სამბისტების მოსკოვური კვირეული

AutoSharing Option
დღეს ქართველი სამბისტები მოსკოვში, შულცის სახელობის საერთაშორისო ტურნირში ჩაებმებიან. ისინი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და მოსკოვში ორ შეჯიბრებაში გამოვლენ - შულცის მემორიალი ხვალ მთავრდება, 26-27 მარტს კი სამბოს დამაარსებელ ხარლამპიევის სახელობის მსოფლიოს სუპერთასი ტარდება.

ჩვენები ორივე ტურნირში ერთი და იმავე შემადგენლობით გამოვლენ: უშანგი კუზანაშვილი (57), ლევან ნახუცრიშვილი (68), ზურაბ ნოზაძე, კახა მამულაშვილი (74), ნიკოლოზ კუცია (82), მინდია ბოდაველი (90), მირიან პავლიაშვილი (100), ლევან მუქერია (+100).

ჩვენი ნაკრები მოსკოვში არასრული შემადგენლობით იასპარეზებს - 52 და 62-კილოგრამებში მონაწილე არ გვეყოლება. 52-ის ლიდერი აქამდე
მსოფლიოს ჩემპიონი კუზანაშვილი იყო, მაგრამ წლეულს მან წონა შეიცვალა და 57-ში გადავიდა. 52-ში სადღეისოდ ლიდერად დიმიტრი მულაძე მოიაზრება, რომელსაც ამჯერად ნეკნი სტკივა და ამიტომ არ მიჰყავთ. ტაქტიკური მოსაზრებით ასვენებენ საევროპო კანდიდატებსაც 62-ში, სადაც ოლეგ იაძეს დიდი არჩევანი აქვს - სახელოვანი ძიუდოისტი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ძიუდოში და სამბოში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი, სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტსმენი ნესტორ ხერგიანი ან მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი დავით სვიმონიშვილი. მწვრთნელებმა ამ ეტაპზე მათი გამოცდა საჭიროდ არ მიიჩნიეს.

საერთოდ, ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე ცნობილია, მაგრამ მწვრთნელები მათ ვინაობას ჯერ არ ასახელებენ. შესაბამისად, წარმოდგენილ შემადგენლობაში მოსკოვური პაექრობები ზოგისთვის მხოლოდ სასტარტო იქნება საევროპოდ მზადების გზაზე, ზოგიერთ წონაში კი ამას საკონკურენციო დატვირთვაც დაემატება - სოფიაში წამსვლელი გუნდი საბოლოოდ იქ გაირკვევა. თუმცა ამჯერად მოსკოვში რამდენიმე ახალგაზრდასაც ცდიან, რომლებიც თანატოლთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. სამწუხაროდ, უფულობის გამო სოფიაში წასვლამდე ჩვენი სამბისტები სხვა ტურნირებში ვეღარ გამოვლენ.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული