ეს ინფორმაცია ამ დღეებში გავრცელდა, სპორტსმენმა კი ტესტი სექტემბერში ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩააგდო. მის ანალიზებში ანაბოლური სტეროიდების კვალი აღმოაჩინეს, თუმცა რატომ დაიმსახურა მან ასეთი მკაცრი სასჯელი - ცხოვრების ბოლომდე, ზუსტად ვერ გეტყვით. როგორც წესი, ასეთ მკაცრ ღონისძიებებს პირველი შემთხვევისას არ აძლევენ, თუმცა ვერ გეტყვით, იყო თუ არა ადრე ალიაკბარი მხილებული დოპინგის მიღებაში.
მისი დისკვალიფიკაციით ესტონელ ჰეიკი ნაბის დაეცა ერთბაშად ოთხივე ტუზი და ორივე ჯოკერი
ამდენად, ნაბი გახდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, პროზაულად საშუალო დონის მოჭიდავე, რომელიც იშვითად ახერხებს საკუთარ თავზე ოდნავ მეტად ამაღლებას და ერთ გასროლას.
აღსანიშნავია, რომ ირანელიც და ესტონელიც 96-დან არიან გადმოსულნი ამ წონაში და თავისი პირველი ტიტული ორივემ იქ მოიპოვა - ნაბი 2006 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ალიაკბარი - 2012-ში.
2009-ში, როცა ნაბიმ პირველად მოიპოვა პლანეტის უძლიერესის წოდება, აშკარად გაუმართლა წილისყრაში - თავად იოლი ბადე შეხვდა, ამ დროს კი წონის ლიდერები მეორე მხარეს ხოცავდნენ ერთმანეთს - წინა წლის მსოფლიოს უნგრელი ვიცე-ჩემპიონი ლაიოშ ვირაჯი მომავალ ოლიმპიურ პრიზიორთან, მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ფინალისტ შვედ ჯიმი ლიდბერგთან დამარცხდა, რომელმაც, თავის მხრივ, მერე რამაზ ნოზაძესთან წააგო.
2005 წლის მსოფლიოს კიდევ ერთი მედალოსანი, ამერიკელი მესამე პრიზიორი იუსტინ რუისი უტიტულო ფინელთან დამარცხდა; ასევე უსახელოდ გავარდა ათენის ოლიმპიადის ეგვიპტელი გმირი კარამ მოჰამედ გაბერ იბრაგიმი, ხოლო ბრძოლებით დაღლილი ტურნირის ფავორიტები, ჩვენი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ათენის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ნოზაძე და თურქთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ჰამზა ერლიქაია ჩეხ მარეკ სვეკს ვეღარ გაუმკლავდნენ.
ნაბი კი ლამის უბრძოლველად გავიდა ფინალში, სადაც დასვენებულმა ტაქტიკურ ბრძოლაში იოლად დაჯაბნა დამაშვრალი ჩეხი.
იმის მიუხედავად, რომ ესტონელი მაშინ მხოლოდ 21 წლის იყო, საჭიდაო სამყარომ ის მაინც შემთხვევით ჩემპიონად მიიჩნია, რადგან აშკარა იყო - ნოზაძის ან ერლიქაიას კომპანიაში მას დიდი გზა არ ეწერა.
თუმცა, როგორც უნდა იყოს ეს ისტორია, ფაქტია, ნაბი უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, მაგრამ ჩვენთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ირანელის დისკვალიფიკაციაა - ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიდისთვის ამ წონაში მთლად ჩემპიონობის თუ არა, მედლის მოპოვების კანდიდატი იაკობ ქაჯაია გვყავს და ამ წონაში მომხდარი ყველა საკადრო ცვლილება უაღრესად საინტერესოა; შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მიგვაჩნია, რომ 26 წლის ალიაკბარი ქაჯაიასთვის ნაბიზე ბევრად სერიოზული კონკურენტი იქნებოდა - შეიძლება, უკვე მოზარდი აღარაა, მაგრამ ახლა მიდიოდა დაღვინების ასაკში, როცა მიღებულ გამოცდილებას ბუნებრივ მონაცემებს უხამებენ ხოლმე...
თან - სად ირანელთა საჭიდაო სკოლა და სად - ესტონელებისა.
მით უფრო, რომ ირანელებს თეთრი თუ შავი ფარმაკოლოგია და კვების რეჟიმი უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი - ბოლო ხანებში აკრძალული ნივთიერებებისადმი ირანელთა ტრფიალზე ბევრს საუბრობენ და ბევრიც ჩავარდა დოპინგზე, ხოლო ასაკობრივ ნაკრებებში ხშირად ისეთი ტალიკ-ტალიკა ბიჭები გამოჰყავთ, საეჭვოა, ისეთ მონაცემებს მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშით აღწევდნენ.
თუ ირანელებმა არ მიაღწიეს და ალიაკბარს სამუდამო დისკვალიფიკაცია არ შეუცვალეს, რიოს ოლიმპიადისთვის ქაჯაიას ერთი სერიოზული კონკურენტი აკლდება.
თან გავითვალისწინოთ, რომ სპორტიდან წავიდა ლეგენდარული კუბელი, ორგზის ოლიმპიური და ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი მიჯაინ ლოპეს ნუნიესი და სადღეისოდ ჩვენებურის მთავარ კონკურენტად თურქი ევროპის ოთხგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი რიზა კაიაალპი რჩება.
ის ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, ანუ ასაკი ყველანაირად ხელს უწყობს, რომ რიოს ოლიმპიადას საუკეთესო ფორმაში შეხვდეს, თუმცა ერთიცაა - განა რამდენი წელიწადი შეძლებს მუდმივად პიკში ყოფნას? ოღონდ ჩვენებურთან შედარებით, მას ის უპირატესობა ექნება, რომ მესამედ იჭიდავებს ოლიმპიადაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თუ არ იცი იკითხე და გადაამოწმე მოიძიეე მასალა... ეს სპორტსმენი დასჯილი იყო უკვე ერთხელ და ამის გამო 2012 წლის ოლიმპიადა გამოტოვა,ძალიან ლოგიკური და შესაბამისი ზომები მიუგია დამსჯელ კომისიას გამიხარდა.