აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან

AutoSharing Option
ერთ თვეზე ცოტა მეტი გავიდა, რაც გეგა გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ბუნებრივია, ამ მცირე დროში ბევრის გაკეთებას ვერ მოასწრებდა, მაგრამ პირველი ნაბიჯები მაინც გადადგა.

ვფიქრობთ, საინტერესოა, რისი გაკეთება მოასწრო ამ პერიოდში, რა ვითარება დახვდა ჭიდაობაში და რის გაკეთებას აპირებს სამომავლოდ.

- რისი გაკეთება მოასწარით ამ ერთთვიან მონაკვეთში, საიდან დაიწყეთ მუშაობა?
- რეგიონებიდან დავიწყეთ და მგონი, აქცენტი სწორად გავაკეთეთ. ვფიქრობ, აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ. ცხადია, ჯერ ყველგან ჩასვლა ვერ მოვასწარით, მაგრამ ვნახეთ, დარბაზები რა მდგომარეობაშია. ზოგს ლეიბებიც კი
არა აქვს - ნახევარი ლეიბი აქვთ გაყოფილი ოთახებში და ასე ავარჯიშებენ ბავშვებს. ვიყავით და, ალბათ, კიდევ უნდა ჩავიდე აჭარაში, სადაც პრობლემაა დარბაზთან დაკავშირებით, თითქოს ართმევენ სპორტსმენებსო. გუშინწინ მწვრთნელებიც ვნახე და როგორც მითხრეს, ბოლომდე მოგვარებული არაა - დროებით სადღაც უშვებენ და, ალბათ, მერე დარბაზს მისცემენ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

გარდა ამისა, ხელფასების თემაც გავიარეთ, რომელიც ძალიან მწირია - წარმოიდგინეთ, მწვრთნელი, ვინც მთელი დღე დარბაზშია, მოწყვეტილია ოჯახს, საქმეს და 100-200 ლარს იღებს. ასეთ პირობებში რა უნდა მოვთხოვოთ, ხოლო თუ მოვთხოვთ, მაშინ პირობებიც უნდა შევუქმნათ. ამიტომ გადაწყვეტილი გვაქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მუშაობა, რაღაც პროგრამა შევქმნათ, რომ ამ მწვრთნელებს პირობები შევუქმნათ. ისინი მთელი დღე მოწყვეტილი არიან ოჯახს, ჭიდაობაზე არიან გადაგებულნი და ასეთ ხელფასს იღებენ. სირცხვილია ამგვარი დამოკიდებულება. არადა, როგორ უნდა უყვარდეს ჭიდაობა, რომ 200 ლარად იმუშაოს გაყინულ დარბაზში.

ერთგან ისეთი დარბაზი ვნახეთ, მსგავსი კიდევ თუ არსებობდა, არ მეგონა - არც გათბობაა და ძველებურ "გუბკიან" ლეიბებზე ვარჯიშობენ. ამის მიუხედავად, კაცი მაინც მთელი დღე დარბაზშია - ერთ დღეს 20 ბავშვს ავარჯიშებს, მეორე დღეს - 30-ს და ასე.

ყველანაირად ვეცდები, მუნიციპალიტეტები შევაწუხოთ, რომ პირობები გავაუმჯობესოთ. ახლა ლეიბებიც ჩამოგვდის და ისე გადავანაწილებთ, ყველას რომ შეხვდეს და ბავშვებმა ნორმალურად ივარჯიშონ, თორემ ძალიან ცუდ დღეში არიან.

- წარმოგედგინათ ასეთი ცუდი ვითარება?
- რაღაც კი ვიცოდი, რაც ხდებოდა, მაგრამ ასე რთულად თუ იყო საქმე, არ მეგონა.

როცა ჭიდაობა დავიწყე, მაშინაც გაყინული დარბაზები იყო, მაგრამ იმ დროს ყველგან ერთნაირი სიტუაცია იყო და არავის პრეტენზია არ ჰქონდა, მაგრამ დღეს რომ ევროპისკენ მივილტვით, სპორტსმენებსაც უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, ევროსტანდარტებში რომ ჩავჯდეთ. მინიმუმ, შხაპი და ცხელი წყალი მაინც ხომ უნდა ჰქონდეთ! თუნდაც ფალავანთა კლუბში რა ხდება! სოკოს ბუდეა, კაფელები ცვივა, ერთი შხაპი მუშაობს და აქ ვარჯიშობს საქართველოს ნაკრები, ესაა მისი ძირითადი ბაზა. უცხოელი რომ შემოვიდეს ვინმე, სირცხვილით სად უნდა წავიდეთ!

ველოდებით, როდის გადმოგვეცემა ეს შენობა, რასაც სპორტის მინისტრის მოადგილე შეგვპირდა. როგორც კი გადმოგვცემენ, მაშინვე დავიწყებთ რემონტს და სხვა რამეებზეც ვიფიქრებთ, რომ საქართველოს ნაკრები ნორმალურ პირობებში ვარჯიშობდეს, რათა მოვთხოვოთ მწრთნელსაც და სპორტსმენსაც.

ჩვენ ვიდეოებიც მოვიძიეთ, საზღვარგარეთ როგორ ვარჯიშობენ სპორტსმენები. სულ სხვანაირი ვარჯიშებია. ამ რიტმს უნდა ავყვეთ. უკვე მიდის მოლაპარაკება ტრენაჟორტების შეძენაზე, თორემ მარტო შტანგით, თოკით და გირით საქმე არ კეთდება.

ჭიდაობა გენში გვაქვს და პირობები სულ რომ არაფერი არ შევუქმნათ, 1-2 მედალი მაინც იქნება, მაგრამ ამით ხომ არ უნდა დავკმაყოფილდეთ? პირიქით, უნდა შევუქმნათ პირობები, რომ ორის მაგივრად 5 და მეტი მედალი გვქონდეს.

მორაგბეები და ძიუდოისტები უკვე გადავიდნენ ახალ მეთოდებზე, ჩვენ კი ძველ სისტემაში ჩავრჩით. შეიძლება, არაა ის ცუდი, მაგრამ მოძველებულია, განვითარება სჭირდება.

- ბაზებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემის მოგვარებას მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით აპირებთ თუ სხვა გზასაც მოძებნით? თუნდაც - სპონსორების მოზიდვას?
- ყველა რესურსს, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ საამისოდ, ყველას ჩავრთავ ამ პრობლემის მოგვარებაში. ბუნებრივია, ბიზნესმენები და სპონსორებიც არიან, რომლებსაც სურთ, ჭიდაობის ოჯახს დაუდგნენ გვერდში. ვიმედოვნებ, მართლაც დაუდგებიან, ეს ოჯახი კი ოქროს მედლებით დაუფასებს ამ ადამიანებს.

- ალბათ, სტატისტიკურ აღრიცხვასაც შეუდექით, სად, რომელ რაიონშია უმთავრესი საქმეები გასაკეთებელი.
- ცხადია, ამის მონახაზიც გვაქვს, მაგრამ ყველაფერს დრო უნდა. ჯერ ერთი თვის მოსული ვარ და ბოლომდე ვერ გავერკვიე, ფალავანთა კლუბის დარბაზი ჩვენია თუ არა. პირდაპირ ვიტყვი - ჯერ იმით დავიწყებ, სადაც ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს, ამით დავიწყებთ მუშაობას. ნაკრებს ელემენტარული პირობები მაინც უნდა შევუქმნათ, ბიჭებმა ნორმალურად რომ ივარჯიშონ.

ამის შემდეგ რაიონებს მივხედავთ. ვიცე-პრეზიდენტებს დავაგზავნით რაიონებში, სადაც დეტალურად ჩაიწერენ, ვის რა უჭირს, სად რამდენი ბავშვი ვარჯიშობს, რამდენი მწვრთნელი და მსაჯია. თუ გუნდი მოგყავს, გუნდმა კიდეც უნდა იმუშაოს. გეგეშიძე ავირჩიეთ და მარტო იმან უნდა გააკეთოსო - მე თავიდანვე ვთქვი, ეს ოჯახი გვერდში თუ არ დამიდგა, მხოლოდ გეგეშიძე ვერაფერს გააკეთებს-მეთქი. ამ ოჯახმა თუ ამირჩია, მეც გვერდში უნდა დავუდგე და ისიც.

პირადად არაფერს არ ვითხოვ, მოჭიდავეებისთვის რაა საჭირო და კარგი, ეს უნდა ჩამოვაყალიბოთ და განვსაზღვროთ, როგორ დავეხმაროთ მათ.

- ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობდნენ ჭიდაობის სახლის მშენებლობაზე და თითქოს ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე საამისოდ ფართობიც გამოიყო. ამ საკითხზე რა ხდება? ჭიდაობა იმსახურებს ისეთივე ცენტრს, როგორიც ძიუდომ გააკეთა - აკადემია.
- ვერ გეტყვით, ეს თემა ჩემამდე არ მოსულა. ლუკა კურტანიძეს კი ვკითხე ამის თაობაზე და მითხრა, რომ შეჩერდაო. მიზეზი აღარ მიკითხავს.

ძიუდოს აკადემიას რაც შეეხება, ვაპირებ, ამ დარბაზთან დაკავშირებით მივმართო ხელისუფლებას და ნახევარი გადმოგვცენ ჩვენ, რადგან ის ჩვენი იყო, პირადად მეც იქ დავიწყე ჭიდაობაში ვარჯიში და იქ ავიდგი ფეხი. ძიუდომ უცბად რომ გადაწყვიტა, ჩვენი უნდა იყოსო, მე მგონი, არაა სწორი. ვინც იქ მუშაობდა მწვრთნელად, ზოგმა სკოლაში იქირავა დარბაზი და ფულს იხდიდა ამაში.

აწ გარდაცვლილმა თენგიზ ღამბაშიძემ ბევრი იწვალა - ხან დიღომში, ხან - გლდანში, წვალებით იხდიდა გადასახადებს. ჩვენმა მეგობარმა ძიუდოისტებმა გაგვიკეთეს ეს, რომ რამდენიმე მწვრთნელი ჰაერში დაგვიტოვეს. ყველანაირად ვეცდები იმ ნახევრის დაბრუნებას, რაც ჩვენი იყო. ის ლევან თედიაშვილის სახელობისა იყო, ამაზე უფრო ტიტულოვანი კი ჯერჯერობით არავინ არა გვყავს. კაცს შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა ის დარბაზი წაართვეს, თუმცა ეს ჩვენი ფედერაციის შეურაცხყოფაც იყო. მე ვეცდები ამის გამოსწორებას.

ჭიდაობა ნამდვილად იმსახურებს თავის ცენტრს და ამაზე მქონდა საუბარი სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან. მან მითხრა, იქნებ ავიღოთ რამე დარბაზი დიღომშიო, თუმცა საკუთრების ფორმაზე კონკრეტულად არ გვილაპარაკია - საკუთრებაში გადმოგვეცემა, დროებით უნდა შევიდეთ, ფალავანთა კლუბს გაგვირემონტებენ და მანამ უნდა გადავიდეთ იქ დროებით თუ როგორ, ამაზე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა.

ჯერ მეც დავლაგდები, რაღაც თემები ჯერ კიდევ არ გამივლია ბოლომდე და ისევ ძიებაში ვარ. ამიტომ კონკრეტულ პასუხს ვერ ვამბობ.

- დისციპლინა - ერთ-ერთი მტკივნეული თემაა მოჭიდავეებში.
- არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ არ მახსენდება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც ჩხუბით არ დამთავრებულიყო. მოჭიდავეები ცოტა ხისტი ხალხი ვართ, მაგრამ ასეთი ფაქტები ძალიან ცუდია.

პრეზიდიუმზე გავიტან საკითხს წესდებაში შესატანად, რომ ჩხუბზე, შეურაცხყოფაზე იყოს დისკვალიფიკაცია, ფულადი სანქციები, რათა ასეთი ფაქტები აღარ მოხდეს. ვიღაცის ცუდი საქციელი - ეს მამა იქნება, ბიძა, მეგობარი თუ ნებისმიერი, მთლიანად ჭიდაობის ოჯახის შეურაცხყოფაა. მსაჯის გინებით ვინმე კონკრეტულ პიროვნებას კი არა, მთლიანად ოჯახს აგინებენ, ამას კი პირად გინებად ჩავთვლი და მათ კანონიერად მოვთხოვთ პასუხს - ფულადი ჯარიმა, დისკვალიფიკაცია ან სხვა სასჯელი, განმეორების შემთხვევაში კი მთლიანად მისი რაიონის თუ რეგიონის გუნდი მოიხსნება შეჯიბრებიდან.

ამბროლაურში, 23-წლიანთა შეჯიბრებაზე გამოვაცხადეთ, რომ ჩხუბისთვის ერთწლიან დისკვალიფიკაციას მიიღებდნენ და ერთი დაისაჯა კიდეც ასეთი სასჯელით. უბრალოდ, ეს ფაქტი აქამდე არ გაგვიხმაურებია, მაგრამ ბათუმელი რამაზ დარჩიძე მსაჯის შეურაცხყოფისთვის დავსაჯეთ ერთწლიანი დისკვალიფიკაციით და 500 ლარით. აჭარის ფედერაცია ვიდრე ამ ფულს არ გადაიხდის, მათ გუნდს არ დავუშვებთ ტურნირზე. ასეთი ნაბიჯები აუცილებელია. გასაგებია, რომ წაგება გწყინს, მაგრამ ჩხუბიც არ შეიძლება.

ამასთან, მსაჯებიც გავაფრთხილეთ, რომ თუ დადასტურდება, რომ შეგნებულად მიემხრობიან ვინმეს, ისინიც დაისჯებიან. შეიძლება, ერთხელ არბიტრიც შეცდეს, მაგრამ, როცა 3-4-ჯერ ერთი და იმავეს აკეთებს, ეს უკვე შეცდომა აღარაა. 23-წლიანთა პირველობის შემდეგ ერთი მსაჯი გავაფრთხილეთ კიდეც, რადგან ორჯერ დაუშვა ერთი და იგივე შეცდომა.

მე უნდა ვიზრუნო მსაჯთა კვლაფიკაციის ამაღლებაზე, მათ უნდა იზრუნონ შეჯიბრების კარგად ჩატარებაზე; მე უნდა ვიზრუნო რაღაც პრობლემების მოგვარებაზე, ბიჭებმა - კარგად ჭიდაობაზე. ეს ასე ხდება - ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, თორემ მხოლოდ თითის დაქნევით არაფერი გამოვა. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ოჯახი ოჯახია და ვინც მას ცუდად შეეხება, ეს ყველას შეურაცხყოფაა.

- დაბოლოს, მწვრთნელებზეც გკითხავთ. ამბობენ, თითქოს ყველა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კანდიდატებზე წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს...
- არ ვიცი, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, მაგრამ დღეს რაც მწვრთნელებთან დაკავშირებით ვიცი, რევაზ მინდორაშვილი წავიდა. ის კვირკველიას პრეზიდენტობის დროსაც წავიდა, მაგრამ მერე დაბრუნდა, ახლა კი ისევ წავიდა. ბეგი დარჩიაც წასულია თავისივე განცხადებით. ხელშეკრულება ყველას დამთავრებული აქვს და დღეისათვის მწვრთნელები არ გვყავს.

უფროს მწვრთნელთა საკითხი პრეზიდიუმზე გადაწყდება. მე შემიძლია, დავნიშნო ისინი - დებულება მაძლევს ამის უფლებას, მაგრამ არ მინდა ამ მუხლის გამოყენება. პირიქით - ამ საკითხს გავიტან პრეზიდიუმზე, კანდიდატები ბევრნი იქნებიან და ვისაც ისინი გადაწყვეტენ, ის დაინიშნება, მთავარი მწვრთნელები კი მერე გადაწყვიტავენ, ვისთან იმუშაონ.

ამდენად, ნურავის ეგონება, რომ არაა მწვრთნელი - ყველამ გააგრძელოს მუშაობა ჩვეულ რიტმში. ერთადერთი, რაც გადაწყვეტილი მაქვს, პრეზიდიუმს მინდორაშვილის შემცვლელად გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა წარვუდგინო. დანარჩენებთან დაკავშირებით ჯერ არაფერი არაა გარკვეული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგან გააქცია მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი საქართველოდან, მოძალადეა, რა უნდა მაგას ჭიდაობის სათავეში, შეხედეთ მაგისნაირების ხელშეჭყობით რა "წარმატებები" იყო

ევროპის ჩემპიონატზე, მაგას მარტო ნაცებთან და მელიასთან ჩხუბი შეუძლია
პატრიოტი
16:35 17-02-2024
0
მაგან გააქცია მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი საქართველოდან, მოძალადეა, რა უნდა მაგას ჭიდაობის სათავეში, შეხედეთ მაგისნაირების ხელშეჭყობით რა "წარმატებები" იყო

ევროპის ჩემპიონატზე, მაგას მარტო ნაცებთან და მელიასთან ჩხუბი შეუძლია
პატრიოტი
16:34 17-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული