გუშინ ქართული სამბოსთვის მართლაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი დღე იყო - გაიხსნა „ სამბოს სასახლე“, ანუ ამიერიდან ქართველ სამბისტებს საკუთარი ბაზა ექნებათ. სპორტის ამ სახეობის მიმდევართ ვაკეში ძიუდოს ყოფილი ცენტრალური დარბაზი გადაეცათ, რომელიც სამბისტებმა საკუთარი სახსრებით კეთილმოაწყვეს.
იქაურობას ძირითადად კოსმეტიკური რემონტი სჭირდებოდა, რადგან თავის დროზე ძიუდოისტებს ყველაფერი ჰქონდათ გაკეთებული. ოღონდ ეგაა, ბოლო რამდენიმე წელიწადი დარბაზი უპატრონოდ იყო მიტოვებული და ხელის შევლება სჭირდებოდა. მისი სარემონტო ფული სამბოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოჰყო - 50 ათასი დოლარი. ძირითადად ამ თანხით ჩაუტარდა კოსმეტიკური რემონტი მთლიან შენობას როგორც შიგნით,
როგორც ნაკრების ხელმძღვანელობა აცხადებს, გუნდი მომავალში იქ გაივლის შეკრებებს და სადმე წასვლა არ დასჭირდებათ ანუ ისედაც ღარიბი ფედერაცია ამით გზის ხარჯებს აირიდებს.
ახალი დარბაზი გუშინ საჭიდაო მუსიკის ჰანგებზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ცერემონიალს საქართველოს სამბოს ფედერაციისა და ნაკრების ხელძღვანელებთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, მისი მოადგილე გია გალდავა, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავიდ რუდმანი, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიორგაძე, ვეტერანი სამბისტები და საქართველოში სტუმრად მყოფი... მალის სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ესწრებოდნენ. აფრიკელი თავის ბიზნეს-საქმეებზეა თბილისში და ჩამოსვლისთანავე მოუძებნია აქაური სამბისტები.
გახსნის საზეიმო ცერემონიალისა და შამპანურით დალოცვის პარალელურად, ლეიბზე ნაკრების წევრები და მწვრთნელები მუშაობდნენ. ისინი სეზონის უმთავრესი სტარტებისთვის ემზადებიან, უპირველესად კი ევროპის ჩემპიონატებს უმიზნებენ, რომელიც ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში 14-18 აპრილს პრაღაში გაიმართება, უფროსებში - 12-16 მაისს სოფიაში. ბოლო წლებში სამბოსადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და გამოკეთდა, რასაც თუნდაც ამ დარბაზის გადაცემაც ადასტურებს. ამიტომ ზემდგომთადმი საყვედური მართლაც არ გვეთქმის, მაგრამ ამჯერად ევროპის ჩემპიონატისთვის ეროვნული ნაკრები მხოლოდ ერთ შეკრებას გაივლის, რაც ძალზე ცოტაა. სამბისტები შეკრებებით განებივრებულნი არასოდეს ყოფილან, მაგრამ გვეგონა, ბოლო წლების ტენდენცია წლეულსაც გაგრძელდებოდა...
ვლადიმერ ვარძელაშვილი: „სამბო სპორტის ძალიან პოპულარული სახეობაა საქართველოში, რომელშიც ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. თან მასში ქართული ჭიდაობის ბევრი ელემენტია. აქედან გამომდინარე, დიდი შანსი გვაქვს, ამ სახეობაში გვყავდეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები. სპორტის ასეთ მასობრივ სახეობას აქამდე საკუთარი ბაზა არ ჰქონდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს დარბაზი დაგვეთმო მათთვის. შენობას მცირე კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა და დღეიდან ეს მათი კუთვნილება იქნება. დარწმუნებული ვარ, აქ ბევრი ბავშვი ივლის და ვიმედოვნებ, წარმატებებიც გვექნება.“
ოლეგ იაძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ეს ცალსახად სასიხარულო და ბედნიერი ამბავია. ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ჩოხიანი ჭიდაობებისთვის სხვა დარბაზი არცაა, ესაა ერთადერთი, სადაც შეიძლება, ამ რაიონის მოსახლეობამ შვილები მოიყვანოს სავარჯიშოდ. ქართულ სამბოს 80 წლის არსებობის მანძილზე საკუთარი ბაზა არ ჰქონია. დარბაზი ჯერ სამინისტროს კუთვნილებაა, მაგრამ საბუთები მზადდება და ფედერაციას გადმოგვეცემა იჯარით. ამჟამინდელი რემონტი შესაძლებელი გახდა სამბოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოყოფილი თანხით. ამ დახმარებით შევძელით იმის გაკეთება, რაც სადღეისოდ მოესწრო დარბაზში.“
ქრისტეფორე ნინიაშვილი (საქართველოში სამბოს დამაარსებელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი): „ქართული სამბო ძლივს მოესწრო ასეთ კარგ დარბაზს. ჩვენს სამბისტებს ისედაც არ აკლდათ შედეგები, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ. სამბო ძალიან ახლოს დგას ქართულ ჭიდაობასთან და ყველა ცნობილი სამბისტი თუ ძიუდოისტი ქართულიდანაა მოსული. მე 33 წლის განმავლობაში ვიყავი საქართველოს სამბოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ამ პერიოდში ყოფილ საკავშირო პირველობებზე მხოლოდ ერთხელ ავიღეთ III ადგილი, თორემ სულ I-II ადგილებზე ვიყავით, 25 ოქროს მედალი მაქვს მოპოვებული. ამიტომ განსაკუთრებით მიხარია, ასეთი დარბაზი რომ გადაეცათ სამბისტებს.“
დავიდ რუდმანი: მსოფლიოს სამბოში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თქვენ არაერთი კარგი სპორტსმენი გყავთ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები. ახალი დარბაზის გახსნა ქართველ სამბისტებს სათანადოდ მომზადებაში და კიდევ უფრო დიდი წარმატებების მოპოვებაში დაეხმარება.“
.