ფრანგი ოლიმპიური ჩემპიონი დოპინგ-სინჯის არიდებისთვის სპორტს ერთი წლით ჩამოაშორეს

AutoSharing Option
წინასაახალწლო დღეებში დოპინგზე კიდევ ერთი ცნობილი სპორტსმენი ჩავარდა. უფრო სწორად, მისთვის დოპინგი არ აღმოუჩენიათ, მაგრამ ანტიდოპინგური რეგულაციებისთვის კი დაისაჯა.

საქმე ეხება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფრანგთა ოლიმპიურ ჩემპიონ სტივ ჟენოს (71), ვინც ერთი წლით ჩამოაშორეს აქტიურ სპორტს.

როგორც გითხარით, მისთვის აკრძალული პრეპარატის კვალი არ აღმოუჩენიათ, მაგრამ დაისაჯა იმიტომ, რომ თავი აარიდა დოპინგ-სინჯს - არ გამოუცხადდა დოპინგ-ოფიცერს შარდის ანალიზის ჩასაბარებლად. თან ეს ორჯერ განმეორდა და სანქციამაც არ დააყოვნა.

საინტერესოა, რომ ის არ დასჯილა, როგორც დოპინგის მომხმარებელი და ამიტომ შედარებით იოლად გადარჩა. ესეც ანტიდოპინგური
კანონმდებლობის ხინჯია - სპორტსმენები არცთუ იშვიათად არიდებენ ხოლმე თავს შემოწმებას, როცა მიღებული აქვთ აკრძალული წამლები.

ყველამ იცის, რატომაც მიდიან ისინი ასეთ ნაბიჯზე, თუმცა ლიბერალური საერთაშორისო კანონმდებლობა მათ სჯის თავის არიდებისთვის და არა დოპინგის მიღებისთვის, რადგან ის, რეალურად, არ აღმოუჩენიათ მათ ორგანიზმში.

დაგვეთანხმებით, ასეთი სასჯელი ბევრად უკეთესია - სად ერთწლიანი დისკვალიფიკაცია და სად - 2-იანი, თუმცა ახალი რეგულაციით, შესაძლოა, პირდაპირ 4-წლიანი მიუსაჯონ, რაც ბევრისთვის კარიერის დასრულებასაც ნიშნავს.

სტივ ჟენო ამჟამად 30 წლისაა და საფრანგეთის ნაკრებში უფროს ძმასთან, 35 წლის კრისტოფერ ჟენოსთან (74) ერთად გამოდის, ვინც პროფესიით პოლიციელია.

ძმებისთვის ყველაზე წარმატებული 2008 წლის სეზონი და პეკინის ოლიმპიადა აღმოჩნდა, სადაც სტივი ჩემპიონი გახდა, კრისტოფერი კი მესამეზე გავიდა. ოღონდ სტივი მაშინ 66 კილოგრამში გამოდიოდა, შარშანწინდელი სეზონი კი 74 კილოგრამში გაატარა, ხოლო შარშან 71-ში იჭიდავა.

პეკინში უმცროსი ჟენო ტიტულოვანი სპორტსმენის რანგში ჩავიდა, რადგან წინა წელს ბაქოში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ფარიდ მანსუროვთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

სტივ ჟენომ ლონდონის ოლიმპიადაზეც წარმატებით იჭიდავა, მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო - ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, სამხრეთკორეელ ჰიეონ-ვოო კიმთან, მერე კი დამამშვიდებლის ფინალში კუბელ პედრო ისააკ ერერასთან იმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე აღებული ჯილდოთი სტივ ჟენო თანამედროვე ფრანგ ფალავანთა შორის ხომ უნიკალურია, საფრანგეთის ისტორიაში მეორე ოლიმპიური ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ანრი დეგლანის შემდეგ, ვინც ამ სანუკვარ ტიტულს შორეულ 1924 წელს, მშობლიურ პარიზში დაეუფლა.

სტივ ჟენო ისე მოგზაურობს წონიდან წონაში. ცოტა ძნელია, განსაზღვრო, ჩვენი გუნდიდან ვისი პოტენციური მეტოქეა - როგორც გითხარით, კარიერის საუკეთესო წლები 66 კილოგრამში გაატარა, ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ კი ჯერ 74-ში იყო, მერე 71-ში მოგვევლინა.

71-ში ჯერჯერობით დიდი იმედები არ გვაქვს - აქ ბოლო პერიოდის ლიდერად მინდია წულუკიძე გვევლინება, თუმცა მას ჯერ ადაპტაცია სჭირდება.

აქვე გამოდის ოლიმპიური პრიზიორი მანუჩარ ცხადაიაც - ლონდონში ის და სტივ ჟენო ერთად, გვერდიგვერდ იდგნენ კვარცხლბეკზე, ოღონდ ცხადაიასაც გული უფრო 74-ისკენ მიუწევს. თუმცა იმ წონაში მყარად დგას ზურაბ დათუნაშვილი. ოღონდ ნაკლებად სავარაუდოა, ჟენო აქ გადმოვიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული