სომხურ-აზერბაიჯანული კინკლაობა დაიწყო

AutoSharing Option
სომხურ-აზერბაიჯანული მედია-კინკლაობა უკვე დაიწყო. ეს თემა იქაურ მედიასაშუალებებში პერიოდულად აქტიურდება, როგორც კი მტრად მოკიდებული ამ მეზობელი ქვეყნების სპორტსმენებს ერთმანეთში უწევთ რომელიმე შეჯიბრებაზე ჩასვლა.

მოგეხსენებათ, ორ თვეში - ივნისში ბაქო პირველ ევროპულ თამაშებს უმასპინძლებს, სადაც სომხეთმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ეს თემა, შესაბამისად, ახლა გააქტიურდა კიდეც, თუმცა ამას დამატებითი მუხტი მოსკოვში, სამბისტთა საერთაშორისო ტურნირზე მომხდარმა ინციდენტმაც მისცა - როცა 90 კილოგრამში სომეხი აშოტ დანიელიანის გამარჯვების აღსანიშნავად სომხეთის ჰიმნი დაუკრეს, აზერბაიჯანელი მესამე პრიზიორი ბახტიარ აბასოვი კვარცხლბეკზე ჩაცუცქდა და ჰიმნის ბოლომდე არც წამომდგარა.

ამ
გამოხდომისთვის მას უმკაცრესად მოეკითხა - მედალიც ჩამოართვეს და ორწლიანი დისკვალიფიკაციითაც დასაჯეს.


როგორც სომხური საინფორმაციო საშუალებებით ირკვევა, ამ დღეებში სომხეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს უმსჯელია ბაქოში, პირველ ევროპულ თამაშებში მონაწილეობაზე და საბოლოოდ დადებითი გადაწყვეტილება მიუღია. თუმცა შეთანხმება იოლიც არ იქნებოდა - იქაური ეოკ-ის გენერალური მდივნის, გრაჩ როსტომიანის თქმით, კამათი მართლაც ცხარე და დაძაბული ყოფილა, მაგრამ კენჭისყრისას წინააღმდეგი არავინ წასულა.

არადა, ინტერნეტსაიტებით ირკვევა, რომ ერთ-ერთი მთავარი მოკამათეც და მოწინააღმდეგეც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლევონ ჯულფალაკიანი ყოფილა. მან სხდომის შემდეგაც არ დამალა, რომ ის მონაწილეობის წინააღმდეგია, თუმცა დაემორჩილა უმრავლესობის სურვილს.

"ჩვენ გვაქვს ნათელი და მკაფიო პოზიცია. სომხეთის ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და აღმასრულებელმა კომიტეტმა ახლახან განიხილა ბაქოში, ევროპულ თამაშებში ჩვენი მოჭიდავეების მონაწილეობის მიზანშეწონილობა.

მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენი სპორტსმენების იქ გამოსვლა უაზრო და არაპრაქტიკული იყო. უახლოეს დღეებში ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ წერილობით ვაცნობებთ სომხეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და სპორტის სამინისტროს! - განაცხადა მან.

ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა მისმა შვილმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა არსენ ჯულფალაკიანმა (75). მით უფრო, მას ბაქოში ჭიდაობის მწარე გამოცდილებაც აქვს - 2007 წელს იქ მსოფლიოს პირველობაზე გამოვიდა.

"უსაფრთხოება დაცული იქნება, თუმცა თანაბარ პირობებში მაინც არ ვიქნებით. მე ასე, უბრალოდ, კი არ ვფიქრობ, ამის გამოცდილებაც მაქვს 2007 წლიდან, სადაც ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე.

ვნახე იქიდან დაწყებული, როცა ჩვენს ავტობუსში თურქეთის დროშა გადმოფინეს, ჩვენი სასტუმროს ირგვლივ კი 2-3 კილომეტრის რადიუსში დაცვა იდგა. მთელი სანაპირო პოლიციელებით იყო გარშემორტყმული, ხოლო ყოველ 15 მეტრში ჯარისკაცები იდგნენ.

როცა მე ვიკითხე, რაში სჭირდებოდათ ჯარისკაცები, მიპასუხეს, რომ ეს საჭირო იყო, რათა ზღვიდან არ მომხდარიყო თავდასხმა. დაგვეთანხმებით, ეს ყველაფერი საშიშია და ასეთ ატმოსფეროში რაოდენ ძნელია მომზადება, გამარჯვებისთვის განწყობა" - განუცხადა მან სომხურ მედიას.

შვილი-ჯულფალაკიანის ამ სიტყვებში იქნებ იმის შიშიც დაგვენახა, ხომ არ უფრთხის აზერბაიჯანელ მეტოქეებს და ამიტომ არ უნდა ბაქოში წასვლაო, მაგრამ სადღეისოდ აზერბაიჯანელებს მისი სადარი ფალავანი ნამდვილად არ ჰყავთ.

რამდენიმე ტიტულოვანი ფალავანი კი ჰყავთ, მაგრამ ისინი ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევენ სომეხს - ბოლო წლებში სადაც შეხვდა მეზობლებს, ყველგან მოუგო. ჯულფალაკიანი დღეისათვის ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში - არა მხოლოდ თავის წონაში.

ლონდონის ოლიმპიადაზე ამ წონაში აზერბაიჯანელებიდან ბრინჯაოს მედალი ემინ ახმადოვმა მოიპოვა. ამის შემდეგ მათი მორიგი დიდი წარმატება მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაო იყო, რომელსაც ელვინ მურსალიევი დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ორივე ტურნირზე ოქროს მედლისკენ მიმავალი გზა მათ ჯულფალაკიანმა გადაუღობა.

გრაჩ როსტომიანის თქმით, ისინი იმიტომ დათანხმდნენ ბაქოში გამოსვლას, რომ უსაფრთხოების მაღალი გარანტიები მიიღეს საერთაშორისო თუ ევროპის ოლიმპიური კომიტეტებისგან. ამასთან, ეთანხმებიან პრინციპს, რომ მთავარია მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვონც ეს გივი?
ფერნანდო
21:19 03-04-2015
0
რას ედავება აზერები ტერიტორიებს?
სომხებს , ალბანელებს, ქართველებს და სხვა ერებს, რომლებიც აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ, მაშინ როდესაც აზერები ანუ თათრები, იქედან 5000 კილომეტრის იქით მონღოლეთის უდაბნოში ცხენებთან ერთად ცხოვრობდნენ
გივი
14:03 03-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული