმძღვანელობა და მწვრთნელობა გადაულოცა ენერგიულ გიგლა ალექსიძეს, რომელიც "ახალ ბაღში" პირველი ჭიდაობის დარბაზის მშენებლობას თავს ევლებოდა, აწყობდა ტურნირებს გორში და გორის სოფლებში...

თანამედროვე გორელ ფალავნებს ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებს არ ჩამოვთვლით, ისინი ისედაც კარგად ვიცით.

აქ სხვა გორელ ქართულის მოჭიდავეებს მოგაგონებთ, რომლებმაც მართალია, მწვერვალები ვერ დაიპყრეს, მაგრამ თავიანთი ლაზათიანი მოგვერდებითა და სარმებით ქომაგებს იზიდავდნენ ცოცხალი წრის გარშემო. ახალბედა ქომაგთა შორის კი ბევრი ისეთიც იყო, მოგვიანებით მათ მაგალითზე სპორტული მწვერვალები რომ დაიპყრეს...

აი ქართული ჭიდაობის ძველი ოსტატები გორიდან: ლექსო ბუთხუზი, შაქრო წიწიკაშვილი, ანზორ ბაზერაშვილი, მენა სვენელი, მიხეილ და იასონ ბერელაშვილები, სანდრო ნაკაშაშვილი, გოგია და ვანო გურასპაშვილები, ალექსი კაპანაძე, კოტე ქარსელაძე, გიგო მსუქნიშვილი, ვახტანგ სიმონიშვილი, გიორგი დოთიაშვილი, ირაკლი ოქროპირიძე, რუბენ ჯანეზაშვილი, მორდეხ მამისთვალოვი, შაქრო მერაბაშვილი, სოგრა ტატიაშვილი, მიხაკო გორელი, საბა გუნდიშვილი, შურა სამადალაშვილი, ოთარ აბუაშვილი, გოგი ლოცულაშვილი, აბრამ წკრიალაშვილი, ვახტანგ ნასყიდაშვილი, იასონ ტიელაძე, გიგუცა შავარდენიძე, ალექსანდრე შახნაზაროვი, იაკობ მდინარაძე, ვანო ტლაშაძე, კულა გოგლიძე, არტაშ მიხანაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ვასო გოგლიძე, მიხა ხახუტაშვილი, გიგუცა კალატოზი, გენო ყაზარაშვილი...

მათ საფალავნო გზას ღირსეულად აგრძელებენ გორელი მოჭიდავეები და მათი მწვრთნელები.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული