მოგეხსენებათ, ამგვარ პირველ შეჯიბრებას წინა შაბათ-კვირას სერბულმა ზრენჯანინმა უმასპინძლა, ოღონდ ის ევროპის ჭიდაობის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა, ახლანდელიც და მისი მომდევნოც კი მსოფლიოს ფედერაციის სახელით იმართება.
ჩვენი მწვრთნელ-მოჭიდავეების უმეტესობა სერბეთიდან არც დაბრუნებულა საქართველოში, სტამბოლში ჩამოვიდნენ და იქიდან გადაფრინდნენ ულან ბატორში.
მოგეხსენებათ, სერბეთში ჩვენმა ფალავნებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს ლიცენზიებისკენ - "თავისუფლებმა" ერთი მოიპოვეს და ახლა ამდენივე დარჩათ საძიებელი, "ბერძენ-რომაელებმა" კი ორი საგზური ირგუნეს და
ულან ბატორშიც ხუთი ჩვენებური იჭიდავებს. თან მწვრთნელებმა უმნიშვნელო ცვლილებები შეიტანეს სერბეთში ნამყოფ გუნდში: "თავისუფლებში" ისევ ზურაბ იაკობაშვილი შეეცდება ლიცენზიის მოპოვებას 65 კილოგრამში, "ბერძენ-რომაელებში" კი კვლავ ეცდებიან შანსის გამოყენებას ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ფინალისტი რევაზ ლაშხი (59) და ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85).
საკადრო ცვლილება მხოლოდ დანარჩენ ორ წონას შეეხო: თბილისიდან მათთან შესახვედრად ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი (98) და 23-წლიანებში ევროპის წლევანდელი გამარჯვებული იაკობ ქაჯაია (130) გაფრინდნენ.
სერბული სტარტისგან განსხვავებით, სადაც ლიცენზიას მხოლოდ ფინალისტები იღებდნენ, ულან ბატორში ყველა წონაში სამ-სამი საგზური გაიცემა. მოგეხსენებათ, ჭიდაობაშიც წონაში ორ-ორი ბრინჯაო გაიცემა და მათ მფლობელებს საუკეთესო მესამეადგილოსნის გამოსავლენად ერთმანეთში აჭიდავებენ ეგრეთ წოდებულ დასაყვან შეხვედრას.
მონღოლური შეჯიბრება სამ დღეზეა გადანაწილებული და ყველა მათგანი ერთ საჭიდაო დისციპლინას ეძღვნება. ასე მაგალითად, ის 22 აპრილს იწყება და იმ დღეს მხოლოდ "ბერძენ-რომაელები" იასპარეზებენ, ექვსივე წონაში. 23-ში ლეიბი მთლიანად ქალებს დაეთმობათ, ხოლო "თავისუფლები" 24 აპრილს იჭიდავებენ.
იმედია, ჩვენები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებენ სალიცენზიო მონაგარს. მით უფრო, ამ ტურნირში არ გამოდიან უკვე ლიცენზირებული ფალავნები. მაგალითად, რუსებს ვაჟებში არც ერთ ტურნირში არ ეყოლებათ მონაწილე, რადგან ორივეგან ექვსივე წონაში მოპოვებული აქვთ ლიცენზია.
"თავისუფალთა" შორის არც ირანელები იქნებიან იმავე მიზეზით, ხოლო ყაზახეთს, კუბას, მონღოლეთს და აზერბაიჯანს მხოლოდ თითო კაცი ეყოლებათ. თუმცა ყველაფერს ხომ ბედი უნდა და იაკობაშვილს ძლიერი კონკურენტები არც აქ მოაკლდებიან - ამ წონაში ულიცენზიოდ რჩებიან თურქეთი, აშშ, ყაზახეთი, ბელორუსი...
"ბერძენ-რომაელებში" ჩვენზე უარეს დღეშია თურქეთი - მხოლოდ ერთი საგზური აქვთ, მძიმე წონაში, რომელიც დაუმარცხებელმა რიზა კაიაალპმა მოიპოვა, როცა შარშან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ეს ძალიან კარგია ქაჯაიასთვის, ვისაც ამ დონის კონკურენტი არ ეყოლება, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, ამ წონაში წამყვანი ქვეყნების უმეტესობას აღებული აქვს საგზური: რუსეთს, აშშ-ს, აზერბაიჯანს, უკრაინას, ყაზახეთს, ესტონეთს... ძლიერებიდან რჩებიან ირანი და, ჰა-ჰა - უნგრეთი-ბულგარეთიც, თუმცა მათ არ ჰყავთ უმაღლესი დონის ფალავნები.
სხვა ძლიერი გუნდებიდან მონღოლეთში ერთი მონაწილე ეყოლება კუბას (მათ 85-ში არ აქვთ საგზური, ანუ ეს ქვეყანა კობლიაშვილის პოტენციურ მეტოქედ რჩება), ორ-ორი - აზერბაიჯანსა და ირანს, სამი საგზური დარჩათ საძიებელი აშშ-ს, უკრაინას, ყაზახეთს, უნგრეთს, ჩვენსავით ოთხი - ბულგარეთს. თუმცა ირანთან ჩვენ ბევრი არაფერი გვაქვს გასაყოფი, სხვებმა იკითხონ - ჩვენ მსგავსად, 66-სა და 75-ში მათაც გაინაღდეს რიოს საგზურები, ანუ ჩვენი გზები ოთხის ნაცვლად მხოლოდ ორ წონაში გადაიკვეთება. და მაინც - ყველაფრის მიუხედავად, ეს საშუალო დონის ტურნირი იქნება, რადგან იქ ლიდერებს ნაკლებად ვიხილავთ, უფრო საშუალო ფალავნები იქნებიან ჩასულები და, წესით, ჩვენებს არ უნდა გაუჭირდეთ კიდევ რამდენიმე საგზურის მოპოვება. თუ მაინც საწინააღმდეგო მოხდება და ხელმოცარულებს ერთი შანსი კიდევ დარჩებათ - 6-8 მაისს სტამბოლში მესამე და საბოლოო სალიცენზიო ტურნირი იმართება, ოღონდ საგზურს იქ მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"