ჭაბუკ ძიუდოისტთა შერჩევა გორიდან დაიწყო

AutoSharing Option
ძიუდოში პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონის, ანზორ ქიბროწაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი გორში უკვე მესამე წელიწადია, იმართება.

წლევანდელ შეჯიბრებასაც გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზმა უმასპინძლა. იასპარეზეს 1996-1997 წწ. დაბადებულმა ძიუდოისტებმა.

ამ ასაკის სპორტსმენები გაისად საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვან შეჯიბრებებში იასპარეზებენ. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შესარჩევად ეს იყო პირველი ასპარეზობა. შესაბამისად, ნაკრების მწვრთნელების - გია თენაძისა და გიორგი რევაზიშვილის მითითებით, ტურნირმა თბილისის ხუთი კლუბის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, გურჯაანის, მარტყოფის, მარნეულის, მცხეთის, დუშეთის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ზესტაფონის, მესტიის და გორის
ძიუდოს სკოლის აღზრდილები მოიზიდა.

იასპარეზეს გორში ამჟამად ერთობლივ წვრთნებზე მყოფმა ბაქოს კლუბის სპორტსმენებმაც. ქართველ ლიდერთაგან შეჯიბრებას მხოლოდ ტრავმის და ავადმყოფობის მიზეზით თუ გამოაკლდა რამდენიმე სპორტსმენი.

წლევანდელ ევროპის ჩემპიონატთან შედარებით ზოგიერთი ძიუდოისტი სხვა წონაში ასპარეზობდა, თუმცა მათი ნაწილი კონკურენტთა ახალ გარემოში ძველებურად კარგი შედეგით ვერ გამოირჩა. მაგალითად, ამჯერად 60 კგ-ში იჭიდავა ევროპის მესამე პრიზიორმა კასპელმა გიორგი კაციაშვილმა.

60 კგ-ში ევროპის ჩემპიონი, საგარეჯოელი კობა მჭედლიშვილი ამჯერად 66 კგ-ში ასპარეზობდა და აქაც საუკეთესო იყო. იგივე წონაში დარჩნენ და შიდა კონკურენციაში პირველობა არავის დაუთმეს კონტინენტის მეორე პრიზიორებმა, თბილისელმა ბექა ნათათრალიშვილმა (55) და ახმეტელმა დავით რამაზაშვილმა (90). შეჯიბრებას ეროვნული და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები სჯიდნენ.

"წლის ბოლომდე ანალოგიური ორი ტურნირი კახეთისა და დასავლეთ საქართველოს რომელიმე ქალაქში ჩატარდება. იქ ნაჩვენები შედეგებით მოხდება, სავარაუდოდ, თებერვალში გასამართ საქართველოს ჩემპიონატზე ფავორიტთა განთესვა.

ბოლოს კი რჩეულ ჭაბუკთა ნაკრები ანთალიის ტურნირზე საბოლოოდ დაკომპლექტდება და ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. გაისად გვიწევს აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატსა და ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე ასპარეზობა.

ამიტომ ვცდილობთ შევარჩიოთ საუკეთესოთა შორის საუკეთესონი და ამავე დროს, ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურები.

არაერთი ძიუდოისტის გამოსვლით დავრჩი კმაყოფილი. თუმცა გამარჯვებულები მხოლოდ ამ წარმატებით გუნდში ადგილს ვერ დაიჯავშნიან. მეორე და მესამე პრიზიორებმა თუ კვარცხლბეკის მიღმა დარჩენილებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათთვისაც ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის" - გვითხრა გია თენაძემ.

კვარცხლბეკი

50 კგ. 1. ნიკა ჭიკაიძე (ახმეტა) 2. ირაკლი კუპატაძე (საგარეჯო), 3. გიორგი მირუაშვილი და რობინზონ ბეგლარიშვილი (ორივე - გორი);
55 კგ. 1. ბექა ნათათრალიშვილი, 2. ზურაბ ონიანი, 3. ირაკლი ლიპარტელიანი და ალუდა ჩეკურიშვილი (ოთხივე - თბილისი);
60 კგ. 1. ზვიად ხუბულური (გორი), 2. გიორგი მეტრეველი (ხაშური), 3. იუსუფ ნაბიევი (ბაქო) და გიორგი კაციაშვილი (კასპი);
66 კგ. 1. კობა მჭედლიშვილი (საგარეჯო), 2. გიგა გიგაური (მარტყოფი), 3. დიმიტრი ცაბაძე და ჯემალ ბუჩუნტელი (ორივე - თბილისი);
73 კგ. 1. ზურა ლომიძე (ზესტაფონი), 2. გიგა ქევხიშვილი, 3. ლევან ბექაური (ორივე - თბილისი) და დათო იმერლიშვილი (ქარელი);
81 კგ. 1. გიორგი ქურდიანი (თბილისი), 2. იესო კვირიკაშვილი (გორი), 3. გიგა ტურაშვილი და ლაშა აბუაშვილი (ორივე - თბილისი);
90 კგ. 1. დავით რამაზაშვილი (ახმეტა), 2. გიორგი გველესიანი, 3. დავით ოზბეთელაშვილი (ორივე - თბილისი) და ლევან გლიხაშვილი (გორი);
+ 91 კგ. 1. მიხეილ ახალაური (ახმეტა), 2. გიორგი ძებისაშვილი (თბილისი), 3. გიორგი ფარადაშვილი (ქარელი) და თედო წოწიაშვილი (მცხეთა);

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული