სამბისტების ტრადიციული წარმატება

AutoSharing Option
ქართველი სამბისტები, ტრადიციულად, დიდი წარმატებით გამოვიდნენ ახალგაზრდა და ჭაბუკ სპორტსმენთა ევროპის ჩემპიონატში, რომელიც გუშინ პრაღაში დამთავრდა.

სამწუხაროდ, სამბოს ევროპული, მსოფლიო თუ ცალკეული ეროვნული ფედერაციების არაოპერატიული მუშაობის გამო ზუსტი ცნობების მიღება შეუძლებელია - მაგალითად, გუშინდელი ჭიდაობების შესახებ ვერსად მოვიძიეთ ინფორმაცია. საბედნიეროდ, წინა სამი დღის შედეგები გვაახლეს და სასიხარულოა ჩვენებურთა წარმატება. განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა, რომლებმაც ჯამში ექვსი მედალი - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვეს.

ამ ასაკში ევროპის ჩემპიონები გუნდის დებიუტანტი ლევან ბერბერაშვილი (48) და თბილისში შარშან გამართული მსოფლიოს პირველობის ვერცხლის
მედალოსანი ზვიად კაპანაძე (68) გახდნენ. ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა გივი ნადარეიშვილმა ამჯერად ვერცხლი მოიპოვა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ წონაში წლეულს ამოინაცვლა. ბრინჯაოს მედლები ზედა წონების წარმომადგენლებმა მოიპოვეს - ლაშა ზურაბიანმა (82), გიორგი ნოზაძემ (90) და სლავა რეზესიძემ (+100).

წლეულს საგრძნობლად გადახალისებული ჭაბუკთა ნაკრების მონაგარი შედარებით მოკრძალებულია - თითო ოქრო და ბრინჯაო. აქ ჩემპიონი ბექა ტუღუში (65) გახდა, რომელიც საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებში გამოცდილია, მაგრამ ძიუდოში - ევროპის მესამე პრიზიორია. მისგან განსხვავებით, დებიუტანტია ბრინჯაოს მედალოსანი ვარლამ შალიკაშვილი (52).

საფინალო გზაზე ბერბერაშვილმა ბულგარელი დანიელ პარასკოვი დაამარცხა, ნახევარფინალში უკრაინელ ზაირ ზიიადინოვს აჯობა, ფინალში კი რუს არტურ ზაგორდჟიანს მოუგო.

მართალია, ამ წონაში სულ ექვსი მონაწილე გამოდიოდა, მაგრამ ბერბერაშვილიც აბსოლუტურად გამოუცდელია. ამდენად, დასაფასებელია, ფსიქოლოგიურ წნეხს რომ გაუძლო და თავისი წილი საქმე ბოლომდე შეასრულა. კაპანაძე, რომელიც ძიუდოშიც არანაკლები წარმატებით ჭიდაობს - ჭაბუკთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია, მასთან შედარებით ბევრად გამოცდილია. აქ ცოტა უფრო მეტი მონაწილე იყო - რვა სპორტსმენი, მაგრამ ჩვენებურმა ყველა დაბრკოლება იოლად გადალახა. ჯგუფში მან ჯერ მოლდოველი დმიტრი ბულაი დაჯაბნა, მერე კი მომავალ ბრინჯაოს პრიზიორს, ბელარუს დზიანის ანანჩიკსაც მოუგო. ფინალში მისი მეტოქეც რუსი იყო - არმენ ავაქიანი, თუმცა მორიგი ქართულ-რუსული დუელიც ჩვენებურმა მოიგო.

ფინალში მარცხის მიუხედავად, მაინც წარმატებულად უნდა შევაფასოთ ნადარეიშვილის გამოსვლა - ახალ წონაში ჭიდაობდა, რასაც ადაპტაციაც სჭირდება, თუმცა მან უამისოდაც იყოჩაღა. თან ეს ბიჭი უკვე მერამდენე წელიწადია, მუდამ მწვერვალზე ტრიალებს და სეზონს უმედლოდ არ ტოვებს. ფინალური ორთაბრძოლა მანაც რუსთან ჩაატარა - ვლადიმირ გლადკიხთან, მანამდე კი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორეში აზერბაიჯანელი კაზიმ ბაბაევი დაჯაბნა, რომელიც საბოლოოდ მესამეზე გავიდა.

ჩვენი ბრინჯაოს მედალოსანთა ტრიო ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია ამ ნაკრებში. სამივე ძიუდოისტია, თუმცა იმ ორისგან განსხვავებით, რეზესიძე ძირითადად სამბოში ჭიდაობს და წარმატებებიც მოეპოვება. ამ სამეულიდან ყველაზე უფრო გამოუცდელი მაინც ზურაბიანზე ითქმის, რომელიც ახლა იწყებს კარიერას. მან ჯგუფში ორი ორთაბრძოლა მოიგო - გერმანელ გირტს კოტანსთან და ფრანგ ფაბიენ მუჟესთან, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ აზარ აგაევთან წააგო.

ამის შემდეგ ის პირდაპირ დამამშვიდებლის ფინალში გადავიდა, სადაც ბელარუს ალექსეი კუშნირს მოუგო და ბრინჯაოს დაეუფლა. ნოზაძე შარშან ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, წლეულს კი სამბისტთა ტურნირებშიც კარგად გამოვიდა. პრაღაში მისმა გზამ კვარცხლბეკისკენ კი ლამის მთლიანად სანუგეშო წრეზე გადაიარა - ჯგუფში პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მომავალ ჩემპიონთან, რუს რუსლან კისელევთან წააგო და დამამშვიდებელში გადავიდა, სადაც აზერბაიჯანელ სეიმურ გეიდაროვს მოუგო. რეზესიძე ახალგაზრდებში წლეულს გადმოვიდა ჭაბუკებიდან, სადაც ზედიზედ ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. აქ სულ ხუთი მონაწილე გამოდიოდა და ბრინჯაოს მოსაპოვებლად ბევრი ბრძოლა არც რეზესიძეს დასჭირვებია - თავიდან უკრაინელ რუსტამ აგაევს აჯობა, მაგრამ მერე მომავალ ჩემპიონთან, ბელარუს დზიანის პარხომუკთან დამარცხდა და ბრინჯაო ავტომატურად გადაეცა.

გუშინდლამდე ახალგაზრდული ნაკრებიდან უმედლოდ მხოლოდ დებიუტანტი ივანე გოგიაშვილი (62) დარჩა, თუმცა მედლისთვის მანაც იჭიდავა. ის ძირითად ბადეს ბელარუს ვეა ტუტხალიანთან მარცხით დაემშვიდობა. ეს სამბისტ-ძიუდოისტი შარშან თბილისში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობიდანაც გვახსოვს - ჩემპიონი გახდა და ახლაც ოქრო მოიპოვა. მისმა წარმატებამ დამამშვიდებელში გადასვლის საშუალება გოგიაშვილსაც მისცა, სადაც აზერბაიჯანელ ორხან ალახვერდიევს კი აჯობა, მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უკრაინელ ნიკიტა ვოიტიუკთან ვერაფერს გახდა და მეხუთეზე დარჩა.

ჭაბუკთა ტურნირში გამარჯვებულმა ბექა ტუღუშმა ფინალში რუს აივენგო შაბიევს მოუგო. ეს დაღესტნელი ბიჭიც ძიუდოისტია და ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონის ტიტულსაც ფლობს, ტუღუშმა კი მასთან შეხვედრამდე ორჯერ იმარჯვა (პირველ წრეში ისვენებდა), ფრანგ მაქსიმ ჰარუდთან და ბელარუს ვადიმ მიკულსკისთან. შალიკაშვილმა ტურნირი ბულგარელ ჰრისტო გეორგიევთან მოგებით დაიწყო, მაგრამ დამარცხდა მომავალ ფინალისტთან, სომეხ რაზმიკ პეტოიანთან, სანუგეშოში კი აზერბაიჯანელ ნასიმი უმბაიევს აჯობა. ჩვენი გუნდიდან ბრინჯაოსთვის თამაზ ზურაბიშვილმა (75) და კობა ეგუტიძემაც (+87) იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ, დავით გუჯეჯიანი (48), ლუკა ჯაში (60) და რევაზ წულუკიძე (81) კი მეშვიდე ადგილზე გავიდნენ.

ქალთა ტურნირში მსოფლიოს შარშანდელმა ბრინჯაოს მედალოსანმა დარინა აბულაძემაც (48) იჭიდავა, მაგრამ მომავალ ჩემპიონთან, რუს ანა გორელიკოვთან წააგო. ამის მერე მაინც რჩებოდა ბრინჯაოს მოპოვების შანსი, მაგრამ ამჯერად უკრაინელ ოლენა კუნუცკასთან დათმო. გუშინვე გოგოებიდან შორენა შარაძესაც (64) უნდა ეჭიდავა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული