ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ნუგზარ წურწუმია ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
ფოტოზე: ნუგზარ წურწუმია
ზაზა სილაგაძის
ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ახალგაზრდული ნაკრები აგრძელებს ტრიუმფალურ გამოსვლას - 21 ივნისს, რუმინეთში დაწყებულ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მათ პირველივე დღეს ოთხი წონიდან სამის ფინალში იჭიდავეს, საბოლოოდ კი ერთი ოქრო და ორი ვერცხლი დაისაკუთრეს.

ევროპის ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია (50) გახდა, ვერცხლს კი ლევან ქავჟარაძე (60) და გიორგი მელია (96) დასჯერდნენ. საინტერესოა, რომ ამ სამეულმა შარშან ამავე ტურნირზე იჭიდავა ბრინჯაოსთვის - წურწუმიამ და ქავჟარაძემ კიდეც მოიპოვეს ჯილდო, მელია კი მეხუთეზე დარჩა.

წურწუმიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე წმინდად, 10:2 მოუგო უკრაინელ ვიტალი
კუშნირს, მერე სომეხ სერგეი სიმონიანს 4:2 აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელ ჯოვანი ფრენის 6:3 აჯობა. ყველაზე მძიმე ბრძოლა ჩვენებურს ფინალში გადახდა აზერბაიჯანელ აზარ ნასიბლისთან, ვისაც დაძაბულ ორთაბრძოლაში 10:8 აჯობა და პირველად გახდა პირველხარისხოვანი შეჯიბრების ჩემპიონი. არადა, ის შარშან მსოფლიოს ფინალში გავიდა, მაგრამ დამარცხდა.

გუშინ კიდევ ერთი ქართულ-აზერბაიჯანული ფინალი გაიმართა, რომელიც მეტოქეთა სასარგებლოდ დასრულდა - ქავჟარაძემ მიხაილ რახმანოვთან 2:11 წააგო. ფინალამდე ქართველმა დამაჯერებლად მოუგო სომეხ გევორგ ხუმარიანს - 9:0, უნგრელ ერიკ ტორბას კი 5:2 სძლია. ნახევარფინალში ისევ დამაჯერებლად მოიგო - უკრაინელ ალექსანდრ ჰრუშინთან 4:0 იმარჯვა.

მელიამ პირველი მედალი მოიპოვა პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე, ოღონდ მისი ბედისწერა არა აზერბაიჯანელი, არამედ რუსი გახდა - რუსლან ბეკუზაროვი. ჩემპიონატში მელიაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება, სადაც უკრაინელთა მომავალ მესამეპრიზიორთან, ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონ ვლადლენ კოზლიუკს 14:6 აჯობა, ბერძენი მიხაილ იოსიფიდისიც ასევე წმინდად, 8:0 დაამარცხა, ბულგარელთა შარშანდელი ევროპის ფინალისტი ევგენი გენჩევი კი 4:0 დაჯაბნა. ნახევარფინალში გერმანელი ერკან ცელიკიც წმინდად დაამარცხა - 9:0, ფინალში ბეკუზაროვთან კი 5:11 წააგო.

გუშინ ჩვენებიდან ნაადრევად მხოლოდ თემურ ჭკუასელიძე (74) დამარცხდა - პირველივე შეხვედრა 1:5 დათმო ფინელ ვილი ტაპიო როპპონენთან და მერე არც სანუგეშო წრეში გადასვლის შანსი მიეცა.

დღეს, 22 ივნისს, ბუქარესტში მიმდინარე ჩემპიონატში მორიგი ოთხი წონის ფალავნები ჩაებმებიან. დავით ჩხარტიშვილი (55) პირველ წრეში პოლონელ იაკუბ თადეუშ ჩიგლინსკის ხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მეორე წრეში აზერბაიჯანელი ნოფალ ბაბაიევი ელოდება.

ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი რამაზ ზოიძე (66) საკვალიფიკაციო წრეში თურქ მაჰმუტ ომერ ფირატს ხვდება, მეორე წრეში გასული კი, შესაძლოა, შვედეთის სახელით მოჭიდავე ქართველს, ავთანდილ გიგოლაშვილს შეხვდეს. ოღონდ საამისოდ ამანაც უნდა მოუგოს კლაუდიო ემანუელ პალს. მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის რუსი გლებ ბატიანინიცაა.

გიორგი ხეცურიანიც (84) საკვალიფიკაციო წრიდან იწყებს შეჯიბრებას - შვეიცარიელ სამუელ შერერს ხვდება, მოგების შემთხვევაში კი უნგრელთა ევროპის შარშანდელ მესამეპრიზიორ ბერტალან პაპსა და ჩეხ სტეფან ტომანს შორის უმჯობესს დაეჭიდება.

დაბოლოს, ჩვენი გუნდის მთავარ კოზირს, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ბოლო ორი წლის ევროპისა და მსოფლიოს პირველობების მომგებ მძიმეწონოსან ზვიად პატარიძეს, რომელიც ასევე საკვალიფიკაციოდან დაიწყებს გამოსვლას, დასვენება არ მოუწევს.

ის პირველ შეხვედრას რუმინელ ლენარდ იშტვან ბერეისთან გამართავს, მეორე წრეში გასვლისას კი პოლონელ რაფალ პლოვიჩსა და ბულგარელ ივო კიოსევს შორის მოგებულს შეხვდება. ბადის ამავე ნახევარშია თურქთა ევროპის შარშანდელი მესამეპრიზიორი ოსმან ქენან ილდირიმი.

ევროპის ჩემპიონატი
კვარცხლბეკი
50 კგ
1. ნუგზარ წურწუმია (საქართველო)
2. აზარ ნასიბლი (აზერბაიჯანი)
3. ჯოვანი ფრენი (იტალია)
3. არტიომ ბელაუსოვი (ბელორუსი)

60 კგ
1. მიხაილ რახმანოვი (აზერბაიჯანი)
2. ლევან ქავჟარაძე (საქართველო)
3. გევორგ ხუმარიანი (სომხეთი)
3. ეტიენ კისინჯერი (გერმანია)

74 კგ
1. ზოლტან ლევაი (უნგრეთი)
2. არტემ მატიაში (უკრაინა)
3. ვლად მარეა (რუმინეთი)
3. როლანდ შვარცი (გერმანია)

96 კგ
1. რუსლან ბეკუზაროვი (რუსეთი)
2. გიორგი მელია (საქართველო)
3. ვლადენ კოზლიუკი (უკრაინა)
3. იბრაჰიმ ტიჯჩი (თურქეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ ბიჭებო ძალიან მაგარი შედეგია, დღეს კიდევ 2 ოქრო და ერთი ბრინჯაო დაემატა. ერთი ბრინჯაო კი 84-ში ვაჩუქეთ ძალით რუსებს მაგრამ რას ვიზამთ. ყველას ვულოცავ მაგრები ხართ ბიჭებო, ოლიმპიური ჩემპიონობა მომელოცოს. ზაზა სილაგაძე, მწვრთნელი კი არა გენიოსი ხარ. გილოცავ წარმატებას და კიდევ უამრავი მომელოცოს
შოთა
00:06 23-06-2016
0

სიახლეები პოპულარული