თედიაშვილი და იაძე გადადგნენ

AutoSharing Option
მოსახდენი მოხდა - დღეს თანამდებობებიდან გადადგნენ საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან თედიაშვილი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლეგ იაძე, რომელიც ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტობასაც ითავსებდა.

ეს ცვლილებები სამბოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე მოხდა, თუმცა ხმები ამ შესახებ მას შემდეგ დაირხა, როცა საქართველოს ნაკრები 27-29 მაისს მოსკოვში გამართულ მსოფლიოს თასის მეორე ეტაპად წოდებულ "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თასზე" გამოვიდა. იქ წასასვლელად ჩვენებს სამინისტრო არ აფინანსებდა, თუმცა ნაკრების ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოსკოვში საკუთარი ხარჯებით გამგზავრებულიყვნენ, ოღონდ ამის შესახებ სამინისტრო საქმის კურსში არ ჩააყენა.

ზემდგომნიც სწორედ ამან გაანაწყენა,
თუმცა იყო კიდევ ერთი ფაქტორი - ტურნირზე ჩვენები მესამეზე გავიდნენ, დაჯილდოების ცერემონიალზე კი, რომელიც რუსეთის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, იაძეს თასი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გადასცა და ხელიც ჩამოართვა. წითელი ნაჭერის როლიც ამან შეასრულა - ნაკრები მოსკოვიდან დაბრუნებულიც არ იყო, როცა დაირხა ხმები მისი გადაყენების შესახებ, ახლა კი მას თედიაშვილიც ზედ მიაყოლეს, რომელიც სახელისუფლებო წრეებისთვის ასევე მიუღებელი პერსონაა თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

ყრილობამ ფედერაციის პრეზიდენტად თემურ გიორგაძე აირჩია, რომელიც ქართული ჭიდაობის ფედერაციასაც ხელმძღვანელობს, პარალელურად კი სახელმწიფო სამსახურშიცაა - საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ზემოაღნიშნული ცვლილებები რეგლამენტის სრული დაცვით განხორციელდა, თუმცა იაძე არც უარჰყოფს, რომ მისი და თედიაშვილის გადადგომა სპორტის მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილის მოთხოვნა იყო. მისი თქმით, მინისტრს არაკაცებმა არასწორი ხმები მიუტანეს და მიზეზიც ეს იყო, თორემ მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ვარძელაშვილთან, ასევე - მის მოადგილეებთან. იაძე არ უარჰყოფს, რომ შეჯიბრებაზე წასვლის შესახებ ხელმძღვანელობა საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა, მაგრამ მიაჩნია, რომ ამის გამო გადაყენებას არ იმსახურებდა.

სამბოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი კი გაირკვა, მაგრამ ჯერჯერობით ისევ ღიად რჩება ნაკრების მთავარი მწვრთნელი საკითხი. როგორც ამბობენ, ამ პოსტსაც გიორგაძე შეითავსებს. იაძეს ეეჭვება, რომ ის ამდენი საქმის გაძღოლას ვერ შეძლებს და ამბობს, რომ გიორგაძე ძალიან კარგს იზამს, თუ მწვრთნელად ბადრი ჯანიაშვილს ან ემილ რაშს მიყვანს. შეგახსენებთ, რომ ორივე იაძის ფორმაციის სამწვრთნელო შტაბიდანაა - ჯანიაშვილი ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, რაში - ჭაბუკებისა.

თავად იაძე მზადაა, ნაკრებს რიგით ჯარისკაცად ემსახუროს, თუ ახალი ხელმძღვანელობა ამას მოისურვებს, მისი გეგმები კი ისევ საქართველოს უკავშირდება. ის სამუშაოდ უცხოეთში წასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ აქ გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას, მომავალში კი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე აპირებს კენჭისყრას. "ნაკრების უმეტესობა ჩემი გაზრდილია და ახლა მეტი დრო მექნება მათთან სამუშაოდ. ამდენად, იქნებ ჩემი გათავისუფლება კარგიც იყოს, კარიერას კი ფედერაციის პრეზიდენტის რანგში დავასრულებ" - განაცხადა იაძემ.

ალბათ, არავინ შეგვედავება იმაში, რომ საქართველოში სამბო დღევანდლამდე იაძემ მოიტანა. იმ ძნელბედობის წლებში, როცა სპორტისთვის არავის ეცალა, იაძეს მართლაც რკინის ქალამნები ეცვა და ხან შიმშილობით, ხანაც სხვა სახის აქტივობებით აღწევდა ტურნირებზე წასასვლელად საჭირო დაფინანსების მიღებას. მოსკოვში "პრეზიდენტის თასზე" ხელისუფლებამ ის არც შარშან გაუშვა, თუმცა მერე რუსებმა კინაღამ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა წაგვართვეს. სხვათა შორის, მაშინ ეს პრობლემაც იაძის მოსკოვში ჩასვლით მოგვარდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მაგარია! ამ ვარძელაშვილებმა და ვიღაცეებმა სხვა საქმე ვერ ნახეს? წავიდნენ და წავიდნენე, ჩამოართვეს და ჩამოართვეს, ჩინოვნიკების რა საქმეა? ეს სახელმწიფო კაპიტალიზმიც აღარ არის, ტოტალური ვარძელაშვილიზმია :(
buxuti
20:05 30-06-2011
0
მაგარი სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს ტედიაშვილს და იაძეს რომ გაუშვებს ვარძელაშვილი და გიორგაძეს დანიშნავს. ოლოლო თქვენ ქართველებო.
mamuka
23:12 30-06-2011
0

სიახლეები პოპულარული