საქართველოს ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელთა" პირველობა: ახალი გუნდი ახალი კადრებით

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სპორტკომპლექს "არენაში" ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელთა" საქართველოს პირველობა გაიმართა, რომელმაც, ტრადიციულად, დაძაბულ ორთაბრძოლებში ჩაიარა.

ეს ჩემპიონატი დიდ საკადრო ცვლილებებს იმთავითვე გვპირდებოდა, რადგან წლეულს თაობათა ცვლის ისედაც მტკივნეული პროცესი ზვავად დაასკდა თავს - ლამის მთელი გუნდი გადავიდა ეროვნულ ნაკრებში, ზაზა სილაგაძეს კი ახალი ნაკრების ჩამოყალიბება უწევს. "არენაში" მწვრთნელს კანდიდატებმა საქმეც ბევრი გაუჩინეს, რადგან ახალი კადრები ბლომად გამოჩნდნენ.

შარშანდელი ლიდერებიდან გუნდს მხოლოდ გელა ბოლქვაძე (74) შემორჩა და ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა.

მისი წარმატება და ასეთი დ
ამაჯერებელი გამოსვლა არცაა გასაკვირი - ის შარშან ამ ასაკში ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოზე კი ბრინჯაო მოიპოვა. შარშანდელი ნაკრების წევრია 96 კილოგრამში გამარჯვებული ნიკოლოზ კახელაშვილი - ცნობილი მწვრთნელის, დავით დავითაიას შვილიშვილი, თუმცა შარშან მან ქვეყნის პირველობის ფინალში ტრავმის გამო ვერ იჭიდავა და პირველი ნომერიც კუკური კირცხალია იყო.

უნდა ითქვას, რომ უმცროსთა ასაკიდან გადმოსულებს არც თავი შეურცხვენიათ და კვარცხლბეკზე საჩემპიონო ადგილების უმეტესობა სწორედ მათ დაისაკუთრეს. თან საკმაოდ მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენეს.

ზოგადად, შეხვედრათა ხარისხი დამაიმედებელი იყო. მართალია, არც უნაკლო ეთქმოდა, რადგან სეზონის დასაწყისია და ჯერ ფორმაში არ არიან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მაყურებელმა სანახაობრივად კარგი ჭიდაობა იხილა.

რომელი ერთი დავასახელოთ, გამოსარჩევი ბევრია, თუმცა რამაზ ზოიძის (66) გამოსვლას ყველა აღნიშნავდა - ქომაგიც და მწვრთნელებიც. ხელვაჩაურელი ბიჭი რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა ქართულ რეალობაში - ლამის დღემდე აგრძელებს პარალელურად გამოსვლას ორივე სტილის ნაკრებში, "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულშიც. თან ლამის ყოველწლიურად იცვლის წონით კატეგორიას, ზევით და ზევით გადადის, მაგრამ ეს ხელს არ უშლის წარმატებების მოპოვებაში და ლამის ყოველი დიდი ტურნირიდან მედლით ბრუნდება.

ისეც მომხდარა, როცა ის ორივე ასაკობრივ ნაკრებში მოხვდა - ჭაბუკებშიც და ახალგაზრდებშიც. ასე ორ ასაკობრივ გუნდში ერთდროულად მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც (57) გვახსოვს, მაგრამ ის ასე ორივე სტილში არ ჭიდაობდა.

ზოიძემ ახლაც დამსახურებულად გაიმარჯვა და წინ კიდევ არაერთი წარმატება ელოდება. ფრიად საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოდგა მძიმე წონის ფინალიც, სადაც 17 ქულა გაკეთდა - პატარიძემ 14:3 მოიგო!

ქულათა ასეთი მარაგი ყველა წონაში მისასალმებელია, არათუ მძიმე წონაში, სადაც ამდენი ქულა იშვიათად კეთდება. პატარიძესთან დაკავშირებით, შევნიშნავთ, რომ მან შარშან ჭაბუკებში დუბლი შეასრულა - ევროპის ჩემპიონიც გახდა და მსოფლიოსიც (პლანეტის პირველობა ზედიზედ ორჯერ მოიგო), ახლა კი, ეტყობა, ახალგაზრდებშიც უპრობლემოდ გაივლის ადაპტაციას. არადა, ბექა კანდელაკიც 20-წლამდელებში ევროპის შარშანდელი გამარჯვებულია.

ტურნირის პირველ დღეს საზეიმო გახსნის ცერემონიალიც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ტრადიციულად დააჯილდოეს რამდენიმე ღვაწლმოსილი ადამიანი. მაგალითად, ჭაბუკთა ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვაჟა კრავეიშვილს დაბადების დღეც მიულოცეს და ქვეყნის უმაღლესი სპორტული ჯილდო - "სპორტის რაინდის" წოდების დამადასტურებელი საბუთიც გადასცეს, რაც სამინისტრომ მიანიჭა.

ახალგაზრდული ნაკრებისთვის წლევანდელი სეზონის უახლოესი მნიშვნელოვანი შეჯიბრება 23-28 ივნისს სტამბოლში ჩასატარებელი ევროპის პირველობაა, მსოფლიოს ჩემპიონატს კი 11-16 აგვისტოს ბრაზილიის ქალაქი რესიფე უმასპინძლებს.

როგორ მოემზადება ჩვენი ნაკრები ამ შეჯიბრებებისთვის, როგორია მათი გეგმები, ამაზე ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაზა სილაგაძეს გავესაუბრეთ. ცხადია, მას საქართველოს ჩემპიონატზეც ვთხოვეთ აზრის გამოთქმა. თუმცა, ვიდრე მის ნაამბობს გაგაცნობდეთ, მანამ შეგახსენებთ, რომ "არენა" დღეს ისევ საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და კვლავაც - "ბერძენ-რომაელთა" შორის, ოღონდ ამჯერად 23-წლიანებში.

ზაზა სილაგაძე: "კმაყოფილი ვარ იმ ჩემპიონ-პრიზიორებით, რომლებიც გამოიკვეთნენ. რაღაც ხარვეზები იყო, მაგრამ ეს შეკრებებზე აღმოიფხვრება.

მედალოსნების მონაწილეობით, 5 თებერვალს ბაკურიანში დავიწყებთ შეკრებას, შემდეგ თბილისში დავბრუნდებით და აქ გავივლით ანალოგიურ წვრთნებს, მარტში კი რიგაში ვართ მიწვეულები შეკრებაზე. იქ მხოლოდ ჩემპიონები წავლენ, სადაც ერთობლივ წვრთნებს გავივლით პოლონეთის, უნგრეთის, ნორვეგიის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის გუნდებთან ერთად.

მისი დასრულების შემდეგ რიგაში ფრეინდელფელსის ტრადიციულ მემორიალშიც გამოვალთ, ოღონდ იქ, ჩემპიონთა გარდა, სხვებიც იჭიდავებენ. ვის დავამატებთ ჩემპიონებს, მწვრთნელები მოგვიანებით ვიმსჯელებთ.

მოგეხსენებათ, შარშან ძალიან წარმატებული სეზონი გვქონდა - ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე გუნდური მეორე ადგილები და ჯამში, 10 მედალი მოვიპოვეთ, მაგრამ წლეულს 8 წონიდან 6 გადავიდა დიდებში - მხოლოდ გელა ბოლქვაძე და ბექა კანდელაკი დარჩნენ, თუმცა ნახეთ, რომ ისიც დამარცხდა პატარიძესთან.

ფაქტობრივად, 7 დებიუტანტი გვეყოლება. რიგიდან დაბრუნების შემდეგ ბაქოსა და თურქეთში გამოვალთ საერთაშორისო ტურნირებში, ბათუმში კი მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირია. იმ დასახელებული ორი შეკრების გარდა, კიდევ 5 ასეთ საწვრთნელ პროცესს გავივლით.

ერთი სიტყვით, პირობები კარგია და იმედია, წლეულსაც წარმატებით გამოვალთ. ყველაფერი ბიჭებზეა დამოკიდებული, თუმცა მწვრთნელებსაც დიდი მუშაობა მოგვიწევს - ძნელია ჭაბუკებიდან ახალგადმოსულებში შედეგის მიღწევა, მაგრამ ივლისამდე დიდი დროა და იმედია, შეცდომებს გამოასწორებენ.

ჩემპიონატიდან რამდენიმე ფალავანს გამოვარჩევ - პატარიძემ ევროპის ჩემპიონ კანდელაკს მოუგო; ახალი სახეა წურწუმია, მელია, ვინც შარშან 74-ში გახდა პრიზიორი, წლეულს კი 84-ში აინაცვლა და იქ გაიმარჯვა.

გელა ბოლქვაძეზე არაა ლაპარაკი - შანსი არ დაუტოვა არავის; ირაკლი შავაძემაც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ნიკოლოზ კახელაშვილმაც, ხოლო რამაზ ზოიძე ცალკე საუბრის თემაა.

არ ვიცი, როგორ შევაქო ის და როგორ დავახასიათო, კარგად აზროვნებს და ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ დიდი მოჭიდავე გახდეს. რაც შეეხება ორივე სტილის ნაკრებში პარალელურად გამოსვლას, მისი მშობლებიც ესწრებოდნენ შეჯიბრებას და თუ მოიგებდა ტურნირს, აქ უნდა დარჩენილიყო. ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე აქცენტი მასზე უნდა ავიღოთ. არც წონების ცვლის საშიშროება ემუქრება, რადგან უკვე აღარ სჭირდება წონის დაკლება".

კვარცხლბეკი
50 კგ
1. ნუგზარ წურწუმია (ხობი) 2. შოთა ღლონტი (ოზურგეთი), 3. გიორგი კიკნაძე (თბილისი), ირაკლი აბულაძე (აჭარა).

55 კგ
1. ირაკლი შავაძე (აჭარა), 2. დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი), 3. თორნიკე მელაძე (აჭარა; ო.მე.ც.), ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო).

60 კგ
1. ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი), 2. იური ლომაძე (ოზურგეთი), 3. გიორგი კურტანიძე (გარდაბანი), თემურ კვაჭაძე (ოზურგეთი).

66 კგ
1. რამაზ ზოიძე (აჭარა), 2. გიორგი ჩხარტიშვილი (ოზურგეთი, ო.მ.ე.ც.), 3. ბაკურ გოგოლი (სენაკი, ო.მ.ე.ც.), გიორგი ტოტიკაშვილი (გარდაბანი).

74 კგ
1. გელა ბოლქვაძე (აჭარა), 2. გურამ ხეცურიანი (ქუთაისი), 3. მურთაზ ჩაბრავა (სენაკი), გელა შავაძე (აჭარა).

84 კგ
1. გიორგი მელია (სამტრედია), 2. გიგა ქოქოლაძე (აჭარა), 3. დავით გოგიძე (ქუთაისი), ალექსი ლოდია (ოზურგეთი).

96 კგ
1. ნიკოლოზ კახელაშვილი (თბილისი), 2. გიორგი ბარბაქაძე (სართიჭალა), 3. სულხან ბუიძე (ქუთაისი), გოგა ვაჩნაძე (ოზურგეთი).

120 კგ
1. ზვიად პატარიძე (ქუთაისი), 2. ბექა კანდელაკი (თბილისი), 3. თენგიზ ძებნიაური, გიორგი გოგინაშვილი (ორივე - თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული