6 ოქრო და 1 ბრინჯაო - ახალგაზრდა "კლასიკოსების" ბრწყინვალე შედეგი მინსკის ტურნირზე

AutoSharing Option
9 მაისს მინსკში პირველად ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის, რომელშიც დიდი წარმატებით გამოვიდა ჩვენი ნაკრები.

ზაზა სილაგაძის შეგირდებმა პირად პირველობაში 8 წონაში 7 მედალი მოიპოვეს - 6 ოქრო და 1 ბრინჯაო, შედეგად კი გუნდური პირველობაც მოიგეს.

ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (50), ირაკლი შავაძე (55), ლევან ქავჟარაძე (60), რამაზ ზოიძე (66), გიორგი მელია (84) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ. გელა ბოლქვაძე (74) მესამეზე გავიდა.

უმედლოდ მხოლოდ ერთ წონაში - 96-ში დავრჩით, თუმცა ამის მიზეზი ნიკოლოზ კახელაშვილის ტრავმაა, რომელიც საბოლოოდ მეხუთეზე
დარჩა.

გუნდური ჩათვლა ჩვენებმა 74 ქულით მოიგეს. მეორეზე უკრაინაა 59-ით, მესამეზე - სომხეთი 55-ით. რუსეთი მეოთხეზე გავიდა, მასპინძელი ბელორუსი - მეხუთეზე. სულ ტურნირში 8 გუნდი გამოდიოდა.

მინსკში სილაგაძემ უძლიერესი შემადგენლობა წაიყვანა - პირველი ნომრები, რომლებმაც უკვე გაინაღდეს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა. შედეგიც შესაბამისია - ფანტასტიკური.

არანაკლებ სასიხარულოა, რომ ეს გუნდი აგრძელებს ჩინებულ სეზონს, რითაც ბოლო სეზონებში დაგვამახსოვრა თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული