ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ბეგი დარჩიას ლამის 25-წლიანი ეპოქა დასრულდა - მან უკვე დაწერა განცხადება და გადადგა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, მის ნაცვლად კი მოვალეობის შემსრულებლად მისივე შეგირდი, ევროპის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი რევაზ ლაშხი დაინიშნა.

ბეგი დარჩიას ხელმძღვანელობით ნაკრებს ჩავარდნაც ჰქონდა, მაგრამ წარმატებებიც ძალზე ბევრი იყო. ატლანტის ოლიმპიადიდან მოყოლებული, რიო დე ჟანეიროს თამაშების ჩათვლით, მან გუნდს 7 თამაშებზე უხელმძღვანელა, თუმცა ნაკრებში მუშაობას ატლანტამდე შეუდგა. მან გუნდს ოლიმპიადებზე მოაპოვებინა 1 ოქრო (მანუჩარ კვირკველია
- 2008 წელი), 2 ვერცხლი (რამაზ ნოზაძე - 2004 წელი; იგივე ლაშხი - 2012 წელი) და 4 ბრინჯაო (აკაკი ჩაჩუა და მუხრან ვახტანგაძე - 2000 წელი; მანუჩარ ცხადაია - 2012; შმაგი ბოლქვაძე - 2016 წელი).

მსოფლიოს ჩემპიონატებზე 5 ოქრო მოიპოვა. შეგირდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა პირველად 2001 წელს იზეიმა, როცა ბერძნულ პატრაში აწ უკვე პარლამენტარმა ვახტანგაძემ გაიმარჯვა. მეორედ ეს ტიტული 2003 წელს კვირკველიამ მოიპოვა ფრანგულ კრეტეიში, ყველაზე წარმატებული პირველობა კი 2007 წელს ჰქონდა, როცა ბაქოში ერთბაშად ორი შეგირდი აიყვანა უმაღლეს საფეხურზე - დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე.

სამწუხაროდ, ყველაზე წარმატებული მსოფლიოს პირველობა "გედის სიმღერაც" აღმოჩნდა - ამის შემდეგ მის გუნდს ეს ტიტული აღარ მოუპოვებია. არადა, მანუჩარ ცხადაია ორჯერ გავიდა ფინალში.

მსოფლიოს ჩემპიონატებზე დარჩიას ხელმძღვანელობით გუნდმა ვერცხლი და ბრინჯაოც ბევრჯერ მოიპოვა, როგორც ევროპული ხარისხის მედლები, თუმცა ყველა მათგანზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

რაც შეეხება ლაშხს, ის დარჩიას ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი შეგირდი იყო - 2011 წელს დორტმუნდში ევროპის ჩემპიონი გახდა, მეორე წელს კი ლონდონის ოლიმპიადის ფინალში იჭიდავა. სწორედ ლონდონური თამაშები უნდა მივიჩნიოთ მისი კარიერის გვირგვინად, სადაც მართლაც მედგრად იბრძოლა და მხოლოდ ფინალში დამარცხდა ირანელ ომიდ ნოორიზსთან, ვინც იმ პერიოდში მართლაც დაუმარცხებელი იყო - წინა წელს მსოფლიოს პირველობაც მოიგო. თუმცა ლაშხმა მასთანაც კარგად იომა. უბრალოდ, საკუთარ თავს ვერ გადაახტა.

ლაშხისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ოფიციალური შეჯიბრება ამ უქმეებზე ბუდაპეშტში არაოლიმპიურ წონებში გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება, სადაც დღეს მიფრინავს და თან საჭიდაოდ მინდია წულუკიძე (71) და ნიკოლოზ კელასოვი (80) მიჰყავს.

"ჭიდაობის ფედერაციიდან დამიკავშირდნენ და ამ პოსტზე მუშაობა შემომთავაზეს. ბოლო შეკრებებზე ისედაც ვიყავი ნაკრებთან, როგორც მწვრთნელი. მას მერე, რაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია ვერ მოვიპოვე, სპორტული კარიერა დავასრულე და მწვრთნელობა დავიწყე. ამდენად, სპორტიდან პირდაპირ არ გადავსულვარ მწვრთნელის სკამზე.

ბუდაპეშტის მსოფლიოს ჩემპიონატი პირველი შეჯიბრება იქნება ჩემთვის ახალ ამპლუაში და ამიტომ ორმაგი მოტივაცია მაქვს. ყველა სპორტსმენი გამარჯვებაზე ფიქრობს და ბუნებრივია, ჩვენც ასე ვართ. ვნახოთ, რა გამოგვივა ბუდაპეშტში", - გვითხრა ლაშხმა.

როგორც გითხარით, ის მოვალეობას 1-ლი იანვრამდე შეასრულებს, მერე კი, სავარაუდოდ, მისი ბედი ფედერაციის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 17 დეკემბერს გაიმართება, პრეზიდენტის პოსტზე განაცხადების მიღება კი 9 დეკემბერს, 18 საათზე შეწყდება. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საიტის ცნობით, ჯერჯერობით განაცხადი სამმა კანდიდატმა წარადგინა - მოქმედმა პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ, გეგა გეგეშიძემ და ვეტერანმა მოჭიდავე ესტატე გოგლიჩიძემ.

დოსიე
რევაზ ლაშხი
დაიბადა: 1988 წლის 26 მაისს ბორჯომში.
პირველი მწვრთნელი: გიორგი რაზმაძე; მწვრთნელები: ოთარ ტატიშვილი, აკაკი ჩაჩუა
ევროპის ჩემპიონი (2011 წ); ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი (2012 წ); "ოქროს დიდი პრიზის" გამარჯვებული (2014 წ); საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უეჰველი გეგესჰიდზე იქნება, მან კორცხელსჰი დაიმსახურა ეს ადგილი ნაცები რო გალახა.
ბაჯო
15:08 08-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული