ოლიმპიური საჭიდაო სტატისტიკა: ბერძნულ-რომაული სტილი

AutoSharing Option
დამთავრდა ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირები საჭიდაო სახეობებში და საგზურების უმეტესობა უკვე "დარიგდა". ჭიდაობებში ლიცენზიას ქვეყანა იღებს და არა - სპორტსმენი, ანუ არაა სახელობითი და მწვრთნელს შეუძლია, მონაწილე ნებისმიერ დროს შეცვალოს. ანუ არაა გამორიცხული, საგზური ერთმა მოიპოვოს, ოლიმპიადაზე კი სხვა წავიდეს. აქედან გამომდინარე, ცალკეულ წონებში თამაშების მონაწილეებზე ჯერ გადაჭრით ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შეიძლება.

საქართველომ ვაჟთა შორის 12 შესაძლო ლიცენზიიდან 11 მოიპოვა - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ექვსივე საგზური დაისაკუთრეს და რიო დე ჟანეიროში სრულად დაკომპლექტებული გუნდით წავლენ, ბერძენ-რომაელები კი
უსაგზუროდ მხოლოდ 59 კილოგრამში დარჩნენ და სწორედ ეს ერთი ლიცენზია დაგვაკლდა მაქსიმალურ შედეგამდე.

ბერძენ-რომაელები შარშან მსოფლიოზე საერთოდ უსაგზუროდ დარჩნენ და ხუთივე ლიცენზია ამ გაზაფხულზე, ერთთვიან მონაკვეთში სათანადო შეჯიბრებებზე გაინაღდეს, რაც ევროპის წლევანდელმა მედალოსნებმა, ბრინჯაოს პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (66), ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა (75), ვიცე-ჩემპიონმა რობერტ კობლიაშვილმა (85), აგრეთვე - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა რობერტ ნადარეიშვილმა (98) და 23-წლიანებში ევროპის გამარჯვებულმა იაკობ ქაჯაიამ (130) შეძლეს.

"ბერძენ-რომაელთა" სტატისტიკა
ბერძენ-რომაელთა ტურნირში ოლიმპიადაზე სრულად დაკომპლექტებული შემადგენლობით მხოლოდ სამი გუნდი ჩავა - რუსეთი, ეგვიპტე და ირანი. ჩვენსავით 5-5 მოჭიდავე ეყოლებათ კუბას, ჩინეთს და აზერბაიჯანს, 4 - უნგრეთს, სომხეთს, ვენესუელას, აშშ-ს, ყირგიზეთსა და უზბეკეთს, 3 - სერბეთს, უკრაინას, თურქეთს, ყაზახეთს, კორეას, ალჟირს, გერმანიას, ბულგარეთს, ბელარუსს და შვედეთს.

თამაშებზე 2-2 ფალავნით ჩავლენ ესტონეთი, იაპონია, ავსტრალია, მაროკო, ფინეთი და რუმინეთი, ხოლო დანარჩენებს - დანიას, იტალიას, ჩრდილო კორეას, მექსიკას, ეკვადორს, კოლუმბიას, ლიტვას, ინდოეთს, ნორვეგიას - მხოლოდ თითო მონაწილე ეყოლებათ.

როგორც ვხედავთ, ლიცენზია 38-მა ქვეყანამ მოიპოვა, თუმცა ორივე სახეობას კიდევ დაემატება რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებსაც საერთაშორისო ფედერაცია საგანგებო კვოტებს უბოძებს.

თვალში საცემია ის ფაქტი, რომ სრულად დაკომპლექტებული გუნდი მხოლოდ 3 იქნება და არა მეტი. იმათგანაც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ირანმა ბოლო სალიცენზიო ტურნირში - სტამბოლში მოიპოვა მეექვსე საგზური, ულიცენზიოდ კი, არც მეტი, არც ნაკლები, ოლიმპიური და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი ჰამიდ სორიანი (59) რჩებოდა.

სტამბოლში კიდევ ერთი ცნობილი ფალავანი შეახტა ოლიმპიური მატარებლის "ბოლო ვაგონს" - აზერბაიჯანელთა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ამ ტურნირების მრავალგზის მედალოსანი რასულ ჩუნაევი (66), ვინც ბოლო წლებში არაოლიმპიურ წონაში, 71 კილოგრამში ჭიდაობდა.

იტალიამაც იქ მოიპოვა თავისი ერთადერთი საგზური, თუმცა ამ ბოლო სალიცენზიო შეჯიბრებით ყველაზე მეტად თავად თურქეთმა იხეირა - იქამდე მხოლოდ ერთი ლიცენზია ჰქონდა (130 კგ-ში), ახლა კი ორი დაიმატა. თან ორივე ანგარიშგასაწევი ფალავანია - ერთი სულაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სელჩუკ ჩებია (75), მეორე კი - მსოფლიოს და ევროპის მედალოსანი ჩენკ ილდემი (98).

სორიანი კი გადარჩა, მაგრამ მისებრ არ გაუმართლა სომეხთა ოლიმპიურ პრიზიორს, ევროპის ორგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს ფინალისტ რომან ამოიანს (59) - ეს ოლიმპიადა მის გარეშე ჩაივლის.

რიოს თამაშებს ასევე დააკლდებიან ბულგარელი ევროპისა და მსოფლიოს ექსჩემპიონი ივო ანგელოვი, უკრაინელთა ევროპის წლევანდელი პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი დმიტრი ციმბალიუკი, უნგრელი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (წინა ოლიმპიადაზე მოიპოვა ეს ბრინჯაო) პეტერ მოდოსი, რუმინელი ევროპის ბრინჯაოს მფლობელი ვირჯილ მუნტეანუ (ოთხივე - 59), უკრაინელი ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტი არმენ ვარდანიანი (თუ გახსოვთ, 2003 წელს სწორედ მას მოუგო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მანუჩარ კვირკველიამ. ის უკვე 36 წლისაა, თუმცა შარშან მაინც წარმატებით იჭიდავა მსოფლიოზე, ოღონდ 71 კილოგრამში ჭიდაობდა და უსაგზუროდ ამიტომ დარჩა), ხორვატი ევროპის მედალოსანი დომინიკ ეტლინგერი (ორივე – 66), ხორვატთა ევროპის კიდევ ერთი მესამე პრიზიორი ბოზო სტარჩევიჩი, გერმანელთა ევროპის წლევანდელი გამარჯვებული პასკალ ეისელი, ხორვატი მსოფლიოს ფინალისტი ნევენ ზუგაი, უკრაინელი ევროპის პრიზიორი დმიტრი პიშკოვი, ლიტველი ოლიმპიური პრიზიორი ალექსანდრ კაზაკევიჩი (ხუთივე - 75), თურქი ევროპის პრიზიორი მეტეჰან ბასარი, ყაზახი ოლიმპიური პრიზიორი დანიალ გაჯიევი, პოლონელი ოლიმპიური მესამე პრიზიორი დამიან იანიკოვსკი, ხორვატი ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს მფლობელი ნენად ზუგაი (სამივე - 85) და სხვები...

ლონდონის ოლიმპიადის მედალოსანთაგან ამჯერად ლიცენზიების მოპოვება მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო: ოლიმპიური ჩემპიონი სორიანი და მასთან ფინალში დამარცხებული აზერბაიჯანელი როვშან ბაირამოვი (ორივე - 55), ირანელი ჩემპიონი ომიდ ნოროოზი (60), უნგრელი ვიცე-ჩემპიონი ტომაშ ლორინცი (66), რუსთა გამარჯვებული რომან ვლასოვი და სომეხი ვიცე-ჩემპიონი არსენ ჯულფალაკიანი (75), ირანელი ჩემპიონი გასემ რეზაეი და მესამე პრიზიორი არტურ ალექსანიანი (98), მძიმე წონაში კი ლონდონური კვარცხლბეკი უცვლელად იქნება წარმოდგენილი: კუბელი ჩემპიონი მიჯაინ ლოპეს ნუნესი, ესტონელი ვერცხლის მფლობელი ჰეიკი ნაბი და მესამე პრიზიორები, თურქი რიზა კაიაალპი და შვედი იოჰან მაგნუს ეურენი.

ტრადიციულად, ქართველ "მამლუქთა" დესანტი რიო დე ჟანეიროშიც იქნება წარმოდგენილი, თუმცა ამჯერად გაცილებით მცირე დოზით, მხოლოდ 3 კაცით და თან ყველა - თავისუფალ ჭიდაობაში: ასლან კახიძე (86) ყაზახეთიდან, გიორგი კეტოევი (ქეთიშვილი; 97) და ლევან ბერიანიძე (125) - სომხეთიდან.

უცხო ქვეყნის სახელით კიდევ რამდენიმე ჩვენებური იბრძოდა ოლიმპიადის საგზურისთვის: "თავისუფალში" ლევან მეტრეველი (57) ესპანეთიდან, ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი გია ჩიხლაძე (74) უკრაინიდან, მიხეილ ჩიქოვანი (97) საბერძნეთიდან და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის სამგზის მედალოსანი შალვა გადაბაძე (98) აზერბაიჯანიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მამლუქები კიარა სამსჰობლოს გამკიდვლები არიანნ
kukuri
18 მაისი 2016 12:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული