ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. დორტმუნდის ტურნირი: აიწონა-დაიწონა უმედლოდ

AutoSharing Option
ქართველი "ბერძენ-რომაელები" წარუმატებლად გამოვიდნენ დორტმუნდში ამ უქმეებზე ჩატარებულ "დიდი პრიზის" ტურნირში, სადაც უმედლოდ დარჩნენ. იქ ჩვენგან ის ხუთეული ჭიდაობდა, რომელმაც ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, თუმცა მწვრთნელებმა ყველა მათგანი ზედა წონაში აჭიდავეს, რათა ოლიმპიადის წინ სპორტსმენებს წონა არ დაეკლოთ.

ამ ხუთეულს დანარჩენებიდან მხოლოდ ორი დაუმატეს: რევაზ ლაშხი (66) და კუკური კირცხალია (98), თუმცა ამათგანაც ლაშხმა ზედა წონაში იჭიდავა. ისე, კიდევ საკითხავია, რომელია მისთვის სხვა წონა და რომელი - ჩვეული, რადგან ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, წონითი კატეგორიების შეცვლისთანავე მან 66-ში გადაინაცვლა, თუმცა წლეულს, ზედ
სალიცენზიო მარათონის წინ მოულოდნელად 59-ში ჩამოინაცვლა...

ასეა თუ ისე, ძველ წონაში დაბრუნება ლაშხს ვერ წაადგა და უმედლოდ დარჩა, როგორც მისი თანაგუნდელები. ჩვენებიდან მხოლოდ ორმა იჭიდავა ბრინჯაოსთვის - შმაგი ბოლქვაძემ (71) და იაკობ ქაჯაიამ (130), თუმცა დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ.

ასეთი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტრავმებია - თითქოს ლაზარეთი გაიხსნაო, დაშავდნენ ან ძველი ტრავმები გაუმიზეზდათ გუნდის ისეთ ლიდერებს, როგორებიც ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75), ევროპის მესამეპრიზიორი ბოლქვაძე, 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონი ქაჯაია არიან.

ბოლქვაძემ თავიდან ორი შეხვედრა მოიგო: პირველ წრეში თურქ სელჯუკ ცანს 6:1 აჯობა, ეგვიპტელ აჰმედ სალეჰ იბრაჰიმ ადჰამს - 9:4, მაგრამ ნახევარფინალში არ უჭიდავია გერმანელ მაქსიმილიან შვაბესთან და 0:5 წაგება ჩაეთვალა. ეს გერმანელი არაა ტიტულოვანი, მაგრამ ბოლქვაძემდე რუსი ადამ კურაკიც დაამარცხა, ფინალში კი თანაგუნდელ ტიმო ბადუშსაც აჯობა და ჩემპიონი გახდა. ბოლქვაძე კი ჯერ კიდევ საქართველოში ნატკენმა თითმა შეაწუხა და ტრავმის გამიზეზების შიშით აღარ გარისკა. მან არც დამამშვიდებლის ფინალში იჭიდავა ზემოთ ნახსენებ კურაკთან და 0:5 წაგება ჩაეთვალა.

თავიდან ორი ორთაბრძოლა მოიგო ქაჯაიამაც. თან პირველ წრეში ესტონელთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰეიკი ნაბი დაამარცხა - 5:0, გერმანელ კრისტიან ჯონს კი წმინდად აჯობა, 8:0. სამაგიეროდ, მხარი იტკინა, რაც არცთუ იშვიათად ახსენებს ხოლმე თავს და ნახევარფინალში აღარ იჭიდავა რუს ვიტალი შოჰურთან - 0:5. იგი არც დამამშვიდებლის ფინალში გასულა ლიტველ მანტას კნისტაუტასთან და ისევ 0:5 ჩაეთვალა.

დორტმუნდში საერთოდ არ გასულა ხალიჩაზე ზურაბ დათუნაშვილი. მიზეზი ცოტა უცნაურია - შეჯიბრების დღეს, დილით რომ გაუღვიძია, მუხლი ჰქონია გასიებული და ეს შესიება არც მომდევნო დღეს დასცხრომია. მეორე უცნაურობა წონითი კატეგორიაა: მწვრთნელებმა სხვები თუ ერთი წონითი კატეგორიით "დაამძიმეს", დათუნაშვილი ერთბაშად ორით "ასწიეს" - იგი 85-ის განაცხადშია შეყვანილი. თუმცა, სადაც უნდა ყოფილიყო, ფაქტია, რომ ესტონელ ერიკ აპსთან საჭიდაოდ არ გასულა და მასაც ტექნიკური წაგება - 0:5 ჩაეთვალა.

ლაშხიც რუსთან დამარცხდა პირველივე წრეში - 0:8 არტემ სურკოვთან. მოგვიანებით რუსი ფინალში გავიდა და ჩვენებურს სანუგეშო წრეში გადასვლის შანსი მიეცა, მაგრამ არ უჭიდავია თურქ ენეს ბასართან - 0:5.

85 კილოგრამში ორი მონაწილე გვყავდა და ორივე ერთ ფალავანთან, ავსტრიელ დანიელ გასტლთან დამარცხდა. მასთან ჯერ კირცხალიამ წააგო 0:8, მეორე წრეში კი რობერტ კობლიაშვილმაც დათმო 1:4. კობლიაშვილმა მანამდე ლიტველ რომას ფრიდრიკასს 5:0 აჯობა, სანუგეშოში კი ვერ გადავიდა, რადგან გასტლი ნახევარფინალში დამარცხდა.

რევაზ ნადარეიშვილმა ამჯერად მძიმე წონაში იჭიდავა, თუმცა პირველი ორთაბრძოლა 1:5 დათმო შვედ იოჰან ეურენთან. დამამშვიდებელში ვერც ნადარეიშვილი გადავიდა.

გერმანიიდან ეს გუნდი (კირცხალიას გამოკლებით) მინსკში გადაფრინდა, სადაც "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე ორკვირიან ერთობლივ შეკრებას გაივლის. მათთან ერთად ბელორუსთა გაფართოებული შემადგენლობა და რამდენიმე ევროპული ნაკრებიც იქნება, რაც იმის წინაპირობაა, რომ ჩვენებს კარგი სპარინგებიც ექნებათ და ნაყოფიერადაც ივარჯიშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ჭიდაობას არ აპირებდნენ სად მიდიოდნენ კი მაგრამ? გერმანიის სანახვად წავიდნენ?
fraternity
13:51 06-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული