სამუდამოდ დისკვალიფიცირებული ირანელი მოჭიდავე ოქროს მედალს არ აბრუნებს

AutoSharing Option
დოპინგის მიღებისთვის სამუდამოდ დისკვალიფიცირებული ირანელი მძიმეწონოსანი ამირ აზიზ ალიაკბარი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას - ფილა-ს მსოფლიოს ჩემპიონის ჩამორთმეულ ოქროს მედალს არ უბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ ირანელს სინჯები სექტემბერში ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე აუღეს, რამაც დადებითი შედეგი აჩვენა.

ამის საფუძველზე 10 დეკემბერს ფილა-მ მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა, რადგან ეს 26 წლის სპორტსმენისთვის დოპინგის მიღების მეორე შემთხვევა იყო. მას ჩამოართვეს ოქროს მედალიც, რომელიც ესტონელ ჰეიკი ნაბის გადაეცა.

მეორე ადგილზე ნახევარფინალში სწორედ ირანელთან დამარცხებულმა თურქმა რიზა კაიაალპმა აიწია. თურქის ბრინჯაო შვედ იოჰან მაგნუს ეურენს გადაეცა,
მეორე ბრინჯაო კი ყაზახ ნურმახან ტინალიევს შეუნარჩუნდა.

ამ საქმემ მოგვიანებით საინტერესო გაგრძელება მიიღო - ალიაკბარი აცხადებდა, რომ მან ტკივილგამაყუჩებელი დალია, თურმე ზედ საჭიდაოდ გასვლის წინ. რაც ყველაზე საინტერესოა, მან დაასახელა აზერბაიჯანელთა ნაკრების ექიმი, რომელსაც თურმე ექსტრემალურ ვითარებაში დახმარებისთვის მიმართა.

ამ ისტორიაში რამდენად ურევია სიმართლე, ფილა ამით არ დაინტერესებულა და განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა დამორჩილებას არც ალიაკბარი აპირებს.

ნაბიმ 18 დეკემბერს უკვე დააბრუნა თავისი ვერცხლის მედალი, მაგრამ ოქროს მიღებას დღემდე ამაოდ ელოდება. როგორც ესტონეთის ჭიდაობის კავშირის გენერალური მდივანი ანნტი ლეპიკი აცხადებს, თუ ირანელი ოქროს მედალს არ დააბრუნებს, მაშინ ნაბის ასლს დაუმზადებენ და იმას გადასცემენ.

თუმცა, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენთვის სასიკეთო სცენარია - ეტყობა, ფილა პირველადი სასჯელის გადახედვას არ აპირებს და ალიაკბარისაც სამუდამოდ ესპობა ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი, ჩვენ კი საოლიმპიადოდ სწორედ ამ წონაში გამოკვეთილი ფავორიტი გვყავს - ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი იაკობ ქაჯაია, რომელსაც ერთი ძლიერი კონკურენტი აკლდება.

ღმერთმა დაიფაროს და ოლიმპიადამდე მას ტრავმა ან რამე გაუთვალისწინებელი ამბავი თუ შეემთხვა, მაშინ გურამ ფერსელიძეც გვყავს, ევროპის მესამე პრიზიორი და მსოფლიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვის ნაჭიდავები კაცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული