ამ უქმეებზე კიევი "XX საუკუნის სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მსაჯთა მემორიალს" უმასპინძლებს, რომელიც სამივე საჭიდაო დისციპლინაში ტარდება, თუმცა ჩვენგან იქ მხოლოდ ვაჟები გამოვლენ. ძირითადად - "ბერძენ-რომაელები", რომლებიც 10-კაციანი გუნდით იასპარეზებენ, თავისუფალ ჭიდაობაში კი მხოლოდ ერთი მონაწილე გვეყოლება. ისინი დღეს, 12 თებერვალს გაფრინდებიან კიევში.
"ბერძენ-რომაელთა" ამ 10-კაციანი გუნდიდან საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია მხოლოდ 8-ს აფინანსებს (სრულ სიას ქვემოთ იხილავთ), ორს კი, ბათუმელებს - გოდერძი დავითაძეს (59) და არჩილ თურმანიძეს (66) აჭარა გზავნის.
თავისი ხარჯით მიდის "თავისუფალთა" ერთადერთი წარმომადგენელი, ყვარლელი
"ბერძენ-რომაელთა" ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ბეგი დარჩიას გადაწყვეტილებით, კიევში საქართველოს წლევანდელ ჩემპიონთაგან მხოლოდ ერთი - გიორგი დათუნაშვილი (75) იჭიდავებს, ვინც ქვეყნის პირველობის ფინალში ძმა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი დაამარცხა.
ამასობაში კი თავად დარჩია და ნაკრების უმთავრესი ლიდერები დუშეთში არიან შეკრებაზე, რომელიც კვირას დაიწყეს. მას 22 თებერვალს დაამთავრებენ, ერთი დღით თბილისში დაბრუნდებიან და 24-ში მინსკში გაფრინდებიან, სადაც "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე ერთობლივ შეკრებას ჩაატარებენ. ისინი მინსკიდანვე გადავლენ რიგაში, სადაც 8-13 მარტს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.
მინსკში დარჩიას პირველ-მეორე ნომრები მიჰყავს, დანარჩენები კი იმავე პერიოდში საქართველოს 23-წლიანთა ნაკრებს გაჰყვებიან შეკრებაზე და მათ დაეხმარებიან თანატოლთა ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებაში, რომელიც 29 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ბულგარეთში, ქალაქ რუსეში ჩატარდება.
"ბერძენ-რომაელთა" თურქული გაკვეთილი
როგორც ვხედავთ, ევროპირველობამდე ჩვენი "ბერძენ-რომაელები" უკვე მეტ ტურნირში აღარ გამოვლენ. თუმცა ლიდერებს საშეჯიბრებო პრაქტიკა აღარ აკლიათ, რადგან იანვარში გამართული ქვეყნის პირველობის შემდეგ მათ 30-31 იანვარს სტამბოლში ვები ემრესა და ჰამიტ ყაფლანის მემორიალშიც იჭიდავეს, სადაც კონკურენციის თვალსაზრისით, ფრიად საინტერესო შედეგები აჩვენეს. ამიტომ ბეგი დარჩიაც ჯერჯერობით თავს იკავებს ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობის დასახელებისგან. რამდენიმე წონაში ჯერ კიდევ გასარკვევია კონკურენცია, რაც შეკრებებზე გადაწყდება. თუმცა გარკვეული დასკვნების გამოტანა უკვე შეიძლება, მაგრამ ჯერ ნურც ჩვენ გავუსწრებთ მოვლენებს, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ წლეულს ქვეყნის ჩემპიონები რევაზ ლაშხი (59), შმაგი ბოლქვაძე (66), მინდია წულუკიძე (71), გიორგი დათუნაშვილი (75), ნიკოლოზ კელასოვი (80), რობერტ კობლიაშვილი (85), რევაზ ნადარეიშვილი (98) და იაკობ ქაჯაია (130) გახდნენ, ამათგან კი თურქეთში ჩემპიონი მხოლოდ კობლიაშვილი გახდა.
იქ ჩვენგან კიდევ ერთი ოქრო მსოფლიოს მესამეპრიზიორმა ლაშა გობაძემ (80) მოიპოვა. ლაშხი, ბოლქვაძე, წულუკიძე, თორნიკე ძამაშვილი (80) და ბექა კანდელაკი (130) ვერცხლს დასჯერდნენ, ხოლო მათე სოფაძე, გიორგი ცირეკიძე (ორივე - 85) და ნიკოლოზ კახელაშვილი (98) მესამეზე გავიდნენ.
სტამბოლში ჩვენთვის საინტერესო ამბები რამდენიმე წონაში მოხდა. მაგალითად, გობაძემ საფინალო გზაზე ჯერ კელასოვი დაამარცხა, რითაც საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მარცხისთვის რევანში აუღო, ფინალში კი ძამაშვილსაც აჯობა. ამდენად, აქ კონკურენცია ფრიად ჩაიხლართა - შეიძლება ითქვას, გობაძემ ძამაშვილი კონკურენციაში საბოლოოდ ჩამოიშორა, მაგრამ სხვა საქმეა კელასოვი, ვინც სტამბოლში ბრძოლა ხელის ტრავმის გამო ვერ გააგრძელა.
სავარაუდოდ, დარჩია ამ ფაქტს ვერ წაუყრუებს (მით უფრო, იგებდა კელასოვი) და მათი კონკურენცია შეკრებებზე, საკონტროლო შეხვედრებით გადაწყდება.
სტამბოლში მთავარ კონკურენტს მოუგო კობლიაშვილმაც - ევროპის პრიზიორ გიორგი ცირეკიძეს. მას საქართველოზეც აჯობა, ანუ ამ წონაში ევროპის პირველობაზე წამსვლელი თითქმის გარკვეულია. იგივე ითქმის ლაშხზე, ბოლქვაძესა და წულუკიძეზე, თუმცა ასე გადაჭრით ვერ ვისაუბრებთ 75, 80, 98 და 130 კილოგრამებზე. აქ ყველაფერი შეკრებებზე გაირკვევა.
ბერძნულ-რომაული ნაკრები
59 კგ. გოდერძი დავითაძე
66 კგ. გიორგი დავითაია, არჩილ თურმანიძე
71 კგ. გოგა აფრიამაშვილი, გიორგი ჯავახია
80 კგ. თორნიკე ძამაშვილი
85 კგ. ვლადიმერ გეგეშიძე
98 კგ. ვასილ იმერლიშვილი
130 კგ. ლევან არაბული
თავისუფალთა ნაკრები
86 კგ. თორნიკე ალადაშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"