ქართველმა მოჭიდავეებმა "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე" 23 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ფოტოზე: მარცხნიდან მეორე რამაზ ზოიძე

ბაქოში დამთავრდა "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის" გათამაშება, რომელიც ბიჭების ორივე საჭიდაო სტილში და ორივე ასაკობრივ ჯგუფში ტარდება, ანუ ჭიდაობდნენ ახალგაზრდებიც და ჭაბუკებიც "თავისუფლებშიც" და "ბერძენ-რომაელებშიც".

შეჯიბრება ხუთშაბათს დაიწყო და ბერძნულ-რომაულად მოასპარეზე ჭაბუკების ტრიუმფალურ გამოსვლაზე (მათ 7 მედალი მოიპოვეს) უკვე ვწერდით.

საბედნიეროდ, დანარჩენი სამი ქართული გუნდიც წარმატებით გამოვიდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ორივე ასაკის საერთო შედეგებით, უფრო უკეთ "ბერძენ-რომაელებმა" იჭიდავეს.

ეს შეჯიბრება ერთ-ერთი მთავარი შესარჩევი ეტაპი იყო ევროპის პირველობაზე წამსვლელი გუნდების დასაკომპლექტებლად, რომელსაც 23-28 ივნისს სტამბოლი
უმასპინძლებს.

"ბერძენ-რომაელები" გაერკვნენ
ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელებმა" ამ ტურნირში 3 ოქრო და 6 ბრინჯაო მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ ლევან ქავჟარაძე (60), რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120), კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი ნუგზარ წურწუმია (50), დავით ჩხარტიშვილი (55), ირაკლი შავაძე (60), გიორგი მელია (84), სულხან ბუიძე (96) და ბექა კანდელაკი (120) დადგნენ.

აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მელიამ თანაგუნდელი გიგა ქოქოლაძე დაამარცხა - 3:1. ამავე წონაში კიდევ ერთი ჩვენებური დარჩა მეხუთე ადგილზე - ნიკა გავაშელი, ვინც გადამწყვეტი პაექრობა ირანელ მაჰდი ფალამადინადისთან ასევე 1:3 დათმო.

როგორც ვხედავთ, ზაზა სილაგაძის გაწვრთნილი ნაკრების წარმატებაც მასშტაბურია - 8 წონიდან 7-ში მედალი მოიპოვეს და ლამის გუნდის ნახევარმა ირგუნა ოქრო.

აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრების არც ისე ხანგრძლივ ისტორიაში ჩვენებმა პირველად მოიპოვეს 3 ოქრო. უმედლოდ მხოლოდ 74 კილოგრამში დავრჩით, თუმცა ამ წონაში სილაგაძემ დაასვენა გამოკვეთილი ლიდერი, ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი გელა ბოლქვაძე. აქვე გეტყვით, რომ მწვრთნელმა კიდევ ერთი ლიდერი დაასვენა - ნიკოლოზ კახელაშვილი (96). სავარაუდოდ, მათი გამოსვლის შემთხვევაში წარმატება კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, თუმცა მათ არყოფნაშიც ჩვენმა ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა.

ამ ტურნირმა მძიმე წონაში არსებულ მთავარ ინტრიგასაც გასცა პასუხი - პირველივე წრეში პატარიძემ 4:1 მოუგო კანდელაკს და ისევ ხელთ იგდო წონის ლიდერობა. პატარიძემ შარშან ჭაბუკებში დუბლი მოიგო - გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, კანდელაკმა კი შარშანვე ახალგაზრდებში გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში.

წლეულს ისინი საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და პატარიძემ გაიმარჯვა. წაგებულმა რევანში მარტში რიგაში აუღო, როცა ბრწყინვალე 5-ქულიანი გდებით მოუგო, ახლა კი სასწორის პინა ისევ ქუთაისელმა პატარიძემ გადაქაჩა თავისკენ. ამით მან კიდეც გაინაღდა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება. როგორც სილაგაძემ გვითხრა, 9 მაისს ნაკრები მინსკში გუნდურ ტურნირში იჭიდავებს, სადაც მხოლოდ პირველი ნომრები წავლენ.

ბაქოს ტურნირმა უკვე საბოლოოდ გამოავლინა ევროპირველობაზე წასაყვანი შემადგენლობა, რადგან ლიდერებმა პირადი შეხვედრით თუ არა, შედეგით მაინც აჯობეს კონკურენტებს. სტამბოლში ჭიდაობა განაღდებული ჰქონდა გათავისუფლებულთა ზემოხსენებულ დუეტს - ბოლქვაძეს (74) და კახელაშვილს (96), დანარჩენ წონებში კი წურწუმია (50), შავაძე (55), ქავჟარაძე (60), ზოიძე (66) და მელია (84) გამოვლენ. პატარიძის მსგავსად, წურწუმიაც წლეულს გადმოვიდა ჭაბუკებიდან, სადაც ევროპირველობის ბრინჯაო მოიპოვა.

თუ დააკვირდით, ირაკლი შავაძე მედალოსნებში 60 კილოგრამშია, ევროპაზე წამსვლელებში კი - 55-ში. ის მართლაც უფრო მჩატე წონაში გამოდის, თუმცა ადრე სულაც 50-ში ასპარეზობდა და იმ წონაში ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონიც გახდა. ბაქოში მას წონა არ დააკლებინეს და 60-ში დააყენეს, თუმცა როგორც სილაგაძემ აღნიშნა, ახალ წონაშიც კარგად წარმოაჩინა თავი.

მწვრთნელი ასევე ძალიან კმაყოფილია ზოიძის ჭიდაობით - ეს ბიჭი ჭაბუკებში სეზონს არ ტოვებდა უმედლოდ, ახლა კი ახალგაზრდებშიც ემზადება დიდი ნახტომისთვის. სილაგაძის თქმით, მან ბაქოში ტიტულოვან მეტოქეებს სძლია, ჩვენ კი დავძენთ, რომ ზოიძე ჭაბუკებში ლამის ერთნაირი წარმატებით ჭიდაობდა "თავისუფალსაც" და ბერძნულ-რომაულსაც, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მაინც ამ მეორე სახეობაზე გააკეთა.

კვარცხლბეკი
ახალგაზრდები
50 კგ
1. ნოფალ ბაბაევი (აზერბაიჯანი), 2. აზერ ნასიბლი (აზერბაიჯანი), 3. ნუგზარ წურწუმია (საქართველო), მურატ ჩანკაია (თურქეთი).

55 კგ
1. ტაბრიზ იუსუფზადა (აზერბაიჯანი), 2. აგანია მოჰამადრეზა (ირანი), 3. დავით ჩხარტიშვილი (საქართველო), ნაციპ ცან დოკგიოზი (თურქეთი).

60 კგ
1. ლევან ქავჟარაძე (საქართველო), 2. კარიმ საფაროვი (აზერბაიჯანი), 3. ირაკლი შავაძე (საქართველო), კალი სულეიმანოვი (ყირგიზეთი).

66 კგ
1. რამაზ ზოიძე (საქართველო), 2. მაქსიმ ევტუშენკო (უკრაინა), 3. ნამაზ რუსტამოვი (აზერბაიჯანი), ოგუზან იალჩინი (თურქეთი).

74 კგ
1. ბურჰან აკბუდაკი (თურქეთი), 2. ფურკან ბაირაკი (თურქეთი), 3. იასინ ბასერი (თურქეთი), სამისტან გულუზადა (ირანი).

84 კგ
1. ისლამ აბასოვი (აზერბაიჯანი), 2. მეჰმეტ ცან ბისაკი (თურქეთი), 3. გიორგი მელია (საქართველო), მაჰდი ფალამადინადი (ირანი), 5. გიგა ქოქოლაძე, ნიკა გავაშელი (ორივე - საქართველო).

96 კგ
1. ორხან ნურიევი (აზერბაიჯანი), 2. ზლოტ ტოროკი (უნგრეთი), 3. სულხან ბუიძე (საქართველო), სოსლან ფანზიევი (აზერბაიჯანი)

120 კგ
1. ზვიად პატარიძე (საქართველო), 2. ოსმან ილდირიმი (თურქეთი), 3. ბექა კანდელაკი (საქართველო), რომან კიმი (ყირგიზეთი).

ჭაბუკთა უიღბლობა?
თავისუფალ სტილში ჭაბუკებმა ბაქოში 4 მედალი მოიპოვეს - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ვიცე-ჩემპიონი დემურ მეგენეიშვილი (76) გახდა, მესამე პრიზიორები - გოგა მამიაური (58), ივერიკო ჯულაყიძე (69) და ზურაბ ურთაშვილი (100). არადა, ამ ნაკრებს ყველაზე უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლო, რადგან 7-მა სპორტსმენმა ბრინჯაოსთვის პაექრობა წააგო და მეხუთეზე დარჩა: გია უღრელიძე (42), თორნიკე ასაბაშვილი (46), თემურ ვანიშვილი (54), ივანე გოდელაშვილი (58), მამუკა ჩაჩუა (63), ცოტნე მიქელაშვილი (76) და ბექა ჭელიძე (85).

არადა, რამდენიმე მათგანს - უღრელიძეს, ვანიშვილს, გოდელაშვილს, ჩაჩუას წლეულს მშვენიერი სეზონი აქვთ. რა დავარქვათ ამდენი შანსის განიავებას - უიღბლობა? თუმცა, წაგების მიუხედავად, მათ გუნდს ჩასათვლელი ქულები მაინც მოუტანეს და "ბერძენ-რომაელთა" ორივე გუნდის მსგავსად, გუნდურ ჩათვლაში ესენიც მესამეზე გავიდნენ.

სამაგიეროდ, ოთხივე მედალოსანმა გამოავლინა ლიდერული თვისებები - წლეულს ისინიც საკმაოდ კარგად ჭიდაობენ და ბაქოში ამბიცია-რეპუტაცია სრულად დაამტკიცეს. გამოვარჩევთ ჯულაყიძეს, ვინც წლეულს წონითი კატეგორია შეიცვალა, მაგრამ ამას ჯერჯერობით მის შედეგებზე დიდი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

კვარცხლბეკი
ჭაბუკები
42 კგ
1. იერბოლატ ახმედოვი (ყაზახეთი), 2. მუსა მეტიჰანოვი (რუსეთი), 3. ვუზალ ჰუსეინოვი, საჰინ მუხტაროვი (ორივე - აზერბაიჯანი)., 5. გია უღრელიძე (საქართველო).

46 კგ
1. რუსტამბეკ იურაევი (უზბეკეთი), 2. როიალ აგამალიევი (აზერბაიჯანი), 3. მუხამადალტ ობტოჯინოვი (უზბეკეთი), ინტიგამ ვალიზადა (აზერბაიჯანი), 5. თორნიკე ასაბაშვილი (საქართველო).

50 კგ
1. იულომიევ აბდულაევი (უზბეკეთი), 2. ნურალი კაირბეკი (ყაზახეთი), 3. გამზატ ბულატოვი (რუსეთი), ერთუგრულ კავეჩი (თურქეთი).

54 კგ
1. აბას რახმონოვი (უზბეკეთი), 2. რაზამბეკ ჯამალოვი (რუსეთი), 3. ფარუხ ალიევი (აზერბაიჯანი), ვალენტინ სუდინოვი (რუსეთი), 5. თეიმურაზ ვანიშვილი (საქართველო).

58 კგ
1. ფაზილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი), 2. ფიზული ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი), 3. გოგა მამიაური (საქართველო), აგილ ფირუზადა (აზერბაიჯანი), 5. ვანო გოდელაშვილი (საქართველო).

63 კგ
1. კარიმ დუისენკული (ყაზახეთი), 2. გურბან გურბანოვი (აზერბაიჯანი), 3. ურანბატ ტოლეგენი (ყაზახეთი), ჰუსეინ ჰუსეინზადა (აზერბაიჯანი), 5. მამუკა ჩაჩუა (საქართველო).

69 კგ
1. ისმაილ აბდულაევი (აზერბაიჯანი), 2. რაშად იუსიფლი (აზერბაიჯანი), 3. ივერიკო ჯულაყიძე (საქართველო), ხალიდ ელიზადა (აზერბაიჯანი).

76 კგ
1. ელიმან გულიევი (აზერბაიჯანი), 2. დემურ მეგენეიშვილი (საქართველო), 3. რავილ ბაბაზადა (აზერბაიჯანი), დაულეტ მელდებეკი (ყაზახეთი), 5. ცოტნე მიქელაშვილი (საქართველო)

85 კგ
1. სეიმანსურ იდრისოვი (რუსეთი), 2. ნაილ სეგიაკი (თურქეთი), 3. ხუსანბოი რახიმოვი (უზბეკეთი), ქარაბეკ რუანისი (ყაზახეთი), 5. ბექა ჭელიძე (საქართველო).

100 კგ
1. ხასანბოი რახიმოვი (უზბეკეთი), 2. სიარის ბაკიტანოვი (ყაზახეთი), 3. ზურაბ ურთაშვილი (საქართველო), ბოტაბეკ ადოლბეკი (ყაზახეთი).

მაჭარაშვილის გამარჯვება
ჩვენი გუნდებიდან ყველაზე ცოტა მედალი თავისუფალ სტილში მოჭიდავე ახალგაზრდებმა მოიპოვეს - 3. აქედან 1 ოქრო და 2 - ბრინჯაო, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გოგშელიძემ ლიდერთა უმეტესობა დაასვენა და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ძირითადად, სათადარიგოებს მისცა თავის გამოჩენის შანსი.

სამაგიეროდ, ოქროს მედალი ამ მწირ მონაგარშიც კი არის. ნიშანდობლივია, რომ ის იმ გამონაკლის ლიდერთაგან ერთ-ერთმა - გივი მაჭარაშვილმა (96) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი რობერტ დინგაშვილი (50) და გიორგი სულავა (60) დაეუფლნენ. ბრინჯაოსთვის ლაშა ჯელაძემაც (120) იჭიდავა, თუმცა დამარცხდა.

მაჭარაშვილი წლეულს გადმოვიდა ჭაბუკებიდან, სადაც შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის წლეულს ახალგაზრდებშიც კარგად გამოდის და ახლაც ძალიან ძლიერად იჭიდავა. ფინალში თურქი აიკუტ ისიკი ძალიან თავისუფლად, ძალების ზედმეტი დაძაბვის გარეშე 5:1 დაჯაბნა. მის ჭიდაობაში იგრძნობოდა გარკვეული გეგმა, წინასწარი მონახაზი, რომელსაც მიჰყვებოდა, ანუ კარგად ასრულებდა დასახულ გეგმას, მწვრთნელთა დავალებებს. თურქს თითქმის ყველა მდგომარეობიდან გაუკეთა გდებები - დგომიდანაც და ჩოქბჯენიდანაც, თან ფიზიკური ძალით დაჩაგრა, ორიოდ ეპიზოდში სწორედ ღონით აჯობა. არადა, ისიკი მასზე უფრო დაკუნთული, მაღალი და ზორბა ჩანდა, ამას კი ჯერ კიდევ ეტყობა ბავშვური აღნაგობა.

სავარაუდოდ, სამომავლოდ ჩვენებური ფიზიკურად კიდევ უფრო მოუმატებს, დამძლავრდება და მართლაც გავლენიან ლიდერად ჩამოყალიბდება, ოღონდ სასურველია, ეს ყველაფერი კუნთოვანი მასის ხარჯზე მოხდეს და წონა არ გაექცეს. თუმცა ის იმდენად ტექნიკური, მოძრავი, სწრაფი და მოაზროვნეა, მძიმე წონაშიც დიდი შანსი ექნება.

ამ ნაკრების ლიდერთა შესაძლებლობებს 10-ოდ დღეში, უფროსთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე ვნახავთ, სადაც აუცილებლად იჭიდავებენ და ეროვნულ ნაკრებში მოხვედრასაც შეეცდებიან.

თავისუფალი ჭიდაობა
ახალგაზრდები
50 კგ
1. ზელიმხან მაგომედსულთანოვი (რუსეთი), 2. ნურსულთან ბორანგალიოვი (ყაზახეთი), 3. რობერტ დინგაშვილი (საქართველო), ალი რეზა გოუდარზი (ირანი).

55 კგ
1. მაჰირ ამირასლანოვი (აზერბაიჯანი), 2. რუსლან ქასიმოვი (აზერბაიჯანი), 3. იუნეს ემამცექანი (ირანი), რუსლან სურხაევი (აზერბაიჯანი).

60 კგ
1. ვურგუნ ალიევი (აზერბაიჯანი), 2. ბოლბატ ტორებეკი (ყაზახეთი), 3. გიორგი სულავა (საქართველო), ადამ ქერი მეჯედოვი (რუსეთი).

66 კგ
1. ენეს უსლუ (თურქეთი), 2. ტაიქიბ ჰასანოვი (რუსეთი), 3. თეიმურ მამადოვი (აზერბაიჯანი), ჯამალ ებადი (ირანი).

74 კგ
1. მურად სულეიმანოვი (აზერბაიჯანი), 2. მუჰამედ აკდენიზი (თურქეთი), 3. საიაკბაი უსუპოვი (ყირგიზეთი), აჰმეტ ერთურქი (თურქეთი).

84 კგ
1. ჰაჯიმურად მოჰამადსაიდოვი (აზერბაიჯანი), 2. მუსტაფა სესიჩი (თურქეთი), 3. მოჰამადრასულ ქაზიმამამდოვი (აზერბაიჯანი), არსენ მუსალალიევი (რუსეთი).

96 კგ
1. გივი მაჭარაშვილი (საქართველო), 2. აიკუტ ისიკი (თურქეთი), 3. ბურსატ ალმენტაი (ყაზახეთი), ილდერიზ შავრანი (თურქეთი).

120 კგ
1. საიდ გამიდოვი (აზერბაიჯანი), 2. ასადულა იბრაგიმოვი (რუსეთი), 3. იუნუს ემრე დედე, ჰუსეინ ციველეკი (ორივე - თურქეთი), 5. ლაშა ჯელაძე (საქართველო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული