მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ორი ოქრო პირველივე დღეს [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: ლერი აბულაძე
13 სექტემბერს, თბილისში დაწყებულ ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში ჩინებული სტარტი აიღო საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებმა და 2 ოქრო მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონები ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე (50) და ხულოელი ლერი აბულაძე (54) გახდნენ. აღსანიშნავია, რომ შოთაძემ წლეულს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო, აბულაძე კი მესამეზე გავიდა, ოღონდ მაშინ 58 კილოგრამში იჭიდავა.

მოლოდინისამებრ, თავად მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან ძლიერი ტურნირი გამოდგა - მასში 50 ქვეყანა მონაწილეობს. გუშინვე, ფინალური ბლოკის წინ გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელიც საკმაოდ ლამაზი გამოვიდა. შეჯიბრებას სპორტის ახალი სასახლეც მშვენივრად მასპინძლობს,
ოღონდ მაყურებლის სიმცირე აშკარად თვალშისაცემია. არადა, დასწრება უფასოა და მხოლოდ დარბაზში მისვლის სურვილი რჩება...

არადა, გუშინ ჩვენმა ბიჭებმა ისეთი ჭიდაობა აჩვენეს (თუმცა მათ არც უცხოელები ჩამორჩნენ), იქ წასვლა ნამდვილად ღირს... მით უფრო, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახალი წესები სანახაობრივ ჭიდაობას უწყობს ხელს, ძალიან ბევრი ილეთი კეთდება, ჭიდაობა ნაკლებად ჩერდება, ხოლო "დამდგარი", ჯაჯგურა ჭიდაობა საერთოდ აღარაა და თავისუფლად შეიძლება, ამ სტილს ისევ დაუბრუნდეს ძველი სილამაზე და რომანტიზმი...

საბედნიეროდ, ამ საერთო სურათს არც ჩვენი ჩემპიონები ჩამორჩნენ და ორივემ ძალიან მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა. თუმცა, არც უმედლოდ დარჩენილი სამეული გვინდა გავკილოთ, იმის მიუხედავად, რომ სანუგეშო წრეშიც ვერ გადავიდნენ - ზოგადად, უხარისხოდ არც მათ უასპარეზიათ, მაგრამ რაღაც კომპონენტებში მეტოქეებმა აჯობეს.

აი, ჩემპიონებმა კი, ერთიმეორეზე უკეთესი სანახაობა შემოგვთავაზეს, თუმცა სულ სხვადასხვა სტილით იჭიდავეს,  ანუ ჩანდა მწვრთნელების ხელი. ოღონდ ორივეს გამოსვლაში თანაბრად იგრძნობოდა ძალა, სიძლიერე, ყოველ მოძრაობაში დამაჯერებლობა გამოსჭვიოდა... ჩანდა, რომ რეზერვი ჰქონდათ, შესაძლებლობების ზღვარზე არ მუშაობდნენ. ასეთი რამ თითქოს აბულაძეს დაეტყო ფინალში, თუმცა მანამდე ისეთი ჭიდაობა აჩვენა, თქვენი მოწონებული.

შოთაძის დუბლი
შოთაძემ ძალიან ჭკვიანურად ჩაატარა ტურნირი და თან რაც ყველაზე მეტად მენიშნა, სტილს ცვლიდა - პირველ შეხვედრაში რუმინელ კონსტანტინ-ბინონე ლუპუს ძალზე დამაჯერებლად რომ ეჭიდავა, მეორე პაექრობაში ირანელი როია სოულატ დად მარზი სულ სხვანაირად დაამარცხა. ისე, რუმინელს ფრიად საოცარი გდებები გაუკეთა - ცოტა გასაკვირია, იმ ვითარებიდან როგორ ახერხებს ისეთი ეფექტური 4-ქულიანი ილეთების გაკეთებას. არადა, ორჯერ გაუკეთა ეს. რუმინელი თავით იჭერდა და მხრებში ხელების შეტანით ჯვრის შეკვრას ცდილობდა, თუმცა შოთაძემ ხელებზე ჩავლებით ორივეჯერ ჯირკივით გადააგდო და 9:0 მოუგო.

ირანელს "დაკიდებულ" კისრულს უკეთებდა, რაც ვერ დაასრულა, მაგრამ ხელი კარგად დაუჭირა და მშვენიერ ილეთზე გადააგდო - 4:2. ესეც არანაკლებ უცნაური, მაგრამ ფრიად ეფექტური ფანდი იყო, რითაც დაამტკიცა, რომ ვისაც ილეთი, სურვილი, შნო და ლაზათი აქვს, ხელს არაფერი უშლის, ეს კი იმის წინაპირობაა, რომ ბერძნულ-რომაულიც დაუბრუნდეს საწყის სილამაზეს.

ნახევარფინალში შოთაძემ აზერბაიჯანელი ზაურ ნურიევი, ვისაც ევროპაზეც მოუგო, კარგად ჩაიყვანა ჩოქბჯენში, რასაც კიდევ ერთი ქულა დაუმატა და 3:0 დაამარცხა. ის ფინალშიც უტევდა რუს ანზორ კარაგულოვს, ვინც ორჯერ გაიყვანა წრიდან და თავიდან ამ ხერხით 2:0 დაწინაურდა. თუმცა მხოლოდ ამ სტილში ჭიდაობას არ დასჯერდა და ორი გდებაც გაუკეთა.

ფინალში კარგი ტაქტიკური ცოდნაც გამოავლინა და ორჯერ თვითონაც გავიდა გარეთ - ისედაც იგებდა და უცაბედად გდების გაშვების საფრთხეს თითო ქულის დაკარგვა ამჯობინა. თან ამით დროც გაჰყავდა. საბოლოოდ შოთაძემ 6:2 აჯობა მეტოქეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

Sportall.Ge
ფოტოზე: გიორგი შოთაძე
აბულაძის ოპტიმალური
ეტყობა, ლერი აბულაძის ოპტიმალური წონა 54 კილოგრამია და არა 58. როგორც გითხარით, ევროპის ჩემპიონატზე მან 58-ში იასპარეზა და მესამეზე კი იყო, ანუ წარუმატებლად არ გამოსულა, მაგრამ თბილისში მისი ჭიდაობა ბევრად განსხვავდებოდა შვედეთში, კონტინენტის პირველობაზე ნაჩვენებისგან.

მართალია, ფინალში გამოსვლა ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა წინასწარებში ნანახისგან, მაგრამ ფინალს თავისი სპეციფიკა, თავისი დაძაბულობა აქვს და, ვფიქრობთ, ამიტომ გაუჭირდა. თუმცა ესეც პირობითი ნათქვამია, რადგან თავისი ჟინის, მართლაც შესაშური მებრძოლი ხასიათის ხარჯზე მაინც მოიგო, ოღონდ წინასწარებივით შეუჩერებელი მანქანა ვერ იყო.

აი, ფინალამდე იმდენად ძლიერად იჭიდავა, არ ვიცით, ვის ან რას შევადაროთ ხულოელი ფალავანი - გადაუარა, შემუსრა და გაანადგურა ყველა. სულ მცირე, ოდნავი წინააღმდეგობაც ვერავინ გაუწია მასპინძელს, ვინც ერთი კი არა, რამდენიმე თავით აღმატებული აღმოჩნდა მეტოქეებზე. ამაზე ყველაზე უკეთ სტატისტიკა მეტყველებს - ერთი წუთი მხოლოდ პირველი მეტოქის, იტალიელი რიკარდო გლავეს დასამარცხებლად დასჭირდა, სხვები კი გაცილებით ნაკლებ დროში ატრიალა და ტომარასავით ახეთქა აქეთ-იქით. თან ფინალამდე ყველა მეტოქეს წმინდად, ერთნაირი ანგარიშით მოუგო - 8:0.

თუმცა სხვებზე მეტად მაინც ყირგიზი ჟოლამან შარშენბეკოვი გაასაცოდავა მერვედფინალში, ვისაც 25 წამში მოუთავა ხელი და აკი აზიელმა კინაღამ ფიცარნაგი ჩაგვიმტვრია, იმდენი უბრახუნა ხალიჩას მუშტები. არადა, ხელწამოსაკრავი მოჭიდავე ნამდვილად არაა და აკი საბოლოოდ ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

აბულაძემ მეოთხედფინალში უზბეკ დილშოდ ომონგელდიევს 52 წამში აჯობა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ელნურ მუსაევს 35 წამში გადაურბინა. ფაქტობრივად, ლამის ერთი შეხვედრის ნახევარი დრო მოანდომა ფინალში გასვლას.

აბულაძემ თავი ყველაზე კარგად ეროვნული ნაკრებისთვის "აქილევსის ქუსლად" ქცეულ კომპონენტში წარმოაჩინა - ჩოქბჯენიდან უპრობლემოდ ატრიალებდა მეტოქეებს და თან ამას კომბინაციაში, მიყოლებით აკეთებდა. სწორედ ამიტომ დაასრულა ყველა ის ორთაბრძოლა ერთნაირი ანგარიშით - 8:0, რადგან სხვა სინჯის ილეთი არ გაუკეთებია. თან ორივე მხარეს ერთნაირი წარმატებით ატრიალებდა და თავბრუს ახვევდა მოწინააღმდეგეს. ის კარგად გაზეპირებულ "შპარგალკასავით" ერთნაირი სცენარით ჭიდაობდა - მეტოქე ჩაჰყავდა ჩოქბჯენში და იქ ჩინებულად ატრიალებდა, დაბლა ჩაყვანა კი არ უჭირდა - წელში იმდენად იოლად შედიოდა, გაგიკვირდებოდათ, მეტოქეები რას აკეთებდნენ ამ დროს, რატომ ვერ იცავდნენ თავს. ოღონდ ერთფეროვანი არც ამ კომპონენტში ყოფილა და იყო შეხვედრა, როცა სხვა ილეთით ჩაიყვანა დაბლა.

ფინალში თურქი კამალიც არ იყო ხელწამოსაკრავი, თუმცა იქ უფრო აბულაძემ ვერ ააწყო თავისი ჭიდაობა. ერთი კია, თურქი ახლოს არ უშვებდა და ყოველმხრივ ცდილობდა, ჩოქბჯენს გაჰქცეოდა. ეს ბრძოლა ნერვების თამაში გამოდგა, რომელიც 3:3 დასრულდა, გამარჯვება კი ქართველს იმან მოუტანა, რომ 2-ქულიანი გდება ჰქონდა, ხოლო მეტოქეს ყველა - 1-ქულიანი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ აბულაძის ძმა - ოთარიც ნაკრების კანდიდატია, მათ კი მამა - ავთანდილ აბულაძე ავარჯიშებს, რომელიც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორ შმაგი ბოლქვაძის (66) პირველი მწვრთნელია. საინტერესოა, რომ აბულაძე 14 წლის ასაკში ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

მათ ფორტუნა შემოსწყრა
გუშინ კიდევ სამი ჩვენებური ჭიდაობდა, სამივე ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი, თუმცა ყველა ნაადრევად დამარცხდა. ოღონდ ერთი წრე სამივემ გაიარა. 54-დან 58-ში ანაცვლებულმა ირაკლი ძიმისტარაშვილმა უკრაინელ დმიტრო მიროშნიკთან 5:2 მოგებას აზერბაიჯანელ ჰასან მამადლისთან 1:5 მარცხი მიაყოლა.

ქერიმ მაჩალიკაშვილმა (63) ყირგიზ ადილ ჯუმაბეკოვს 5:4 მოუგო, მაგრამ 2:8 წააგო იაპონელ რიომა ანრაკუსთან.

საბა ცეცხლაძემ (100) ბულგარელი ვალერი ივანოვი 3;1 დაამარცხა, რასაც ინდოელ დეეპანშუ დეეპანშუსთან 0:1 მიაყოლა.

დღეს იჭიდავებენ
დღეს "ბერძენ-რომაელთა" ტურნირში დარჩენილი ხუთი წონის ფალავნები ჩაებმებიან.

გიორგი ჩხიკვაძე (42) საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქი ადემ ბურაკ უზუნის ძლევას შეეცდება. იმავე ეტაპზე ლუკა ოჩიგავა (46) ბულგარელ ივან დამიანოვს შეხვდება. ლევან გოგუა (69) ასევე საკვალიფიკაციოში პოლონელი პიოტრ ზაბლოცკის ძლევას შეეცდება, გიორგი ქაცანაშვილმა (85) კი მერვედფინალის გზა უზბეკი მუზაფარბეკ კომილჯონოვის ძლევით უნდა გაიკაფოს.

ჩვენებიდან ლუკა ხუციშვილი (76) ერთადერთია, ვინც პირველ წრეში ისვენებს. მერვედფინალში მისი მეტოქე ავსტრიელ სანდრო გრაილსა და ბელორუს მაქსიმ ბანდარენკას შორის გამარჯვებული იქნება.

ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები
კვარცხლბეკი
50 კგ.
1. გიორგი შოთაძე (საქართველო)
2. ანზორ კარაგულოვი (რუსეთი)
3. აბდულაჰ ტოპრაკი (თურქეთი)
3. ზაურ ნურიევი (აზერბაიჯანი).

54 კგ.
1. ლერი აბულაძე (საქართველო)
2. კერემ კამალი (თურქეთი)
3. ჟოლამან შარშენბეკოვი (ყირგიზეთი)
3. ანარ მანსუროვი (რუსეთი).

58 კგ.
1. ვალენტინ პეტიჩი (მოლდოვა)
2. მოჰამად რეზა ჰოჯატოლაჰ მოხტარი (ირანი)
3. ერბოლ ბაკიროვი (ყირგიზეთი)
3. აბდულვაკაბ ასაინოვი (რუსეთი);
12. ირაკლი ძიმისტარაშვილი (საქართველო).

63 კგ.
1. იუსეფ ჰაჯიალი ჰოსეინვანდ ფატჰი (ირანი)
2. სერგეი სტეპანოვი (რუსეთი)
3. ისმაილ გუნი (თურქეთი)
3. ჰრაჩია პოღოსიანი (სომხეთი)
12. ქერიმ მაჩალიკაშვილი (საქართველო).

100 კგ.
1. ჟერარდ კიპრიან კურნიცჟაკი (პოლონეთი)
2. ვაჰიდ დადხან გასემ აბადი (ირანი)
3. დავუდ სელიმ ოლკანი (თურქეთი)
3.შარაფ ალიხანოვი (რუსეთი)
11. საბა ცეცხლაძე (საქართველო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია იქეთ რუსი მოვისროლეთ აქეთ თურქი. გენაცვალეთ ბიჭებო. გაიხარეთ.მომავალში ოლიმპიური ოქრო მოგველოცოს.
kaxaberi
16:21 14-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული